გულნარა ჟღენტი
სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუა ამაღლების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
როგორც ვიცით, სწავლების უნივერსალური დიზაინი გულისხმობს ისეთი გაკვეთილების, მასალებისა და რესურსების შექმნა/მომზადებასა და საგანმანათლებლო გარემოს იმ სახით ორგანიზებას, რომ ითვალისწინებდეს ყველა მოსწავლის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების, განსხვავებულ სწავლის სტილს.
სწავლა-სწავლების პროცესი რომ საინტერესო, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყოს, მასწავლებელმა, მიზნის მისაღწევად, გაკვეთილი უნდა დაგეგმოს და წარმართოს მრავალფეროვანი გზით.
მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ძალიან ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიებს, დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე აუცილებელიც კი არის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, რადგანაც ყველა მზაობის ბავშვი დაინტერესებულია ამ მიმართულებით.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა ავხსენი და შევისწავლეთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია ადამიანი?!“, მაინტერესებდა, რამდენად გაიგეს ბავშვებმა ნაწარმოების მთავარი პრობლემა და ჩავატარე პრესკონფერენცია თემაზე: „თათქარიძეობა გუშინ, დღეს და ხვალ“. გავითვალისწინე რა ვიზუალური და სმენითი კომუნიკატორები, პირველ რიგში, პრობლემის წარმოჩენის მიზნით, ვაჩვენე ნაწყვეტი კინოფილმიდან – ლუარსაბის სახლ-კარის აღწერა და პერსონაჟების ცრუსაქმიანობა (მოახლეთა დაწიოკება), რამაც მოსწავლეებში, ირონიასთან ერთად, გამოიწვია ემოცია და რაც მთავარია, მათ დაანახა პრობლემის არსი, თუ რა იყო ლუარსაბობის მიზეზი გუშინ, რამდენად აქტუალურია იგი დღეს და პრობლემის გადაჭრის რა გზები უნდა დაისახოს სამომავლოდ.
მოვიყვანე ანდაზა, რომელიც წამძღვარებული აქვს ნაწარმოებს: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ – ეს იყო სანდოობა ილიას განზრახვიდან, თუ რატომ გამოააშკარავა ქართველ თავადთა მანკიერი მხარეები. გამოვიყენე „დისკუსია“, რომელიც მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარებს და შეკითხვაზე – რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა დღეს და რა იქნება ხვალ? – მოსწავლეებმა ლოგიკურად იმსჯელეს, როლური თამაშით წარმოაჩინეს, როგორც მე-19 საუკუნის, ასევე დღევანდელი ლუარსაბები, რომლებიც ემიგრანტი მეუღლეების ხარჯზე ლუდის სმითა და დომინოს თამაშით არიან დაკავებულები და იმსჯელეს იმ ვერსიებზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ, რომ მსგავსი მანკიერი მხარეები აღმოიფხვრას.
ხოლო მე-4 კლასში, როცა შევისწავლეთ გიორგი შატბერაშვილის მოთხრობა, „მერცხლის ბუდე“, მოსწავლეებს შევთავაზე, ტექნოლოგიებთან ინტეგრირებით, ანიმაცია-კომიქსის შექმნა. რაც მათ კვლევა-ძიებისა და შემოქმედებით უნარებს განუვითარებდა.
პირველ რიგში, ინტერნეტიდან ანიმაციური ფოტოების, მუსიკისა და მერცხლის ჭიკჭიკის მოძიება და გადმოწერა ვასწავლე, შემდეგ ფოტოების PowerPoint-ში განთავსება და მოძრავი ფოტოების გადაადგილება, მუსიკისა და ხმის დადება, ასევე, პროგრამაში ღრუბლების ჩასმა, სადაც ჩაწერდნენ პერსონაჟთა სიტყვებს, ბოლოს კი PowerPoint-ის ვიდეოდ გადაკეთება.
მართალია ყოველივე ეს შრომატევადი იყო, მაგრამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიჩინეს ბავშვებმა, რომ დაღლას საერთოს ვერ გრძნობდნენ და შედეგითაც კმაყოფილნი იყვნენ. დასახულ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეები იმანაც გააბედნიერა, მათი შექმნილი პროდუქტი youtube.com-ზე და სკოლის სოციალურ ქსელში რომ განვათავსე.
შედეგი გახდა მიღწევადი, ყველა მზაობის ბავშვისთვის ინფორმაცია გასაგები და საინტერესო იყო, შეძენილი ცოდნა სხვადასხვა გზით გამოხატეს და რაც მთავარია, მოსწავლეები ინტერესით იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ვფიქრობ, რომ უნივერსალური დიზაინის სამივე პრინციპი – ინფორმაციის მიწოდება, გამოხატვა და ჩართულობა – იქნა გამოყენებული საგაკვეთილო პროცესში.