14 დეკემბერი, შაბათი, 2024

სსსმ მოსწავლეების დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით

spot_img

COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის რეჟიმში, სამინისტრო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საყოველთაო იზოლაციის პირობებში, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, აუცილებელი გახდა სსსმ მოსწავლეებისათვის ისეთი რელევანტური საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზება, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. ვინაიდან მათი საჭიროებები მრავალფეროვანია, დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზებისას, დღის წესრიგში  სწორედ მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინება დადგა.

ამ მიზნით, სამინისტრომ  არაერთი რეკომენდაცია შეიმუშავა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლებისა და სპეციალური მასწავლებლებისათვის. ასევე, მომზადდა შემოქმედებითი და განმავითარებელი აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს, სახლის პირობებში, სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესთავაზონ მოსწავლეებს მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები.

მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლი სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის.

 ➡ https://www.facebook.com/MESGeorgia/videos/928603047600856/

სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების კუთხით განხორციელებული აქტივობები გააცნო განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, მათთან ერთად, სამომავლო პროექტები განიხილა.

სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდი, სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს, გასცემს რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებს ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ, აწარმოებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგს, ისგ-ის მიზნების გათვალისწინებით,  სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში ეხმარება. დისტანციურ დავალებებში გათვალისწინებულია მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვისა თუ კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

სსსმ მოსწავლეთა განათლებას ხელს უწყობს პროექტი „ტელესკოლაც“, სადაც გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია აღნიშნულ მოსწავლეთა ინტერესებიც. ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

აკადემიური და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა სახლის პირობებში შესასრულებელი აქტივობების შესახებ ვიდეორგოლები, რომლებიც ტიხრების სახით გადის „ტელესკოლაში“. ვიდეორგოლები გამიზნულია მშობლებისთვისაც, რათა ოჯახის პირობებში არსებული რესურსების გათვალიწინებით, მათ ბავშვების უნარების განვითარების ხელშეწყობა შეძლონ.

„ტელესკოლა“ ასევე ძალიან სასარგებლოა მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც, ამ ეტაპზე, დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, გარდა მიმდინარე პროექტებისა,  არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს სამინისტროს მხრიდან განხორციელებული აქტივობების ოპერატიულობა და ეფექტურობა და დისტანციურ სწავლებაში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მინისტრის მოადგილეს საკუთარი ინიციატივები გაუზიარეს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები