ახალი სასწავლო წელი უმაღლეს სასწავლებლებში ისევ დისტანციური სწავლებით დაიწყო. ამ კუთხით, გასულ სასწავლო წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვდა. რამდენად მოსახერხებელი და მისაღებია სწავლების ამგვარი ფორმა უმაღლეს სასწავლებლებში — გვესაუბრება ნათელა მაღლაკელიძე, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორი.
— დისტანციური სწავლება ორი უარესობიდან შედარებით ნაკლები იყო. მხედველობაში მაქვს ის საფრთხეები, რომელთაც პანდემია უქმნის ჩვენს ქვეყანას. ეს ერთადერთი გამოსავალი გახლდათ შექმნილ სიტუაციაში.
თქვენს კითხვას კი სანამ ვუპასუხებდე, დავაკონკრეტებდი: რამდენად მოსახერხებელია, რომ მთელი სალექციო კურსი „ონ ლაინ“ წარიმართოს, თორემ სწავლების დისტანციურ ფორმას განსაზღვრულ შემთხვევებში ადრეც მივმართავდით. ილიას უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 2012 წლიდან გვაქვს ამის გამოცდილება. თითოეულ ლექტორს აქვს თავისი ვიდეოთეკა, სადაც თავმოყრილია ჩვენი სალექციო კურსების ვიდეოჩანაწერები. ამ ვიდეოჩანაწერებს წარსულშიც წარმატებით ვიყენებდით ცალკეულ შემთხვევებში ასინქრონული სწავლებისას. რაც შეეხება მთელი სალექციო კურსის წაყვანას დისტანციური ფორმით, ეს ჩვენთვისაც ახალი იყო და არ დავმალავ, მან გარკვეული სირთულეები მართლაც შეგვიქმნა.
— ხომ არ დაგვიკონკრეტებთ ამ სირთულეებს?
— ერთხელ კიდევ გავიმეორებ (ეს ჩემამდეც ალბათ ბევრმა რესპონდენტმა თქვა), რომ აუდიტორიასთან ცოცხალი კავშირი თავად პედაგოგისათვის, ამ შემთხვევაში ლექტორისათვის, არის აუცილებელი. სტუდენტებისაგან წამოსული მუხტი განაპირობებს სწორედ ლექციის ხარისხს. თუ სტუდენტი ინდიფერენტულია ლექციის მსვლელობისას, არ უსმენს, მაშინ ლექტორი წყვეტს გაბმულ თხრობას და უამრავ საშუალებას მიმართავს მის სალექციო პროცესში ჩასართავად. სწავლების ის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებსაც დღეს სკოლებში ვიყენებთ, ასევე წარმატებით გამოიყენება უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტის მოტივირებისა და სასწავლო პროცესის აქტივიზაციისათვის. ალბათ დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები — შეუძლებელია მხოლოდ სალექციო მეთოდით მიაღწიო მიზანს, ის დროდადრო საუბრით უნდა ჩანაცვლდეს, თუ გვსურს, რომ სტუდენტი მხოლოდ მსმენელი კი არა, არამედ ჩვენი პარტნიორიც იყოს სასწავლო პროცესში. განსაკუთრებით ეს ითქმის პედაგოგიური დარგის დისციპლინებზე.
— სხვა სირთულეები არ შეგხვედრიათ დისტანციური სწავლებისას?
— რამდენიც გინდათ. დავიწყოთ იმით, რომ მოუმზადებლები შევხვდით ვიდეო სწავლებას თუნდაც იმ კუთხით, რომ ყველა სტუდენტს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. მე პირადად უამრავი სტუდენტი მყავდა გასულ წელს, განსაკუთრებით პირველკურსელები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ სალექციო პროცესში ჩართვას იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ინტერნეტი, ან თუ ჰქონდათ, არ მყარდებოდა (ან ძალიან ცუდად მყარდებოდა) კავშირი მათთან. ეს ის საკითხია, რომელსაც უნივერსიტეტი ვერ გადაწყვეტს. ამის გარდა, გარკვეული პრობლემები შეიქმნა ცოდნის შეფასებისას. სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოვემზადეთ ამისათვის, ხარისხის სამსახურთან შეთანხმებით შევცვალეთ შეფასების ფორმები. მაგრამ დამეთანხმებით — ძალიან ძნელია დისტანციურად იმის მონიტორინგი, სტუდენტმა თავად შეასრულა დავალება, თუ სხვა დაიხმარა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი არ რთავდა ვიდეოს, მხოლოდ ხმა ისმოდა. ასე რომ, ის შეფასებები, რომლებიც გასულ სემესტრში პირადად მე დავწერე, რამდენადმე პირობითია.
— გამოდის, რომ დისტანციურმა სწავლებამ ზოგიერთ სტუდენტს მეტი შანსი მისცა აკრძალული მეთოდების გამოსაყენებლად?
— რა თქმა უნდა, აქ მონიტორინგი სრულიად გამორიცხულია. უნდა მოვძებნოთ ცოდნის შეფასების ისეთი ფორმები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურნი ასეთ პირობებში. საერთოდაც ვიტყოდი, რომ სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოგვიწევს, რადგანაც ფორმატი: სტუდენტი+ლექტორი+აუდიტორია — შეიცვალა ფორმატით: სტუდენტი+ლექტორი+ZOOM (ჩემ შემთხვევაში). ფაქტია, რომ წელს უკვე გარკვეული გამოცდილება ამ კუთხით დაგვიგროვდა. ისიც ვთქვათ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკურსელებისათვის, რომლებსაც მე პირველკლასელებს შევადარებდი. მათ ჯერ არა აქვთ სტუდენტური უნარები, ჩვევები კი სკოლიდან მოჰყვებათ და ხშირად თავი ისევ გაკვეთილზე ჰგონიათ, მასწავლებელთან. ვფიქრობდით, რომ მათთან მაინც ჩაგვეტარებინა სააუდიტორიო მეცადინეობა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო ჯერ ეს არ ხერხდება. ასე რომ, პირველკურსელები ცოტა გვეჩაგრებიან ამ თვალსაზრისით.
— პირველკურსელებთან დაკავშირებით მაინც რომელ შემთხვევას გაიხსენებდით თქვენი პრაქტიკიდან? დისტანციური სწავლება მაქვს მხედველობაში.
— დასამახსოვრებელი ბევრი რამ იყო: გათიშული ვიდეო გამოსახულება, ზოგჯერ ხმაც გათიშულია, ფიქსირდება, რომ სტუდენტი „გესწრება“, ისმენს ლექციას, ამ დროს ასე არ არის (შატალოზეა, ასე ვთქვათ); წყვეტილი ინტერნეტკავშირი, სხვისი დაწერილი დავალებები… მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ერთი შემთხვევა: სტუდენტი ეკრანზე ჩნდება ნიღბით, დამცავი ფარით, სახე საერთოდ არ უჩანს და ასე აღჭურვილი „მაბარებს“ ზეპირ გამოცდას.
იმედს ვიტოვებ, რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს აუდიტორიაში. ასე რომ, შეხვედრამდე!