27 ივლისი, შაბათი, 2024

სპორტული ფესტივალი ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით

spot_img

ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სასპორტო სკოლაში სპორტული ფესტივალი გაიხსნა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ უკრაინელი და ქართველი მოსწავლეები. ფესტივალი გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად.

სპორტული ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფრენბურთში, ხელბურთსა და „მხიარულ სტარტებში“ შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის მე-3, მე-7, მე-20 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „21-ე საუკუნის“ ქართველი და უკრაინელი მოსწავლეები.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სასკოლო სპორტული ფესტივალის ორგანიზატორებს და ღონისძიების მონაწილეებს წარმატებები უსურვა: „ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი ულამაზესი ბათუმი მასპინძლობს ასეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას – სპორტულ ფესტივალს. ეს ძალიან სახალისო ღონისძიებაა და დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს უკრაინელი და ქართველი მოსწავლეების დამეგობრებას. ყველას წარმატებებს გისურვებთ! პირველ რიგში, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას უკრაინაში.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ისევე როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელმა მოსწავლეებმა ხარისხიან განათლება მიიღონ. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს, პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, მშობლიურ ენაზე აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებიან და დღეს უკვე საქართველოს სკოლებში 1000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე სწავლობს, აქედან 400-ზე მეტი – უკრაინულენოვან სექტორებზე.

ბათუმში გამართულ სპორტულ ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის, უცხოეთში სტაჟირების პროგრამა „ევროოდისეის“ მონაწილე ბელგიელი და იტალიელი ახალგაზრდები.

 

 

მაია ხაჯიშვილი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: „აჭარის რეგიონში ისევე, როგორც საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი მოსწავლეები ჩარიცხული არიან სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლებში. მათთვის იმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები. დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი, სახალისო და პოზიტიური იყო. დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი აქტივობებით ხელს შევუწყობთ ქართველი და უკრაინელი ბავშვების უფრო მეტად დამეგობრებას, მათ ინტეგრაციას ჩვენს საზოგადოებაში.“

 

 

ევგენია ბლისკუნი, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის კოორდინატორი: „მეგობრებო, მინდა ყველას გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩვენს უკრაინელ ბავშვებს, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებთან ერთად, აქვთ საშუალება, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ წესს. დიდი მადლობა ამისთვის.“

 

ოსკარ პავლენკო, უკრაინელი მოსწავლე: „მე და ჩემს გუნდს ძალიან მოგვეწონა შეჯიბრებები. დიდება უკრაინას, საქართველოს გაუმარჯოს!“

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები