18 აგვისტო, ხუთშაბათი, 2022

სტანდარტულ პასუხებს მინდა გავექცე

spot_img

 

 

რუბრიკის „პროფესია მასწავლებელი“ სტუმარია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი მეგი ჭანტურია.

 

 

– ქალბატონო მეგი, რას ნიშნავს, იყო მასწავლებელი?

– მასწავლებელზე იმდენჯერ და იმდენი რამ არის ნათქვამი, ახალსა და გამორჩეულს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. ჩემთვის, როგორც ხელოვანისა და პედაგოგისთვის, მასწავლებელი არის ერუდიციის განმსაზღვრელი ქვეყანაში. ბუნებრივია, ყოველგვარი ინტელექტის განვითარება მასწავლებლის ხელთაა და ამიტომ მასწავლებელი საზოგადოების მოდერატორიცაა…

– როგორია თქვენთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გაზრდილი თაობა?

– მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა პროცესზე ორიენტირებული კურიკულუმია. ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რას მოიტანს ახალი ესგ. არავისთვისაა სიახლე, რომ პირველი ესგ შინაარსზე იყო ორიენტირებული, მეორე – საგანმანათლებლო მიზნებზე, მესამე – პროცესს ასახელებს პრიორიტეტად. ამ პროცესში ორგანულად უნდა იყოს ჩაშენებული საგნობრივი შინაარსიც და მიზნებიც… ყველანაირი პროცესი არ იგულისხმება ახალი სასწავლო გეგმის მოთხოვნაში და ამაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. განათლებაში სწრაფად, მოკლე დროის მიხედვით, ვერ დავითვლით შედეგებს. შედეგებზე წლების მერე შეიძლება ვისაუბროთ. ის კი თვალნათლივ ჩანს, რომ მოსწავლეებს როცა ეუბნები, რა ურჩევნიათ: საგნის შინაარსის, საგნის სასწავლო მიზნების თუ დინამიკური პროცესით სწავლა, ამ უკანასკნელს აირჩევენ. არჩევანი კი შედეგიანი იქნება, რადგან ეს ბავშვის არჩევანია, მისთვის შემეცნებით-შემოქმედებითი პროცესის ლოკომოტივობა წარმატების საწინდარიცაა…

– რა შეცვალა ზოგადი განათლების რეფორმამ თქვენს პრაქტიკაში?

– საკმაოდ გვიან დავიწყე სასკოლო პრაქტიკა. დიდი ხანია, რაც ქუთაისის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი ვარ და ასევე, ზრდასრულებს ვასწავლი მუსიკას (კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალში, რომელიც შემდეგში უმაღლეს სამუსიკო კოლეჯად გადაკეთდა). მუსიკა, როგორც ხელოვნების დარგი, ბევრ რამესთან ერთად თავისუფლების მაღალ ხარისხს მოითხოვს. ზოგადი განათლების რეფორმა ეუბნება მასწავლებელს: დაგეგმე შენი პრაქტიკა ეფექტიანად, ნუ იქნები დროში შეზღუდული, გამოიყენე სხვადასხვა ტიპის რესურსი, სამინისტრო გეხმარება და არ გიწევს პრაქტიკის რევიზიას ცუდი გაგებით, შედეგების მიღწევა საფეხურის მიხედვითაა საჭირო და არა რომელიმე კლასში… არავის ისე არ უხდება თავისუფლების მინიჭება, როგორც ხელოვანს და ეს აისახა კიდეც ჩემს პრაქტიკაში, რადგან არავინ მითვლის წუთებს, არავინ მეუბნება, რომ მუსიკის სტანდარტი კონკრეტული კლასისთვის კონკრეტულ დროში უნდა შევასრულო. ამ რეფორმამ მეტი თავისუფლება მომიტანა!

– რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა ეუფლება მასწავლებლის პროფესიას?

– სტანდარტულ პასუხებს მინდა გავექცე. როცა მასწავლებლობას აირჩევს ადამიანი, ეს ერთგვარი განაჩენია, ოღონდ კარგი გაგებით. მასწავლებელი ყველა დროისთვის უნდა იყოს თანამედროვე. მოსწავლე ვერ გაპატიებს წარსულში ჩარჩენას. მომავალ თაობას მეგზურად უნდა გაჰყვე და თუ თანამედროვე არ ხარ, ამას როგორ მოახერხებ? პედაგოგი, რომელიც ყოველდღიურად ეხება სასწავლო პროცესს, ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას ასწავლის, აქსიომაა, რომ ბედნიერია. სულიერი კრედიტები მოაქვს მასწავლებლობას უზღვავად და ამის გამო ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს ჩვენს პროფესიაში შემოსვლას, წინასწარ „განწირულია“ ბედნიერებისთვის!

– ზოგადი განათლების რეფორმა ნიშნავს…

– მასწავლებლის ლერნდიზაინერის პოზიციაში გადასვლას, მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ცენტრში ყოფნას, მეტ შედეგს, მეტ მოტივაციას, მეტ საჭიროებათა გამოკვეთას…

– თქვენ მუშაობთ არა მარტო მოსწავლეებთან, არამედ ზრდასრულებთანაც. რა თვისებრივი სხვაობაა, მათ შორის, საგანმანათლებლო თვალსაზრისით?

– ზრდასრულებს გაკეთებული აქვთ არჩევანი და მუსიკის ევფონიური სამყაროსკენ მიდიან დიდი პასუხისმგებლობით. მათთან მუშაობა ბევრად იოლია, რადგან მოტივაცია აქვთ. ბავშვებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო, მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანაში მუსიკას ხშირად არაკვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიდნენ და ერთგვარად, მეორეხარისხოვანი საგნის სტატუსი ჰქონდა… სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება არ შეცვლილა და ამ სტერეოტიპის დამსხვრევა იოლი არაა, თუმცა, უნდა შევძლოთ!

– თქვენი პროფესიული წარმატებიდან ერთი მაგალითი ან ფაქტი…

– ფაქტი ბევრია. ქუთაისმა, ფალიაშვილის ქალაქმა, იცის ჩემი ოჯახის ყველა თაობის მუსიკალური წარმატებების შესახებ. დედა, ძმა, რძალი, ძმისშვილი – ყველა ხელოვნების მსახური ვართ. მაქვს არაერთი ტიტული, თუნდაც კორეული აღირება, თუნდაც არაერთი ჩემ მიერ გამოზრდილი სახელგანთქმული მუსიკოსის წარმატების შესახებ შემიძლია საუბარი, მაგრამ ახლახან ერთი პატარა გოგონას თოვლის ბაბუასთან მიწერილმა წერილმა ყველაფერი დამავიწყა. პატარა ლიზი ფხაკაძე სთხოვს თოვლის ბაბუას, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა ისე ისწავლოს, როგორც მე ვუკრავ… ამაზე მეტი აღიარება და წარმატება მართლა წარმოუდგენელია…

 

 

„პატარა ლიზი ფხაკაძე სთხოვს თოვლის ბაბუას, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა ისე ისწავლოს, როგორც მე ვუკრავ…“

 

 

 

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები