3 დეკემბერი, შაბათი, 2022

სპორტული ფესტივალი 41-ე საჯარო სკოლაში

spot_img

თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 200-მდე ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლემ, ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ხელბურთის, ბადმინტონისა და ფრენბურთის ეროვნული ფედერაციები და თბილისის კარატეს ფედერაცია.

ფესტივალი მოიცავდა მოძრავ სახალისო თამაშებს ხელბურთისა და კარატეს ელემენტებით, შეჯიბრებს ფეხბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მაგიდის ჩოგბურთში.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა  გახსნა. ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სასკოლო სპორტული-გამაჯანსაღებელი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა – „დღეს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში, სადაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაფუძნდა უკრაინული სექტორი, მოსწავლეებისთვის ჩატარდა ძალიან საინტერესო სპორტული ღონისძიება. აქტივობებში მონაწილეობა როგორც უკრაინელმა, ასევე, ქართველმა მოზარდებმა მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალურ გარემოში მრავალფეროვან აქტივობებში ჩართულობით  მოსწავლეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და დამეგობრების საშუალებას მიეცათ“.

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის მერს, კახა კალაძეს და პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და სასკოლო სპორტული ფესტივალის ორგანიზებისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლეების ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სასწავლო პროცესში მათთვის არაფორმალური განათლების სახით სპორტული აქტივობების შეთავაზება და სხვადასხვა აქტივობებით წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მინისტრმა სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანია სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა – ყველა ახლად აშენებული და რეაბილიტირებული სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურით. ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სასკოლო სტადიონების, სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ასევე, სპორტის მასწავლებლების გადამზადება ახალი თანამედროვე სტანდარტებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დააფუძნა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო”.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 700-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 300 მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორზე აგრძელებს სწავლას.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები