საქართველოსთან ერთად შვედეთის, ავსტრიის, ლიეტუვას, ისლანდიის, კანადის, საბერძნეთის, ლატვიის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების, ევროპის ტერმინოლოგიური ასოციაციისა (EAFT) და ტერმინოლოგიის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის (Infoterm) წარმომადგენლები მონაწილეობენ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ლექსიკონების განყოფილება, რომელიც საქართველოს უძველესი ტერმინოლოგიური ცენტრია.
ცენტრი, ერთი მხრივ, განაგრძობს ტრადიციულ ქართულ ტერმინოლოგიურ პრაქტიკულ თუ თეორიულ მუშაობას და, მეორე მხრივ, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპის ტერმინოლოგიურ საზოგადოებებთან. ციფრულ ეპოქაში ქართული ენის ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტერმინოლოგიურ ბაზებსა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას.
კონფერენციის, დარგის განვითარების მნიშვნელობაზე, მის აქტუალობასა და თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნანა მაჭავარიანმა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს უნივერსიტეტში. ტერმინოლოგიის სფეროში მომუშავე ცნობილი სპეციალისტები და ინსტიტუციები ერთმანეთს ვუზიარებთ სიახლეებს, ვსაუბრობთ გამოწვევებსა და მიღწევებზე, რომელიც არსებობდა და არსებობს ჩვენს პროფესიაში,“ – განაცხადა ნანა მაჭავარიანმა.
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ლექსიკონების განყოფილება ათ წელზე მეტია მართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ტერმინოლოგიურ კონფერენციებს. 2014 წელს შეიქმნა „ტერმინოლოგიის საკითხები“, ხოლო 2014 წლიდან განყოფილებაში იქმნება ქართული ტერმინოლოგიური ბაზა – ქართული ტერმინთბანკი.
კონფერენციის მნიშვნელობაზე, ენათმეცნიერების ინსტიტუტის საქმიანობაზე ისაუბრა კონფერენციაზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დარეჯან თვალთვაძემ: „ყველაფერი, რაც ძველია და ქმნის დარგის ისტორიას, არის ძალიან ღირებული და ძვირფასი, თუმცა, უმნიშვნელოვანესია განვითარება, თანამედროვე სტანდარტებსა და მიღწევებზე მორგება, ახალი სიტყვის თქმა მეცნიერებაში. ამ თვალსაზრისით აუცილებელია მსგავსი კონფერენციების გამართვა და გამოცდილების გაზიარება.“
ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა, ჰენრიკ ნილსონმა აღნიშნა ის წინსვლა, რომელიც შეინიშნება ქართული ტერმინოლოგიის განვითარებაში. კონფერენციის ფარგლებში, მან წაიკითხა საჯარო ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ძალისხმევით ქართულად ითარგმნა ტერმინოლოგიის თანამედროვე სტანდარტები, ასევე იუნესკოს მიერ მომზადებული „ტერმინოლოგიური მართვის სახელმძღვანელო“.
ქართული ტერმინოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კონფერენციაზე ინსტიტუტის თანამშრომლები – მარინა ოსაძე და ნათელა მუზაშვილი – დააჯილდოვეს.