27 ივლისი, შაბათი, 2024

სსსმ მოსწავლე და კომპლექსური დავალება

spot_img
სოფიო სულაბერიძე
ქუთაისის №9 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი

 

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბაშვები (შემდგომში სსსმ) საგანმანათლებლო სივრცისთვის პრიოროტეტული გახდა 21-ე საუკუნის დასაწყისში და საგანმანათლებლო პოლიტიკის დახმარებით, სკოლებში, ინკლუზიური სწავლებისთვის კეთილმოწყობილი გარემოს შექმნასთან ერთად, გადაწყდა მნიშვნელოვანი პრობლემები.

ეროვნული სასწავლო გეგმის მეთოდოლოგიური ნაწილი ორიენტირდება ხუთ საკითხზე, ესენია:

  1. პრინციპები, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს სწავლა-სწავლების პროცესი (ხარისხიანი განათლება);
  2. ინკლუზიური განათლება (განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა);
  3. მეტაკოგნიცია და ფუნქციურ-კომპონენტური უნარები;
  4. საგანთა შორის ინტეგრაცია და პრიორიტეტული თემები;
  5. ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

ვხედავთ, რომ ისეთი დოკუმენტი, როგორიც ეროვნული სასწავლო გეგმაა, ხუთი საკითხიდან, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად ინკლუზიას გამოყოფს. დაისმის კითხვა, როგორ ვაპირებთ სსსმ მოსწავლეების უკეთესი შედეგების მიღებას?

ადაპტირებული ან მოდიფიცირებული კომპლექსური დავალების პირობების შექმნა, საგნის მასწავლებელთან ერთად (კოლაბორაციულად), სპეციალური მასწავლებლების პირდაპირი მოვალეობაა. დავალების პირობის როგორი ადაპტაცია/მოდიფიცირება მიგვიყვანს გრძელვადიან მიზნებამდე (სასწავლო ცნება, საფეხურის შედეგი)?

კომპლექსური დავალების შემდეგი კომპონენტები ადაპტირდება:

  1. დავალების მოცულობა – სსსმ მოსწავლეებისთვის მიზანშეწონილია მოცულობის შემცირება ქვეცნებათა და, შესაბამისად, კრიტერიუმების შეკვეცის ხარჯზე;

2. მასალის ფორმა – რესურსებისა და ქვეცნებათა გათვალისწინებით;

3. შესრულების ფორმა – მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინებით;

4. შესრულების პირობა – დავალების პირობის იმ სიტყვებით ჩამოყალიბება, რომელიც სსსმ მოსწავლისთვის მისაღებია/აღსაქმელია.

⇒ გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკას სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან დაკავშირებით, ფოტომასალების ჩართვით:

წერილობითი დავალების შესრულების შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში, ხშირად, მივმართავთ წერის ხატვით ჩანაცვლებას. სსსმ მოსწავლეების უმეტეს ნაწილს შესრულების ეს ფორმა უადვილდება და მოსწონს, ასევე უადვილდება მისი პრეზენტაცია (სხეულის ენით, ემოციით, მოკლე წინადადებებით, კითხვა-პასუხის რეჟმით). ასეთ დროს იცვლება დავალების მოცულობა და ფორმაც, გამოიყენება სხვა რესურსები, მაგრამ მთავარ ორიენტირს ვინარჩუნებთ.

განვიხილოთ პირველი მაგალითი. კლასს დავალებული ჰქონდა ზღაპრის ეპიზოდის განვრცობა, სსსმ მოსწავლე, წერილობით, ეპიზოდის განვრცობას ვერ მოახერხებდა, გავითვალისწინე ბავშვის განვითარების უახლოესი ზონა, შესაძლებლობა და ვთხოვე, დაეხატა, როგორ წარმოედგინა დედა-შვილი დინოზავრი ბალახის ჭამის დროს. დავალების მიზანი იყო კლასში ერთ-ერთი ფუნქციური სამეტყველო ქმედების განვითარება (ცნება: სიტყვა, წინადადება, ტექსტი) და ამ დავალებით დადასტურდა ის, რომ მოსწავლემ შეძლო თხრობა ხატვით, ასევე, მან რამდენიმე სიტყვით ახსნა, თუ რას გულისხმობდა ნახატით.

 

 

 

ამავე დავალების ადაპტირებით მივიღეთ სხვა ნაშრომიც:

ცნობილი იტალიელი მეცნიერისა და ესეისტის, თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნის, უმბერტო ეკოს ტექსტზე დაყრდნობით, დღევანდელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ საკითხზე – შეცვლის თუ არა კომპიუტერი წიგნს, მე-7 კლასელებს უნდა მოემზადებინათ ზეპირი პრეზენტაცია, შემდეგი პუნქტების მიხედვით:

  1. ადამიანების შიში სიახლეების მიმართ;
  2. წიგნი და მისი მნიშვნელობა;
  3. კომპიუტერი, როგორც კაცობრიობის უახლესი აღმოჩენა და მისი მნიშვნელობა;
  4. წიგნიერების გაქრობის უსაფუძვლო შიში.

სსსმ მოსწავლე ამას ვერ შეძლებდა, ამიტომ მისთვის დავალების პირობა ადაპტირდა და შევთავაზე, დაეხატა წიგნი და კომპიუტერი გვერდიგვერდ, შემდეგ კი ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე ეპასუხა. ნაშრომი ასეთი სახის მივიღეთ:

ნახატის შესრულების მერე დავსვი ასეთი კითხვები:

♦ რომელია წიგნი? კომპიუტერი?

♦ რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

♦ რისგან არის შექმნილი წიგნი?

♦ რისგან აკეთებენ კომპიუტერს?

♦ შეიძლება თუ არა ინფორმაციის მიღება წიგნით? კომპიუტერით? შენ რომელი გირჩევნია? რატომ გირჩევნია?

♦ როგორი წიგნი მოგწონს და რატომ?

♦ კომპიუტერით რას აკეთებ ხოლმე?

♦ შეიძლება წიგნის ან კომპიუტერის სრულიად გაქრობა?

♦ შენს ოჯახში რას უფრო მეტად იყენებენ, წიგნს თუ კომპიუტერს? რისთვის იყენებენ?

ადაპტირებული/მოდიფიცირებული კომპლექსური დავალების შექმნისთვის აუცილებლად საყურადღებოა შემდეგი კომპონენტები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა:

♦ ცნება, მკვიდრი წარმოდგენები, შედეგები (გრძელვადიანი მიზნები);

♦ თემა, საკითხი, დავალების პირობა, პროდუქტი (მოკლე და საშუალო ვადიანი მიზნები);

♦ შეფასების კრიტერიუმები (მოსწავლის შესაძლებლობისა და განვითარების უახლოესი ზონის გათვალისწინებით);

♦ დავალების პრეზენტაციის ფორმა (მოსწავლის შესაძლებლობის მიხედვით);

♦ რესურსები, აქტივობები (რისი გამოყენებაც შეუძლია, რაში ჩართვაც შეუძლია).

კონკრეტული კომპლექსური დავალების შესრულების მერე, ეტაპობრივად, უფრო „მძიმე ტვირთის“ აწევა უნდ მოვსინჯოთ და მოსწავლემ მაქსიმალურად უნდა იგრძნოს მხარდაჭერა და აღიარება. ტიპური შემთხვევებისგან განსხვავებით, ასეთ დროს მეტი სიფრთხილეა საჭირო. ზოგჯერ თვლიან, რომ სსსმ მოსწავლე მხოლოდ მისთვის სასურველი ფორმით უნდა ვამუშაოთ, რაც არასწორია. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ზეპირმეტყველების და წერის, ხატვისა და გასიტყვების, მოდელირებისა და სხეულის ენის მომენტები გავააქტიუროთ ერთი დავალების შექმნის ან წარდგენის პროცესში.

საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ საგნის მასწავლებლებთან ერთად უნდა შედგეს რელევანტური ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა. ეს დოკუმენტი ძალიან ბევრი დეტალის ღრმა ანალიზით უნდა შეიქმნას, რათა სასურველი შედეგების მიღწევა მოხერხდეს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები