16 ოქტომბერი, შაბათი, 2021

სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებს შორის დასახელებულ ქართველ მეცნიერებს ილიას ჯილდო  გადაეცათ

spot_img

სტენფორდის უნივერსიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის რანჟირებული სია გამოაქვეყნა, საქართველოდან ხუთი მეცნიერი დასახელდა, მათგან სამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია: 

 

✔? ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა გარემოს დაცვის ინჟინერიაში;

 ✔?რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი. რაინერ ბუსმანი მსოფლიო რეიტინგში 518-ე ადგილზეა, სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებაში;

✔? მერაბ სვანაძე, ილიაუნის მათემატიკის მიმართულების პროფესორი, მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს მასშტაბით 1631-ე ადგილს იკავებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ ილიაუნის პროფესორები, რომლებიც სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ში დასახელდნენ, ილიას მედლით დააჯილდოვეს.

 

 

 

 

 

 

 

 

გიგა ზედანია: „იშვიათად ყოფილა მეცნიერება ასეთი ცენტრალური, საზოგადოების ყურადღების ქვეშ. პანდემიის გამო, არა მხოლოდ მეცნიერულ კველვას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, არამედ მეცნიერების კომუნიკაციასა და პოპულარიზაციასაც. ამ ორი მიმართულებით ილიას უნივერსიტეტი დიდი ხანია, მუშაობს და დღევანდელი დაჯილდოებაც ამის ერთი კარგი მაგალითია. დღეს დავაჯილდოვეთ სამი ჩვენთან აფილირებული მეცნიერი, პროფესორი, მკვლევარი, რომლებიც მოხვდნენ, სტენფორდის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მიხედვით, ყველაზე ინოვაციურ მეცნიერებს შორის. საქართველოდან სულ ხუთი მეცნიერი მოხვდა ამ რეიტინგულ სიაში, მათ შორის სამი – ჩვენი უნივერსიტეტიდან. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დაჯილდოების პროცესში გამოიკვეთა ილიას უნივერსიტეტში მეცნიერული ინტენაციონალიზაცია. თავისთავად, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარების კრიტერიუმი გახლავთ ის, თუ რამდენად აფასებენ მეცნიერულ ცენტრებში იმ კვლევებს, რასაც აქ ვატარებთ და, ასევე, საერთაშორისო მეცნიერები რამდენად არიან დაინტერესებულები, რომ საკუთარი მოღვაწეობა საქართველოსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დააკავშირონ“.

ილიას ჯილდო, ილია ჭავჭავაძის ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით, 2017 წელს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ილიას ჯილდოს გაცემის ფოკუსი, როგორც რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე ამბობს, ყოველწლიურად იცვლება. მაგალითად, შარშან, მისივე თქმით, პრიორიტეტი ახალგაზრდა მეცნიერებს მიანიჭეს. წელს კი, კვლევითი ჯგუფის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ილიას მედლით დაჯილდოვდნენ ის მეცნიერები, რომლებიც სტენფორდის რეიტინგულ სიაში აღმოჩნდნენ. „ესენი არიან ის მეცნიერები, რომლებმაც თავინთ დარგში ყველაზე მეტად შეუწყვეს ხელი პროგრესის მიღწევას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი მეცნიერები ქმნიან კვლევით და თანამედროვე საგანმანთალებლო პროგრამებს, რაც, თავისთავად, უმნიშვნელოვანესია განვითარებადი- პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის. მით უფრო უნივერსიტეტისთვის, რადგან ჩვენი სტუდენტები უშუალოდ პირველ ადგილზე მყოფი მეცნიერებისგან იღებენ ცოდნას, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უნდა დაამკვიდრონ ქვეყანაში მაღალი საგანმანათლებლო სტადარტი“- განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

რაც შეეხება სტენფორდის რეიტინგის მეთოდოლოგიას, ექსპერტთა მიერ მომზადებულ სიაში წარმოდგენილია 22 სამეცნიერო დარგისა და 176 ქვედარგში მომუშავე 100 000-ზე მეტი მეცნიერი, რომელთა კვლევებმა ხელი შეუწყო შესაბამისი სფეროს წინსვლასა და სხვა მკვლევრების პროდუქტიულობის ამაღლებას.

სტენფორდის რეიტინგი ეყრდნობა Scopus-ის მონაცემებს და აკადემიური საქმიანობის შეფასებისას ციტირების შემდეგ კრიტერიუმებს იყენებს: ჰირშის h-ინდექსი; თანაავტორობის Schreiber hm-ინდექსი; დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირება და ციტირების ერთიანი ინდექსი.

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები