27 ივლისი, შაბათი, 2024

სწავლების უნივერსალური დიზაინის შვიდი ფუნდამენტური კრიტერიუმი

spot_img

თამთა იაშაღაშვილი

სსიპ ქ. თბილისის 213-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

სწავლების უნივერსალური დიზაინი ეფუძნება ისეთი სასწავლო პროცესის შექმნას, რომელიც ითვალისწინებს ყველა მოსწავლის განსხვავებულ სწავლის სტილს მათი ინდივიდუალური თავისებურებების თვალსაზრისით. ის მორგებულია როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე, ისე ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეებზე. მისი მთავარი მიზანია, სარგებელი მოუტანოს ყველა მოსწავლეს, განურჩევლად მისი კოგნიტური უნარებისა.

სწავლების უნივერსალური დიზაინი სათავეს იღებს არქიტექტურიდან. ის პირველად ინგლისელმა არქიტექტორმა რონალდ მეისმა გამოიყენა ყველასათვის ხელმისაწვდომი შენობის სტრუქტურის აღსაწერად და სწორედ ამ პრინციპით მოიკიდა შემდგომ ფეხი სასწავლო გარემოშიც.

სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისას საჭიროა გამოვიყენოთ სწავლების უნივერსალური დიზაინის შვიდი ფუნდამენტური კრიტერიუმი:

სამართლიანობა – სამართლიანი სასკოლო გარემო, რომელიც ითვალისწინებს ხელმისაწვდომი და თანაბარი პირობების შექმნას ყველა ბავშვისთვის;

სიმარტივე – მოსწავლის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიუხედავად, გასაგები და მარტივად გამოსაყენებელი სასწავლო რესურსების გამოყენება;

მოქნილობა – გულისხმობს სწავლების მრავალფეროვანი და მოქნილი საშუალებების გამოყენებას; ისეთი საგანმანათლებლო რესურსების  შექმნას, რომლის გამოყენებას მარტივად შეძლებენ სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეები;

საკმარისი/შესაბამისი ზომა და სივრცე – ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სივრცის ხელმისაწვდომობა რესურსებისა და სხვა აღჭურვილობის კუთხით;

შეცდომებისადმი ტოლერანტობა – მასწავლებელს უნდა ჰქონდეს იმის მზაობა, რომ მოსწავლემ , შესაძლოა, ცოდნის დაუფლების პროცესში დაუშვას არაერთი შეცდომა. ამ შემთხვევაში მასწავლებლის მიდგომა მოსწავლისადმი უნდა იყოს აუცილებლად მშვიდი და ტოლერანტული. რასაკვირველია, უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და კონსტრუქციული, რომელიც იქნება ორიენტირებული შეცდომის უმტკივნეულოდ გამოსწორებაზე;

მინიმანლური ფიზიკური ძალისხმევა – იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის არ გახდეს დამღლელი და მოსაწყენი, სწავლა-სწავლება უნდა მიმდინარეობდეს კომფორტულად გამოსაყენებელი რესურსებით, მინიმალური ფიზიკური ძალის დახარჯვით;

მკაფიო და გასაგები კომუნიკაცია – სწავლა-სწავლების პროცესის ნაყოფიერად წარმართვისათვის უპირობოდ მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციის წარმოება მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის. მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ცოდნა მიიტანოს მოსწავლეებამდე რაც შეიძლება გასაგები ენით, მარტივი ლექსიკით, რათა გაუადვილდეთ მოსწავლეებს ცოდნის დაუფლება.

რა თქმა უნდა, სწავლების უნივერსალური დიზაინის დანერგვა არ არის მარტივად მისაღწევი პროცესი და მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, თუმცა, მიმაჩნია, რომ ასეთი სასწავლო გარემოს შექმნა საოცნებო და სასურველია ყველა მასწავლებლისთვის. სწავლების უნივერსალური დიზაინის შვიდი ფუნდამენტური კრიტერიუმის გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილი ერთმნიშვნელოვნად საინტერესო და ნაყოფიერი იქნება ნებისმიერი მოსწავლისთვის.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები