27 ივლისი, შაბათი, 2024

სწავლების უნივერსალური დიზაინის სამი პრინციპი

spot_img

ზაზა შულაია
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

ტერმინი „უნივერსალური დიზაინი“, ხელმისაწვდომი მოხმარების პროდუქტებისა თუ გარემოს პროექტირების დასახასიათებლად, პირველად ინგლისელმა არქიტექტორმა, რონალდ მეისმა გამოიყენა. განათლების სისტემაში უნივერსალური დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ მოსწავლის საჭიროებებზე სრულად მორგებულ შენობა-ნაგებობას. აქ მისი მნიშვნელობა იმდენად ფართოა, რომ სასურველისა და იდეალისტურის დიაპაზონში მერყეობს. სწავლა-სწავლების პროცესში უნივერსალური დიზაინი ძნელად მისაღწევია და უკიდურესად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ის უკიდეგანო სივრცეს უტოვებს მასწავლებელს, გასაქანი მისცეს თავის ფანტაზიას, რათა დაძლიოს სირთულეები და, შედეგად, მეტი სარგებელი მოუტანოს მოსწავლებს.

ზოგადად, უნივერსალური დიზაინი ნიშნავს ისეთი შენობის, გარემოს შექმნას, რომლის გამოყენებისათვის არ არის აუცილებელი სპეციალური ადაპტირება; სწავლების პროცესში უნივერსალური დიზაინი არის მიდგომა, რომლის მიზანი მულტიმოდალური სასწავლო გარემოს ფორმირება, მოქნილი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა და, საბოლოოდ, მოსწავლეების წინაშე არსებული შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრაა.

უნდა შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს მოსწავლე საჭიროებების გარეშე. ცხადია, ეს საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს, რაც სწავლების უნივერსალური დიზაინით მიიღწევა. სწავლების პროცესისადმი ეს მიდგომა ყველა მოსწავლისათვის, მიუხედავად მათი საჭიროებებისა და მათ შორის განსხვავებებისა, ქმნის სწავლის თანაბარ პირობებს; უნივერსალური დიზაინი გულისხმობს ყველა მოსწავლისათვის რელევანტურ სასწავლო მეთოდებს, მასალას და შეფასების სისტემას; მოქნილს ხდის გაკვეთილს და მასწავლებელს აძლევს საშუალებას, მოსწავლეთა მრავალფეროვან ჯგუფს შედეგიანად აუხსნას მასალა; მოსწავლეებს ხელს უწყობს, მიღებული ცოდნის დემონსტრირება მოახდინონ განსხავავებული ფორმითა და საშუალებებით.

სასწავლო პროცესში უნივერსალური დიზაინი ეფუძნება სამ სახელმძღვანელო პრინციპს:

  • სასწავლო მასალის მრავალნაირად მიწოდების, რეპრეზენტაციის უზრუნველყოფა

ეს არის სწავლისა და სწავლების იმგვარი ხედვა, რომელიც გულისხმობს ყველა მოსწავლისათვის წარმატების თანაბარი შესაძლებლობების მიცემას. ამგვარი მიდგომისას, სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, მოსწავლისათვის მისაწვდომი ხდება სასწავლო მასალა, შინაარსი და მეთოდები. ინფორმაციისა და შინაარსის წარდგენის გზების მრავალგვარობა უზრუნველყოფს, ინფორმაციის აღქმა, გაგება და გადამუშავება მოხდეს ეფექტურად;

  • მოქმედების, აქტივობისა და გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებების უზრუნველყოფა

ეს მიდგომა მოქნილს ხდის მოსწავლეებისათვის მასალის მიწოდების, მათ მიერ მასალაზე მუშაობისა და საკუთარი ცოდნის დემონსტრირების ფორმებს;

  • საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, მოტივირების მრავალნაირი საშუალებების უზრუნველყოფა

ამგვარი მიდგომით დაგეგმილი სასწავლო პროცესი ხელსაყრელია ყველა მოსწავლისათვის, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც განსხვავებულად სწავლობენ და ფიქრობენ.

როგორც უკვე აღვნიშნე, სასწავლო პროცესში უნივერსალური დიზაინი ძნელად მისაღწევია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის, რაც დღეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საოცნებო გვაქვს უნივერსალური დიზაინის მხრივ, უახლოეს მომავალში სწავლა-სწავლების პროცესის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი გახდება.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები