27 ივლისი, შაბათი, 2024

სწავლების უნივერსალური დიზაინი და საოცნებო სკოლის იდეა

spot_img

მარინა მაისურაძე-კახაბრიშვილი
თელავის N7 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

დიზაინი საგნობრივი გარემოს შესაქმნელად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის ეხმარება ადმიანებს, ფიზიკურად ხელმისაწვდომი იყოს გარემო და სასიამოვნო გახადოს სასწავლო პროცესი.

შეუძლებელია, ერთ კონკრეტულ თარგზე გამოჭრილი მიდგომა მიუსადაგო ყველა მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. სწავლების უნივერსალური დიზაინი კი, რომელიც გულისხმობს მრავალფეროვანი გზების გამოყენებას, ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, მათ შესაძლებლობებსა და ხელმისაწვდომობას, აკომოდაციის გამოყენებით ყველას აძლევს სწავლის შესაძლებლობას, მათ შორის, სირთულეების მქონე მოსწავლეებსაც. სასწავლო პროცესს, რომლის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია უნივერსალური დიზაინის შვიდივე კრიტერიუმი:

♦ სამართლიანობა;

♦ სიმარტივე;

♦ მოქნილობა;

♦ საკმარისი შესაბამისი ზომა და სივრცე;

♦ შეცდომებისადმი ტოლერანტობა;

♦ მინიმალური ფიზიკური ძალისხმევა;

♦ მკაფიო და გასაგები კომუნიკაცია.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებას წარმატება მოაქვს თითოეული მოსწავლისთვის.

უნივერსალური დიზაინის პრინციპებით მოწყობილი სკოლა ფუფუნებაა, მაგრამ რეალობა. ჩემი სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ამ უნიკალურ პრინციპს აკმაყოფილებს. სასკოლო ტრანსპორტს „ცოდნის ტაძარში“ ერთად მივყავართ მოსწავლეები და მასწავლებელი. პირდაპირ სპორტულ დარბაზში შევდივართ. აქ უკვე გველოდება ინსტრუქტორი, საინტერესო და სახალისო დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით. ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვა ხომ ყოველგვარი კეთილდღეობის საწინდარია.

ვსაუზმობთ. ერთმანეთს სიყვარულით ვუღიმით, წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს ვუსურვებთ. ახლა საკლასო სივრცეში უნდა გადავინაცვლოთ. კიბეებზე ასვლას ლიფტით სარგებლობას ვამჯობინებთ, რადგან ჩვენი საკლასო ოთახი მეოთხე სართულზე მდებარეობს. ფართო, ნათელი ოთახი სასწავლო მასალითა და თვალსაჩინოებებითაა დახუნძლული, კომპიუტერული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. ღილაკზე ერთი დაწკაპებით ვრთავ კედელზე დამონტაჟებულ მონიტორს. მოსწავლეებს იმ დღის გეგმას წარვუდგენ, ვაცნობ გაკვეთილის მიზნებს და ამოცანებს, რომელიც წინა დღეს მოვამზადე.ისინი ბედნიერები არიან, რადგან ბევრი ისეთი აქტივობა შენიშნეს, რომელიც უყვართ და ახალისებთ. საკლასო სივრცეში მათთვის საგანგებოდ მოწყობილ კომფორტულ ადგილებს იკავებენ და იწყება გაკვეთილი, რომელსაც სტანდარტული ჩარჩოები არ გააჩნია. მასალა სწავლის ყველა სტილის შემსწავლელზეა მორგებული. რამდენიმე მოსწავლე ტექსტს წიგნში ეცნობა, ზოგიერთს ყურსასმენები გაუკეთებია და თან ოთახში მიდი-მოდის, ზოგნი ილუსტრაციებს და პლაკატს ეცნობიან, დანარჩენები ასაწყობ მასალას დასტრიალებენ. მალე ლაბორატორიაში გადავინაცვლებთ და მათ თვალწინ, მათივე თანამონაწილეობით, დაიბადება აღმოჩენები, გაიმართება მსჯელობა და ყველა დააფიქსირებს საკუთარ აზრს, რადგან არავის ეშინია შეცდომის დაშვების.

სადილის შემდეგ, ყველანი ჩვენი სკოლის ულამაზეს ბაღში გავდივართ დასასვენებლად და განსატვირთად. მოსწავლეებს ახარებთ, რომ მათ მიერ დარგული მცენარეები ალამაზებს სკოლის ეზოს. კიდევ უფრო ნათელ მიზნებს ისახავენ. დასვენების შემდეგ, საცურაო აუზებს, კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნებს მიაშურებენ. როლური თამაშის მოყვარულები სცენაზე ადიან და პერსონაჟებს განასახიერებენ. თვითონ ინაწილებენ როლებს და სხვის განცდებს ემოციურად გადმოსცემენ.

გაკვეთილების ბოლოს, კოლეგები ერთად ვიკრიბებით. დღის წარმატებებსა და გამოწვევებს ვუზიარებთ ერთმანეთს. პროფესიული დახმარება და რჩევა წინსვლის აუცილებელი კომპონენტია. გუნდური მუშაობა კი სასწავლო მიზნების მისაღწევი ამოცანების მრავალმხრივი განსჯის საშუალება.

საღამოს ისევ ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვბრუნდები. გონებაში ვაანალიზებ ყველაფერს: რა სასიამოვნო იყო დღევანდელი დღე. ჩემი ჩანაწერების დღიურშიკიდევ ერთ წარმატებულ დღეს ჩავნიშნავ. თითოეული დღის წარმატება ხომ საბოლოო გამარჯვებამდე მიმიყვანს. თვითკმაყოფილებას განვიცდი.

– ნუთუ შევძელი, ხომ არ ვაჭარბებ?

– ნამდვილად არა!

დღეს სასწავლო პროცესისგან თითოეულმა მოსწავლემ, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური სარგებელი მიიღო. ამაში უნივერსალური დიზაინის პრინციპების მიხედვით ორგანიზებული სასწავლო პროცესი და ამავე პრინციპით მოწყობილი სასკოლო და საკლასო გარემო დამეხმარა. ჩემი სარგებელი კი მომავალი დღის გეგმებს კვებავს.

მასწავლებლის ოცნებებს საზღვრებს ვერ დაუწესებ!

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები