3 დეკემბერი, შაბათი, 2022

სტუდენტებმა ბლოკჩეინის სისტემით გადახდის ფუნქციის მქონე ვებგვერდი შექმნეს

spot_img

ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დავით პეტრიაშვილმა და ადამ კარამმა, ასევე თიკო აფრიდონიძემ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შექმნეს ვებგვერდი GMT ჰოლდინგისთვის. ეს არის კომპანია, რომელიც ძირითადად აგრარულ პროდუქტზე მუშაობს. ახალგაზრდებმა პროექტის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“ ფარგლებში იმუშავეს, რომელიც KIU-ში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა.

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებმა უახლესი ტექნოლოგიები შეისწავლეს, შემდეგ კი რეალურ პროგრამაზე იმუშავეს და შექმნეს ვებსაიტი, რომელიც უკვე გადაეცა ბიზნესს. ამის შემდეგ GMT ჰოლდინგის მომხმარებელს ანგარიშსწორება არატრადიციული გზით, კრიპტოვალუტის საშუალებით, შეეძლება.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის გამოყენების ნაკლები პრაქტიკა არსებობს, ახალგაზრდებს ბევრი სიახლის გაცნობა მოუწიათ.

⇓⇑ კონკრეტულად რას უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი სიახლე, ამის შესახებ სტუდენტი დავით პეტრიაშვილი გვესაუბრება, რომელმაც აღნიშნულ პროგრამაზე  თანაკურსელებთან ერთად იმუშავა.

▶️ დავით პეტრიაშვილი: ,,პროექტის ფარგლებში, მოგვიწია განსხვავებული ტექნოლოგიების შესწავლა, გარკვევა თუ რას წარმოადგენს ბლოკჩეინი. საიტზე გადახდის სისტემა და ავტორიზაცია გავაერთიანეთ, რადგან ორივე კრიპტოვალუტის საფულეზე იმუშავებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ანგარიშსწორება ონლაინ ხდება პირდაპირ ორ ადამიანს შორის, ანუ ამ გზით მომხმარებელს ყოველგვარი ზედამხედველისა და შუამავლის, მაგალითად, ბანკის გარეშე შეეძლება გადაიხადოს პროდუქტის ღირებულება.

GMT ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გოგა კვარაცხელიამ აღნიშნული პროექტის შესაძლებლობის შესახებ სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენზე შეიტყო. კომპანია რამდენიმე სტარტაპს მართავს, მათ შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას – „ციფრული სოფელი“. საქმიანობის გათვალისწინებით აღმოაჩინა, რომ სტუდენტების მიერ შეთავაზებული პლატფორმა სწორედ მის ბიზნესზე იყო მორგებული და თანამშრომლობაც შედგა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, პროექტის ფარგლებში, უკვე 5 თანამშრომელი აიყვანა, ასევე, იგეგმება თავად სტუდენტებთან თანამშრომლობა.

▶️ გოგა კვარაცხელია: ,,სტუდენტებმა, ICT სისტემების დანერგვის კუთხით, ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანეს ჩვენს კომპანიაში. მოგეხსენებათ, საუბარი ციფრულ სოფელს ეხება და ICT სექტორი, ICT სისტემები ზუსტად ის სისტემებია, რაზეც ჩვენი კომპანია მუშაობს. თავიდან ბოლომდე იმ ტექნოლოგიებზე ვართ დამოკიდებული, რაზეც სტუდენტებმა იმუშავეს. შედეგად მივიღეთ უფრო ოპტიმიზებული  და გაუმჯობესებული პლატფორმა. ამასთანავე, იმპლემენტაციამ მოითხოვა განსხვავებული პროფესიების ჩართვა, მათ შორის ექსპერტების. პროექტის ფარგლებში, 5 ახალი კადრი ავიყვანეთ. ვმუშაობთ ასევე სტუდენტებთან თანამშრომლობის საკითხზე“.

⇓⇑ პროექტი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“ 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელებს ჰქონდათ. სამუშაო პროცესში, ჯამში, 250-მდე კომპანია და KIU-ს 100-მდე სტუდენტი იყო ჩართული. ახალგაზრდა ნოვატორებმა დამკვეთი კომპანიებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ონლაინპლატფორმები შექმნეს. ხელშეკრულება სულ 6 კომპანიასთან გაფორმდა.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები