9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

„ტარდება ერთკანდიდატიანი არჩევნები“

spot_img

თითქმის 3 საათია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საბჭო რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთადერთი კანდიდატის, ჯაბა სამუშიას „დანიშვნის“ საკითხზე მსჯელობს,  რადგან ძნელია, ამ პროცესს არჩევნები ეწოდოს, ჯაბა სამუშია ერთადერთი, უკონკურენტო კანდიდატია. სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტში არჩევნები კი არ იმართება, მმართველი პარტია შარვაშიძის შემცვლელს უბრალოდ ნიშნავს. არადა, უკვე თვეებია,  სტუდენტები გამჭვირვალე არჩევნებს ითხოვენ.

„არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს“ – ამ შეძახილების ფონზე აპროტესტებენ სტუდენტები უსამართლო არჩევნებს. დილიდან პიკეტირებულია 107-ე აუდიტორია, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სიმბოლური არჩევნები მიმდინარეობს. ახალგაზრდებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს არჩევნები, შეიცვალოს არჩევნების ჩატარების წესი და შესრულდეს ის მოთხოვნები, რაც მათ აქამდეც ჰქონდათ.

საბა ქერქაძე, სტუდენტი, „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენელი: „უნივერსიტეტში გაუგონარი უსამართლობა ხდება იმიტომ, რომ დღეს დილიდან აქ სრულიად არალეგიტიმურად მობილიზდა აკადემიური საბჭო და გადაწყვიტეს, რომ ერთადერთი კანდიდატი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის ვაკანსიაზე არის, დანიშნონ და შესაბამისად, ამ პროცესიდან გამოთიშონ სტუდენტები. ამ ადამიანებს არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ, თვეებია, სტუდენტებთან, უკვე 6 თვეზე მეტია ჩვენი მოძრაობა აკრიტიკებს უნივერსიტეტში და ზოგადად, სახელმწიფოში შექმნილ უსამართლობას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებიც სტუდენტებს აქვთ და ა.შ. ამ ადამიანებს არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და დღეს აქ მოდიან და რაღაც დემოკრატიულ სპექტაკლს გვიდგამენ, გვეუბნებიან, რომ ერთადერთი კანდიდატი თითქოს უნდა აირჩიონ. რეალურად აქ არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფაკულტეტიდან გამოაგზავნეს იმისთვის, რომ ის დაკვეთები შეასრულონ, რაც სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ხელისუფლებას ჰქონდა უნივერსიტეტში და ეს გავლენები დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა. დღეს უნივერსიტეტში ტოტალური უსამართლობაა. უთანასწორო პირობებია შექმნილი და შესაბამისად, სტუდენტებმა ამ პრობლემების საწინააღმდეგოდ ავიმაღლეთ ხმა, ჩვენ არ მივცემთ უფლებას, რომ ამ ადამიანებმა მოჩვენებითი პროცესი გააგრძელონ და ეს არჩევნები ლეგიტიმურად გამოაცხადონ.“

სტუდენტები ამბობენ, რომ უსამართლობაა, როდესაც მხოლოდ ერთი კანდიდატია და ამ ერთ კანდიდატს ირჩევს მხოლოდ 38-კაციანი საბჭო და არა მთლიანად სამეცნიერო კორპუსი უნივერსიტეტში, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის, თუ რა საჭიროებებია უნივერსიტეტში, რა სჭირდებათ სტუდენტებს, რა მიზნები აქვს, ზოგადად, მეცნიერებას ამ ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს უნივერსიტეტმა, რომ ჩაებას იმ სოციალურ ცხოვრებაში, რომელიც დღეს, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ელიტას აქვს შექმნილი. სტუდენტები ამბობენ, რომ უთანასწორო სისტემური გარემო, რომელიც უნივერსიტეტშია შექმნილი, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გააგრძელონ მშვიდად გააგრძელონ სასწავლო პროცესი.

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“, უკვე ნახევარი წელია, აპროტესტებს უნივერსიტეტში არსებულ უსამართლო სისტემას, რაც ბევრ საკითხს მოიაზრებს. სხვა მოთხოვნებთან ერთად, ახალგაზრდები რექტორის არჩევნების წესის ცვლილებასა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენებას ითხოვენ. ამბობენ, რომ „ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირშია – უნივერსიტეტს რომ ჰყავდეს ნორმალური რექტორი, ნორმალური აკადემიური საბჭო, სტუდენტებს 6 თვის განმავლობაში არ დასჭირდებოდათ ხვეწნა-მუდარა მათ მოსაგვარებლად.“

უნივერსიტეტში დილიდან მობილიზებული იყვნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც დაუპირისპირდნენ სტუდენტებს და არ მისცეს საშუალება, გასაუბრებოდნენ ლექტორებს, გაეგოთ მათი პოზიცია და არც იმ აუდიტორიაში შეუშვეს, სადაც ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ ტარდება.

ჯერჯერობით უკონკურენტო კანდიდატი  არ გამოჩენილა. სტუდენტები ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქციების ფონზე, დღეს, ვერც მოვა უნივერსიტეტში.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები