ლალი მაჩაიძე
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. კართუბნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი
მოსწავლეებში სწავლის პროცესების ინიცირება და ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამოცანაა, ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანაც! მასწავლებელთა მოსაზრებები და იდეები სასწავლო პროცესის დაგეგმვის ხერხემალს ქმნის. იმის განსაზღვრა და გაანალიზება, თუ რა არის მოსწავლისთვის, ინდივიდუალურად, საუკეთესო საშუალება სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, საკმაო დროს მოითხოვს და ხშირად რთული ამოცანაა. ის, ვინც საკმარის დროსა და ძალისხმევას უთმობს ამ საკითხზე ფიქრს და საკუთარ მოსწავლეებთან განხილვას, საბოლოოდ აფასებს საკუთარ გამოცდილებას და ამ სფეროში ექსპერტის ფუნქციას იძენს. სწავლის პროცესები კომპლექსურია, მათ სრულყოფასა და წარმატებით განხორციელებას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს.
სტატიის თემაა სწავლა-სწავლების პროცესის მოსწავლისეული ხედვა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, ცნობიერი ჩართულობის გარეშე, ავტომატურად, მაგალითად: მშობლიური ენა თითოეულმა ჩვენგანმა სკოლაში მისვლამდე ისწავლა, ასევე, ქსოვა, ქარგვა… ეს „ყოფითი“ სწავლაა. ეს პროცესი ჩვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ ამ ფორმით რაიმეს შესწავლას დიდი დრო სჭირდება. თემის გამოკვეთა მოსწავლესთან დასმულ კითხვებზე გულახდილად გაცემულმა პასუხებმა განაპირობა.
სტატია ეფუძნება მოსწავლის ინტერვიუს. რესპონდენტი მეთორმეტე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგანში 10 ქულა აქვს, მისი პასუხებიდან ჩანს, რომ სწავლების პროცესზე მისეული ხედვა არა მარტო მისთვის, არამედ, ზოგადად, პრობლემურია. ინტერვიუს შედეგად იდენტიფიცირებულია შემდეგი საკითხები:
♦ მასწავლებლებმა გააცნონ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის „საბოლოო პროდუქტი“, რაც გულისხმობს ზოგადი პრინციპების ახსნით და არა ნაწილებით სწავლების მეთოდს. ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ „საბოლოო პროდუქტის“ ჩვენება ძალიან ჰგავს გაკვეთილის შესავალ ნაწილს, როცა მასწავლებელი ახსნას იწყებს თემის შედეგის – საბოლოო პროდუქტის ჩვენებით, ყოფითი სწავლება კი სწორედ „საბოლოო პროდუქტის“ დანახვის პირობებში ხდება.
კითხვაზე – „რა არის შენთვის რთული სწავლის პროცესში“ – მოსწავლის პასუხია:
„ყველაზე ნაკლებად მიყვარს ისტორია და ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიცოდე. ზოგადად, რთული იყო ჩემთვის წლების დამახსოვრება. ძალიან მიჭირდა მოვლენების და წლების ერთმანეთთან დაკავშირება, დალაგება. წლების დამახსოვრება ყოველთვის დიდი პრობლემა იყო ჩემთვის.“
მოსწავლის აზრით, გამოსავალი იქნებოდა: „რომ მასწავლებელსაც უფრო მეტად მოენდომებინა და უფრო სახალისო გაეხადა წლების დამახსოვრების პროცესი“.
♦ „გვაჩვენონ მოსწავლეებს თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას“ – ეს პრინციპი კავშირშია დიდაქტიკური შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპთან – „არ მოგვაწოდონ მოსწავლეებს შიშველი ფაქტი, არამედ გვასწავლონ ამ ფაქტის არსში წვდომა“. ხშირად მოსწავლეებს პროტესტი უჩნდებათ გეგმით გაწერილი სასწავლო მასალის მიმართ. სვამენ კითხვებს: რაში მჭირდება ამის შესწავლა? ეს რომ არ ვიცოდე, რა მოხდება? და ა.შ. ასეთი სახის კითხვები რომ აღარ გაუჩნდეთ, რესპონდენტის აზრით, მასწავლებელი ვალდებულია, ჩართოს თავისი შემოქმედებითი უნარები და მოსწავლეებს შესასწავლი საგნის დადებითი მხარეები, ე.წ. ღირებულებები აჩვენოს, გაუმახვილოს ყურადღება იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ თემის უცოდინრობას ან მის ცოდნას.
„მათემატიკა მომწონს, ყველაზე მეტად მომწონს მათემატიკაში გეომეტრია, პლანიმეტრიაც მომწონს, მაგრამ უფრო სტერეომეტრია. სტერეომეტრია სივრცულ ფიგურებს შეისწავლის და გვანახებს სივრცეს და გვივითარებს სივრცის აღქმას. იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის სტერეომეტრიის სწავლის პროცესი, რომ მათემატიკის პედაგოგს ვაღმერთებ.“
♦ მოსწავლის პასუხებიდან გამოიკვეთა, რომ მასწავლებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რთულ საკითხებზე, რადგან რთულ საკითხს მოსწავლე ადვილად ვერ გაიაზრებს და შეითვისებს. იმ რთულად მიჩნეულ საკითხებს ცალკე დრო უნდა დავუთმოთ, გაკვეთილი. ეს პრინციპი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა სისტემატურად ხორციელდება.
„ყველაზე მეტად მიყვარდა მათემატიკაში რთული ამოცანები. ჩვენმა მასწავლებელმა იცოდა ხოლმე „ლამაზი“ ამოცანის მოცემა („ლამაზ ამოცანებს“ ეძახდა). მის ამოსახსნელად გვქონდა ერთი-ორი დღე, რომ გვეფიქრა ამ საკითხზე.“
♦ დავეხმაროთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში. ფორმალური განათლების მიღების შემდეგ, მოსწავლეს უნდა შეეძლოს შეძენილი ცოდნისა და უნარების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
ინტერვიუში მოსწავლემ ყურადღება გაამახვილა სწავლების პროცესში მასწავლებლის როლზე, მისთვის მნიშვნელოვანი და პირველხარისხოვანი არ უნდა იყოს აკადემიური მოსწრება, არამედ ის, თუ რა ხდება საკლასო ოთახში.
„მირჩევნია, მათემატიკის განხრით წავიდე. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მასწავლებელს ძალიან დიდი როლი აქვს და იმდენად შემაყვარა ლოგიკური აზროვნება, პლანიმეტრია თუ სტერეომეტრია, რომ მათემატიკის განხრით წავედი, ანუ სხვა საგანში რომ იგივე ყოფილიყო, შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება მიმეღო.“
♦ ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია რესპონდენტისთვის. განვავითაროთ მოსწავლეებში თანატოლებისგან სწავლის უნარი – ეს გულისხმობს სოციალური სწავლების შესაძლებლობას. თანატოლებს ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ, ამიტომ, მისი აზრით, მასწავლებელი ვალდებულია, ხშირად ამუშაოს ისინი ერთად, რადგან ამ დროს ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, შეხედულებებს, აზრებს, დასკვნებს.
„ზოგიერთი ბავშვი არ ამბობს, რომ დახმარება სჭირდება (დავუშვათ, რაღაც საკითხი ვერ გაიგო), არც მეგობარს ეუბნება, არც მასწავლებელს. არ ვიცი რატომ არის სირცხვილი ამის თქმა. მე პირადად, რასაც ვერ გავიგებ სწავლების პროცესში, შემიძლია ან მოსწავლეს ვკითხო, ან მერე მასწავლებელს, თუ მოსწავლე ვერ ამიხსნის.“
♦ ვასწავლოთ მოსწავლეს სწავლა. სწავლის სწავლა განათლების ამოცანებშიც ერთ-ერთი წამყვანია. მოსწავლის აზრით, თუ მან იცის, როგორ შეითვისოს ცოდნა, რა კონკრეტული ლიტერატურა დასჭირდება მოცემულ მომენტში, სად უნდა მოიძიოს ეს ლიტერატურა, როგორ მოარგოს თემას, რომლისთვისაც სჭირდება და.ა.შ., იცის როგორ შეუწყოს სწავლას ხელი, ის სრულიად დამოუკიდებელი ხდება.
„როდესაც სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია გაზიარება, მასწავლებელმა იცის შენზე მეტი და გიზიარებს, ენდობი მას, ეს იდეალური სასწავლო პროცესია. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მიმართ მისი დამოკიდებულება.“
♦ შენ რომ მასწავლებელი იყო, როგორ წარმართავდი სწავლისა და სწავლების პროცესს?
„მე რომ მასწავლებელი ვიყო, პირველ რიგში, გავიცნობდი ჩემს მოსწავლეებს და შევეკითხებოდი, ანონიმურად დავაწერინებდი — რა უნდათ? როგორ ურჩევნიათ სწავლა? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა, ბავშვებს ესწავლათ და არა ის, რომ ან დავიღალე, ან ჩემი მეთოდები მინდა გამოვიყენო. მასწავლებელმა უნდა იცოდეს მოსწავლეს რა მეთოდებით ურჩევნია, რომ წარიმართოს სასწავლო პროცესი და, ზოგადად, როგორ ურჩევნია სწავლა, მაგალითად, ხალისით ურჩევნია სწავლა, მაგრამ ზოგიერთი ბავშვი წახალისებით თამამდება და ასეთებისთვის სიმკაცრეა მნიშვნელოვანი; ზოგს, პირიქით, სახალისო მეთოდები ურჩევნია. მე პირადად, მირჩევნია, როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს მიხსნის, არ ვიყო დაძაბული, იმდენად მარტივად მომაწოდოს, რომ ყველაფერი ავითვისო. თვითონ მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, ბავშვი არ დაძაბოს საგაკვეთილო პროცესის დროს და მხიარულად ჩაატაროს გაკვეთილი. რა თქმა უნდა, რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს და მთავარია, მოსწავლემ მოუსმინოს და კარგად გაიაზროს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფლად ვიგრძნო თავი გაკვეთილზე. მე ვერ ვჩერდები დამჯდარი, გამართული, ან თავი უნდა დავდო მაგიდაზე, ან ძირს მიყვარს ჯდომა. ეს რომ შეზღუდული მაქვს სკოლაში, კატასტროფაა. მასწავლებლებს ჰგონიათ, რომ თავს თუ დავდებ მაგიდაზე ან ფიქრებში გავერთობი, არ მოვუსმენ, ეს ასე არ არის.“
თუ მოსწავლის მიერ გამოტანილი პრობლემების გადასაწყვეტად, მისივე ინტერვიუდან, კონცეფციის სახით, ჩამოვაყალიბებთ ქვეპრობლემებს, ის ასეთ სახეს მიიღებს:
- გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის „საბოლოო პროდუქტი“.
- აჩვენეთ მოსწავლეებს თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას.
- ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე.
- დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში.
- გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა.
- განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისაგან სწავლის უნარი.
- ასწავლეთ მოსწავლეს როგორ ისწავლოს.
დღეს, განათლების სისტემაში, მნიშვნელოვანი პრობლემაა სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა. ვფიქრობ, ეს კონცეფციები დახმარებას გაგვიწევს და თითოეული მათგანის ხარისხიანად გამოყენება დიდ შედეგს მოგვიტანს.