24 ივნისი, ორშაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

ნორჩ მოჭადრაკეთა 8 მედალი

საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ალბანურ დურესში, მოჭადრაკეთა ევროპის სასკოლო ჩემპიონატში: 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები გახდნენ 9-წლამდელებში თბილისელი მარიამ რეხვიაშვილი, 11-იანებში – ქუთაისელი ანასტასია ჭიჭინაძე, 13-იანებში – ბათუმელი კესარია მგელაძე და 15-წლამდელებში – ისევ ქუთაისელი ანასტასია კირთაძე. საინტერესოა, რომ კირთაძე აპრილში ასევე 15-იანებში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

15-წლამდელ გოგონებში ვერცხლის მედალიც ჩვენ დაგვრჩა – ბათუმელმა მარიამ ცეცხლაძემ მოიპოვა. მეორე ვერცხლი 7-წლამდელებში ლაგოდეხელი სოფია ლიმარის ანგარიშზეა.

მესამე ადგილზე 7-წლამდელებში ქუთაისელი ემილი გოგოლაძე და 15 წლამდელებში თბილისელი ლუკა კილაძე გავიდნენ.

ამასთან, ჩვენს რამდენიმე მოჭადრაკეს თითო ნაბიჯი დააკლდა ბრინჯაომდე: 7-იანებში გიორგი ნემსიწვერიძე, 11-იანებში დავით თათვიძე, 15-იანებში კი ლულუ დიასამიძე მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ეგ კი არა, თათვიძეს ვერცხლის მოპოვებაც შეეძლო, რადგან 3 მოჭადრაკე II-IV ადგილებს იყოფდა, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, უარესი კოეფიციენტი ქართველს აღმოაჩნდა, რამაც კვარცხლბეკზე ასვლის საშუალება არ მისცა. ამავე ასაკობროვ კატეგორიაში V იყო გაბრიელ გაბადაძე.

ქალ მორაგბეთა ვერცხლი

ქართული რაგბის სიძლიერე უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თუმცა ეს მიღწევები ვაჟებზე მოდის, ქალთა რაგბი კი ეს-ესაა დგამს პირველ ნაბიჯებს. თუმცა ეს მთელ მსოფლიოში ასეა – სპორტის ეს სახეობა დღემდე ვაჟთა კუთვნილებადაა მიჩნეული, ქალები კი ეხლა იწყებენ აქ თავის დამკვიდრებას. ან კი რა გასაკვირია, როცა ვაჟები სინქრონულ ცურვაში გამოჩნდნენ…

საქართველოში კლასიკური ანუ 15-კაცა ქალთა რაგბის გვერდით ფეხს ქალთა 7-კაცა რაგბიც იკიდებს. ჩვენმა ნაკრებმა ორიოდ დღის წინ პარიზში საერთაშორისო ტურნირშიც იასპარეზა და II ადგილზეც გავიდა.

ჩვენებმა პარიზში 5 შეხვედრა ჩაატარეს და პირველი 4 მოიგეს, მხოლოდ ბოლო, ფინალური პაექრობა წააგეს. ქართველებმა თავიდან თურქებს მოუგეს – 22:10, მეეე დაძაბულ ბრძოლაში ადგილობრივ კლუბ „სევი სევენს“ 17:15 სძლიეს, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი „სვიცერსს“ 26:17 აჯობეს. ნახხევარფინალში `ვონდერს სევენსიც~ დაამარცხეს – 20:5, ფინალში კი თავად წააგეს გერმანიასთან – 5:33.

მალე ჩვენი ქალები საფრანგეთშივე, ოღონდ ამჯერად ქალაქ ტურში იასპარეზებენ მორიგ საერთაშორისო ტურნირში.

პარიზშივე, ამავე შეჯიბრებაზე ქალებთან ერთად ვაჟთა 7-კაცას ნაკრებიც გამოვიდა და მათ გაიმარჯვეს კიდეც. არადა, პირველი შეხვედრა ჩვენებმა წააგეს – „სევენთინთან“ 5:24 დამარცხდნენ. სამაგიეროდ, ჯგუფის დარჩენილ სამივე შეხვედრაში იმარჯვეს: „ორსეისთან“ – 57:5, გერმანისთან – 33:24, „სვიცერსთან“ – 33:5 და პირველ ადგილზე მაინც გავიდნენ. ნახევარფინალში ჩვენებმა ბურკინა ფასოს ნაკრებს 26:12 სძლიეს, ფინალში კი „გადფაზერს“ დამაჯერებლად, 36:7 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა 7-კაცას ნაკრები საფრანგეთში მესამე ევროპული თამაშებისთვის ემზადება, რომელიც 21 ივნისს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში აიღებს სტარტს. იმ თამაშების ჩემპიონი პარიზის ოლიმპიადის საგზურსაც მიიღებს.

სარაგბო თემას 20-წლამდელთა ნაკრებით გავაგრძელებთ, რომელიც ასევე საფრანგეთში იმყოფებოდა და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩვენებმა უკვე გამართეს 2 ტესტ-მატჩი და, სამწუხაროდ, ორივე წააგეს. პირველად საფრანგეთში შეხვდნენ ამ ქვეყნის ამავე ასაკის ნაკრებს და 5:36 დამარცხდნენ. შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ და ავჭალაში ბრიტანეთს დაუხვდნენ, კარგადაც იომეს, თუმცა ბოლოსწინა წუთზე მაინც გაუშვეს გამარჯვების შანსი.

შეხვედრა ბრიტანელტა უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთისთვის ორი ლელოც დაგვიდეს, თუმცა ვერ გარდასახეს და 10:0 დაწინაურდნენ. ქართველებმა მაინც შემოატრიალეს შეხვედრა და პირველი ტაიმი 24:15 მოიგეს. მეორეშიც ძირითადად წინ იყვნენ და 75-ე წუთისთვის 36:34 იგებდნენ. სამწუხაროდ, ამის შემდეგ თავი იჩინა არაორგანიზებულობამ, ვერ დაიცვეს სათამაშო დისციპლინა და რამდენჯერმე შეცდნენ, რითაც მეტოქემ ანგარიში 36:41 გახადა. შეხვედრაც ასე დასრულდა. მეორე სპარინგ-მატჩს ჩვენები კვლავ თბილისში და ისევ ბრიტანელებთან გამართავენ.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები