სტატუსის შენარჩუნების კომპონენტის გამარტივება და მასწავლებელთა წინსვლის საშუალება შეუფერხებლად – ცვლილებები გარდამავალ დოკუმენტში
როგორც ცნობილი გახდა, მასწავლებლები გამოცდებს ზაფხულში ისევ უცვლელი ფორმით ჩააბარებენ. საგნის გამოცდა ხელმისაწვდომი იქნება მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პროფესიაში შემსვლელთათვის, ხოლო პროფესიული უნარების გამოცდა – მხოლოდ მოქმედი მასწავლებლებისთვის, რადგან ეს არის გზა მათი სტატუსის გაუმჯობესებისკენ. რას გულისხმობს ცვლილება და კიდევ რა სიახლეებს უნდა ელოდონ მასწავლებლები სასწავლო წლის ბოლომდე, სტატუსის შეცვლისა და შენარჩუნების კუთხით, ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი:
– რა ცვლილებები შევიდა შუალედურ დოკუმენტში, რომელიც „მასწავლებლის რეგულირების წესის“ ამოქმედებამდე იმუშავებს?
– საგამოცდო ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა შეიცვლება კრედიტების მიღების არსებული ფორმატი. სწორედ ახლა ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ მასწავლებლებს გამოცდაზე აღარ ექნეთ 1 და 4 კრედიტქულის დაგროვების შესაძლებლობა, , დარჩება მხოლოდ 50 და 60%-იანი ზღვრის გადალახვა. ეს ინიციატივა იმ მასწავლებელთა ნაწილისგან მოდის, რომლებიც სქემის მიხედვით წინ წავიდნენ. მათი აზრით, 1 და 4 კრედიტქულის მინიჭების შესაძლებლობა შეუთავსებელია საგნის ცოდნასთან, ექსპერტთა ნაწილიც ასე მიიჩნევს.
1 კრედიტქულა შეეძლო მიეღო მასწავლებელს, რომელიც 100 ქულიდან 30-ს დააგროვებდა, ეს, მართლაც, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იხრება იქით, რომ 1 და 4 კრედიტქულა საერთოდ გავაუქმოთ. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. გამოცდების რეგისტრაციის დაწყებისთვის მასწავლებლებს წინასწარ ეცოდინებათ რამდენი კრედიტქულის მოპოვებას შეძლებენ გამოცდით. ახლა კი, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია – გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტი შეძლებს 7 და 10 კრედიტქულის მიღებას.
ცვლილებები დოკუმენტში უკვე ასახულია (სტატუსის შენარჩუნების კომპონენტის გამარტივება და მასწავლებელთა წინსვლის საშუალება შეუფერხებლად) და ველოდებით მთავრობის მიერ დამტკიცებას. თუმცა, ამას წინ უძღოდა შეხვედრები საზოგადოებასთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მოსაზრებები. ვეცადეთ, საინტერესო იდეები, რომლებიც მათგან წამოვიდა, დოკუმენტში აგვესახა. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს არის შუალედური დოკუმენტი, რომელიც გარდამავალ ეტაპზე იმუშავებს. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვიდრე სქემა ძალაშია, მასწავლებლები, სასწავლო წლის ბოლომდე, შეძლებენ მუშაობის დასრულებას, გარკვეული აქტივობები კი წლის ბოლომდე გადაყვებათ. მომავალი წლიდან ამუშავდება „მასწავლებლის რეგულირების წესი.“
– როგორ შეძლებენ პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას გარდამავალ პერიოდში?
– პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც, სასწავლო წლის ბოლომდე, სქემით განსაზღვრული აქტივობებით შეძლებენ 19 კრედიტქულის მოგროვებას, შეიცვლიან სტატუსს. მათთვის სავალდებულო აქტივობებია გამოცდის ჩაბარება და საგაკვეთლო შიდა დაკვირვება. იმ შემთხვევაში, თუკი დაგროვებული კრედიტი არასაკმარისია ამ სავალდებულო აქტივობებით, მაშინ შეუძლიათ კრედიტები დამატებითი აქტივობებით შეივსონ. აქედან გამომდინარე, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, სასწავლო წლის ბოლომდე, არაფერი იცვლება. ვვარაუდობთ, რომ წელს 6-დან 8 ათასამდე პრაქტიკოსი შეძლებს სტატუსის შეცვლას.
რაც შეეხება უფროს მასწავლებლებს, ისინიც სასწავლო წლის ბოლომდე განახორციელებენ ყველა სავალდებულო თუ დამატებით აქტივობას, რომელიც სასკოლო ბაზაზე ხორციელდება. მაგრამ, ვისაც დარჩენილი ექნება მხოლოდ გარე დაკვირვების კომპონენტი, ისინი სექტემბერში შეძლებენ დარეგისტრირებას და წლის ბოლომდე გარე დაკვირვების გავლას.
– ცნობილია ისიც, რომ მასწავლებლებს, სტატუსის შენარჩუნებისთვის, აღარ მოუწევთ კრედიტქულების დაგროვება.
– მათ სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტქულების დაგროვება აღარ მოეთხოვებათ, რადგან ეს სისტემა გაუქმდა. შესაბამისად, ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები, რომლის დადასტურებაც სკოლის წინაშე მოუწევთ. ვალდებულებები მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტს ეფუძნება. ზოგადად, მასწავლებელი ვალდებულია, სტანდარტის მიხედვით იმოქმედოს, ხოლო სკოლა ვალდებულია, ის ამ სტანდარტის მიხედვით შეაფასოს.
– უფრო კონკრეტულად, რა აქტივობებს განსაზღვრავს სკოლა სტატუსის შენარჩუნებისთვის?
– არსებობს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, სადაც განსაზღვრულია, თითოეული სტატუსისთვის რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი. შესაბამისად, იგულისხმება, რომ თუკი მასწავლებელს სტატუსი აქვს, ის ამ სტატუსის შესაბამის კომპეტენციას უნდა ადასტურებდეს. შეფასების მოქმედი ჯგუფები წელს დაასრულებენ მუშაობას, 2020 წლიდან კი, საჭიროების მიხედვით, შეიქმნება ხარისხის მართვის ჯგუფები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ სკოლებს. ამ საჭიროებას სკოლის მოცულობა განსაზღვრავს – რამდენი მასწავლებელი ჰყავს სკოლას, ართმევს თუ არა თავს დირექტორი შეფასების კომპონენტებზე მუშაობას. თუ გამოვლინდა, რომ დამოუკიდებლად მას უჭირს შეფასება, ასეთ შემთხვევაში, ჩაერთვებიან ხარისხის მართვის ჯგუფები, რომლებიც სკოლებს ხარისხის მართვაში, დაკვირვებასა თუ მხარდაჭერაში დაეხმარებიან. თუმცა, ეს პროცესი „მასწავლებლის რეგულირების წესის ნაწილია“ და ამ მიმართულებით მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დავიწყებთ.
– სტატუსის შენარჩუნების კომპონენტის გამარტივება ნიშნავს იმას, რომ გარდამავალ ეტაპზე, მასწავლებლები სტატუსს არ დაკარგავენ?
– დიახ, ეს ნიშნავს, რომ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები სტატუსს არ დაკარგავენ. ვინც წინსვლის გზაზეა, თავისთავად, დაასრულებს სქემით გათვალისწინებულ აქტივობებს და შეძლებს სტატუსის გაუმჯობესებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის მასწავლებლები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები, სისტემაში დარჩნენ, ვინც პროფესიულ განვითარებაში არიან ჩართულები, სასწავლო წლის დასრულებამდე შეძლონ საჭირო კრედიტების დაგროვება წინსვლისთვის. ყველანაირი მიღწევები უღიარდებათ და იმავე გზით შეძლებენ სტატუსის ცვლილებას, რადგან ეს მნიშვნელოვანია სისტემის თანმიმდევრული განვითარებისთვის. შემდეგ კი მათივე ჩართულობით დასრულდება „მასწავლებლის რეგულირების წესის“ შემუშავება, რომელიც პროფესიაში შესვლის ნაწილსაც დაარეგულირებს.
დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რამდენიმე გზა გვაქვს – 5-წლიანი 300-კრედიტიანი საუნივერსიტეტო პროგრამები და უფრო მოკლე გზა – 60-კრედიტიანი პროგრამები. ამას დაემატება მესამე, რომელიც უკვე განისაზღვრა კანონმდებლობით – მაძიებლის პროგრამა, რომელიც ახალკურსდამთავრებულებს სკოლაში დასაქმების საშუალებას მისცემს. ახალგაზრდები, სკოლის ბაზაზე მუშაობის პარალელურად, შეძლებენ პროფესიულ განვითარებას და ჩვენი ცენტრი აქტიურად დაუჭერს მათ მხარს.
მთავარი მიზანი სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა, რომლის გარეშეც, სკოლა წინ ვერ წაიწევს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროგრამა, პროფესიული განვითარების კურსები/ტრენინგები გვაქვს მათი განვითარებისთვის, ერთეული მასწავლებლები არიან ჩართული. ამიტომაც აუცილებელია სკოლის ინსტიტუციის გაძლიერება, რომ ადგილზე მოხდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ ეს იქნება.
– რა კონკრეტულ მექანიზმებს ითვალისწინებს, „მასწავლებლის რეგულირების წესი“ ,რომელიც არსებული სქემის ხარვეზებს გადაფარავს და მასწავლებელთა კვალიფიკაციას გაზრდის?
– მასწავლებელთა კვალიფიკაციის საკითხზე ერთგვაროვნად ვერ ვისაუბრებთ, რადგან სისტემაში გვყავს ყველა ტიპის მასწავლებელი – ვისაც აქვს დადასტურებული კომპეტენცია, რაც სახელმწიფომ მოსთხოვა თავისი პრაქტიკის განმავლობაში და ისეთებიც, ვინც ვერ დაადასტურა. მათ ჩვენ ახლო მომავალში შევთავაზებთ „მასწავლებლის რეგულირების წესს“, რომელიც კარიერული წინსვლის უფრო სწრაფი მოდელი იქნება.
რაც შეეხება გამოცდის ახალ ფორმატს, ამ სასწავლო წელს არ ჩატარდება, თუმცა, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი მის დეტალებს (რა ფორმატის ან რა კომპონენტებისგან იქნება შემდგარი) საზოგადოებას მალე გააცნობს. ვფიქრობ, ეს მასწავლებლებისთვის საინტერესო სიახლე იქნება, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მათ მიეცემათ შესაძლებლობა, სწრაფად შეიცვალონ სტატუსი და წლები აღარ დასჭირდეთ ამისთვის. მაგალითად, პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც უკვე დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია, შეუძლია ჩააბაროს გამოცდა და გახდეს წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი.
ესაუბრა ლალი ჯელაძე