26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის დეტალებით სალომე ჯაფარიძე

spot_img

2022-2023 სასწავლო წლის სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის მსურველი პირები ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას, რომელიც 2022 წლის 2 აგვისტოდან დაიწყო, 7 სექტემბრის 18:00 სთ-მდე შეძლებენ.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნესის ანალიზისა და პროექტების მართვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე ჯაფარიძე ჩვენთან ინტერვიუში კიდევ ერთელ შეახსენებს მობილობის მსურველ პირებს იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც მობილობის სრულფასოვანი პროცესისთვის აუცილებელია. ასევე საუბრობს სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამებზე მობილობასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და მობილობის ეტაპებზე, რაც სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს, მისთვის სასურველ პროგრამაზე განახორციელოს მობილობა.

– რა დეტალები გაითვალისწინონ მობილობის მსურველმა სტუდენტებმა, რომ თავიდან აიცილონ შეცდომები, რომელმაც შესაძლოა ისინი კონკურს გარეშე დატოვოს?

– მობილობაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს აუცილებლად გავლილი უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია მობილობის ელპორტალზე https://students.emis.ge/, არჩეული უნდა ჰქონდეთ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასურველი პროგრამა/პროგრამები – პრიორიტეტის მიხედვით; ასევე, სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, აუცილებლად უნდა გადაიხადონ მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის გადახდის არხების მეშვეობით და 7 სექტემბრის 18:00-მდე აკონტროლონ არჩეულ პროგრამაზე გამსვლელი საკონკურსო ქულა.

შევახსენებ, რომ ელექტრონულ პორტალზე კონკურსი მიმდინარეობს სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის (ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე მინიჭებული ქულა) გათვალისწინებით, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, სადაც კონკურსი დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტურის შედეგების მიხედვით მიმდინარეობს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სტუდენტმა პირველ რიგში უნდა მიაქცოს ყურადღება?

– მობილობის წესით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, პირველ რიგში, მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო პროგრამისა). დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტებად რეგისტრირებული განაცხადების შესაბამისად.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დაწესებული დამატებითი წინაპირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მობილობის მსურველი. ეს შესაძლებელია იყოს კონკრეტული კომპეტენციის ზღვარი, რომელიც დაძლეული უნდა ჰქონდეს მობილობის მსურველს ამა თუ იმ საგანში და სხვა.

მობილობის უფლება სტუდენტს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ წარმოეშობა. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.

2013-2019 წლებში ჩარიცხულ მაგისტრანტებს მობილობის უფლება მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე წარმოეშობა, რომელსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.

უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, მობილობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებსაც შეესაბამება მათ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები, რის კონტროლსაც უზრუნველყოფს ელექტრონული პორტალი. საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობისთვის აუცილებელი საგანი/საგნების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პორტალზე.

– რით განსხვავდება წლევანდელი მობილობა გასული წლების მობილობისგან? არის თუ არა სიახლეები მობილობის პროცესში, რომელიც შეიძლება სტუდენტებს შევახსენოთ?

– წელს სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამებზე გვაქვს სიახლე მობილობასთან დაკავშირებით. ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გადის კონკურსს, აუცილებლად რეგისტრირდება ელექტრონულ პორტალზე და ირჩევს ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგების მიხედვით ხორციელდება. დაწესებულება ვალდებულია, კონკურსის შედეგები, ელექტრონულ პორტალზე, სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, აცნობოს მობილობის მსურველს და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, რომელიც წარმატებით გაივლის დაწესებულების კონკურსს, ვალდებულია, რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე, ელექტრონულ პორტალზე არჩევანში მითითებული ჰქონდეს სათანადო პროგრამა. მობილობის საბოლოო შედეგებს იგი ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე უნდა გაეცნოს; დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები, რის შემდგომაც უნდა გაეცნოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

ხოლო სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, რომელიც ვერ გაივლის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ კონკურსს, უფლებამოსილია, ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, აირჩიოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამა და მონაწილეობა მიიღოს მობილობის კონკურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

– საინტერესო იქნება, ასევე, ინფორმაცია მობილობის ეტაპების შესახებაც… გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეცდომებს უშვებენ უფრო ხშირად სტუდენტები და რა იქნება თქვენი რეკომენდაციები/რჩევები?

მობილობის პროცესი კომპლექსურია და რომ შევაჯამოთ, მობილობისათვის სტუდენტმა შემდეგი ეტაპები უნდა გაიაროს:

♦ რეგისტრაცია მობილობის ელპორტალზე https://students.emis.ge/

♦ აირჩიოს სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასურველი პროგრამა/პროგრამები და დაალაგოს პრიორიტეტის მიხედვით (გააკეთოს მობილობის ელექტრონული განაცხადი);

♦ ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა, სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, უნდა გაიაროს დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსი, დეტალური ინფორმაციისთვის მისაღებად გაეცნოს პროგრამის შესახებ ინფორმაციას და დაწესებულების ვებგვერდს;

♦ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებში ან ისარგებლო სსაქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან epay.ge-ს გადახდის სერვისებით (მენიუში მოძებნეთ: სხვა->განათლება->სტუდენტთა მობილობა);

♦ გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე;

♦ დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;

♦ გაეცნოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი;

♦ რაც შეეხება რეკომენდაციას, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით იყვნენ თითოეულ ზემოაღნიშნულ ეტაპზე, განსაკუთრებით კი მობილობის პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, აუცილებლად დარწმუნდნენ პირველ პრიორიტეტად მითითებულ პროგრამაზე გადასვლის შესაძლებლობაში, საკონკურსო ქულის გათვალისწინებით.

წარმატებას ვუსურვებ ყველა მობილობის მსურველს და გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას მათი ინფორმაციული მხარდაჭერისა და კონსულტირების თვალსაზრისით.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები