იტალიაში ჩატარდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის პროგრამაშიც სპორტის 13 სახეობა იყო, ღონისძიებაში კი „ბებერი კონტინენტის“ 47 ქვეყანა ჩაება. საქართველო 4 სახეობაში სულ 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათგან საუკეთესოდ გამოვიდა კონსტანტინე სუპატაშვილი, რომელმაც ფიგურულ ციგურაობაში პირად პირველობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სამთო თხილამურობაში 3 სპორტსმენი გვყავდა – ლევან ნაზღაიძე (61-ე ადგილი), ოთარ წულეისკირი (63) და ლუკა ბურდული, ის ნაადრევად გამოეთიშა შეჯიბრებას. გიგანტურ სლალომში ასევე ნაადრევად დაასრულა გამოსვლა ჩვენი გუნდის ერთადერთმა გოგონამ – ნინო ენუქიძემ.
ტრამპლინიდან ხტომაში გიორგი მიქელაძე და გიორგი დიაკონოვი გამოდიოდნენ; დიაკონოვი 43-ზე გავიდა, ხოლო მიქელაძე – 44-ზე; სნოუბორდში ნიკოლოზ გაბულდანი მე-19 ადგილზე დარჩა.
ქალაქ უდინეში გამართულ ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს, როგორც ევროპის 2025 წლის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა. ის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა ბორჯომის მერს, ოთარ არბოლიშვილს ჩააბარა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის თებერვალში ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო უმასპინძლებს. ძირითადი ბაზა ბორჯომ-ბაკურიანი იქნება, თუმცა მის პროგრამაში ბათუმიც ჩერთვება, სადაც ყინულის ჰოკეის ტურნირი ჩატარდება. ბუნებრივია, სპორტულ არენებს შორის ასეთი დაშორება ორგანიზატორებს, მედიას თუ სხვებს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის, მაგრამ ქართული მხარე ასეთ ნაბიჯზე პრაგმატული მიზნებით წავიდა: ყინულის ჰოკეის თანამედროვე დარბაზის მშნებელობა ძვირი სიამოვნებაა, ტურნირის შემდგომ მისი შენახვა კი არანაკლებ დიდი თავსატეხია, ამას მხოლოდ დიდი ქალაქები თუ შეძლებენ. სწორედ ამიტომ შეირჩა ბათუმი, რომელიც მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქიცაა, თან ეს დაშორება სავსებით ჯდება იმ ფარგლებში, რისი დაშვების უფლებასაც ეოკი იძლევა – ეგ კი არა, წელს, ივლისში, პოლონურ კატოვიცეში, ევროპის მესამე ოლიმპიადაზე სროლის ტურნირი კატოვიცედან 300 კილომეტრის დაშორებით ტარდება.
იმედია, 2025 წელს საქართველო ზამთრის ფესტივალსაც ისეთივე წარმატებით უმასპინძლებს, როგორითაც 2015 წელს ზაფხულისას უმასპინძლა.