22 აპრილი, ორშაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

ახალგაზრდა მსროლელების ევროტრიუმფი

ტყვიის მსროლელთა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის ქალაქმა დიორმა უმასპინძლა, სადაც მართლაც ტრიუმფალურად და წარმოუდგენელი წარმატებით გამოვიდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 10-მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში – 3 ოქრო და 1 ვერცხლი, ჯამში, 4 მედალი მოიპოვეს; გაიმარჯვეს შერეულ წყვილებში, გოგონებში – გუნდურ ჩათვლაში და პირად პირველობაში. გოგონების ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში – „ტრიო ახალგაზრდა ქალები“ – მეორეზე გავიდა.

ჩვენმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატზე შარშანაც კარგად იასპარეზეს ტალინში – 4 ბრინჯაო მოიპოვეს. ახლანდელი ტურნირის დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ქადაგიძე იხსენებდა, ტალინიდან რომ ბრუნდებოდნენ, იმაზე საუბრობდნენ, გაისად დიორში რა უნდა გაეკეთბინათ, რომ ტალინში მიღწეული შედეგი გადაეფარათ, მაგრამ 3 ოქროს მოპოვებაზე საუბარიც არ იყო, ამაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდითო. არადა, ამ ახალგაზრდებმა, უპირველესად კი გოგონებმა, გაბედეს და აასრულეს კიდეც!

გოგონათა ნაკრებში თელაველი ტყუპები – მარიამ და სალომე ფროდიაშვილი და თბილისელი მარიამ აბრამიშვილი შედიოდნენ. ეს ჩემპიონატი მარიამ ფროდიაშვილის ბენეფისად იქცა, მან 4-ივე მედლის მოპოვებაში შეიტანა თავისი წვლილი: გაიმარჯვა პირად პირველობაში და შერეულ წყვილებში, ასევე, შედიოდა ორივე გუნდურ შეჯიბრებაში, სადაც, თანაგუნდელებთან ერთად, ოქრო-ვერცხლს დაეუფლა.

ჩემპიონატი შერეულ წყვილთა შეჯიბრებით გაიხსნა, სადაც მარიამი ქუთაისელ გიორგი მუმლაძესთან ერთად გამოდიოდა. ამ დისციპლინაში ორივე ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანია, თუმცა მაშინ სხვა მეწყვილეები ჰყავდათ. მათ დამაჯერებლად მოიგეს საკვალიფიკაციო ეტაპი, შემდეგ პლეი ოფშიც იმარჯვეს და ოქროსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს, იქ კი დიდი ბრძოლა გადახდათ გერმანელთა დუეტთან. ბოლო სერიის წინ ანგარიში 15:15 იყო, დასკვნით სეტში კი მეტოქეს აშკარად უმტყუნა განთქმულმა გერმანულმა ხასიათმა, ჩვენებმა სერიაც მოიგეს და მთლიანად შეხვედრაც. ბოლო სერიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მუმლაძის კარგი გამოსვლა.

ამას პირადი შეჯიბრება მოჰყვა, რაც გუნდურ ჩათვლაშიც გამოავლენდა გამარჯვებულებს. ეს წესი ადრე მოქმედებდა – საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდის სამივე წევრის შედეგები იკრიბებოდა და, ქულათა დაჯამებით, გამოვლინდებიან მედალოსნები. თუმცა, ბოლო წლებში, წესი გაუქმდა და გუნდურში ცალკე იმართებოდა შეჯიბრება, შესარჩევში ნაჩვენებ ქულებს აღარ ექცეოდა ყურადღება. შარშან ეს წესიც შეცვალეს – აქაოდა, ცალკე ჩატარება ერთი დღით ახანგრძლივებს ტურნირს, რითაც შეჯიბრებაც იწელება (ამას ხელი შერეულ წყვილთა შეჯიბრების შემოღებამაც შეუწყო, რომელიც ასევე ბოლო წლებში შემოიტანეს და ცალკე დღე ეთმობა) და ხარჯებს ზრდისო. ამიტომ, ისევ ძველი წესი დააბრუნეს, თუმცა უცნაური ისაა, რომ დიორში სროლის ევროპულმა კონფედერაციამ ახალი გუნდური ტურნირი დაგვახვედრა: ტრიო ქალები; ტრიო კაცები; ტრიო ახალგაზრდა ქალები და ბიჭები… მსგავსი შეჯიბრება აქამდე არ გამართულა და უცნაური ისაა, რომ ისიც ცალკე შეჯიბრებად ჩაატარეს, მაინც ცალკე დღე დაეთმო.

ასეა თუ ისე, ჩვენ ფრიად ვიხეირეთ ამ შეჯიბრებით – პირადი პირველობის საკვალიფიკაციოში ჩვენი „სამაია“ მშვენივრად გამოვიდა, განსაკუთრებით ორივე მარიამი – ფროდიაშვილიც და აბრამიშვილიც. ფროდიაშვილმა 63-კაციანი შესარჩევი ეტაპი მოიგო საკმაოდ კარგი შედეგით – 574 ქულით და ფინალშიც გავიდა. აბრამიშვილს იქამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა, ჯამში კი, ჩვენს სამეულს საუკეთესო შედეგი – 1695 ქულა აღმოაჩნდა და 14 ქულით ჩამოიტოვეს მეორეზე გასული იტალია. გუნდურში ასეთი სხვაობა იშვიათად და მხოლოდ გამორჩეულ შეჯიბრებებში, გამორჩეული გუნდების მიერ, თუ ფიქსირდება. ამით ჩვენმა გუნდმა მეორე ოქრო მოიპოვა, მარიამ ფროდიაშვილმა კი ფინალშიც გააგრძელა ჩინებული გამოსვლა და ევროპის ჩემპიონი გახდა რეკორდით – 242.2 ქულით გაიმარჯვა, რაც ახალგაზრდებში, ფინალური ეტაპისთვის, ევროპის რეკორდია. მარიამმა გამოცდილი სპორტსმენივით მშვიდად, აუღელვებლად ჩაატარა მთელი ფინალური სერია და მე-10 გასროლიდან მოყოლებული რომ დაწინაურდა, ახლოსაც არ გაიკარა არავინ. სლოვენიელმა მანია სლაკმა ერთხანს კი სდია კვალდაკვალ, მაგრამ ბოლო ეტაპზე ტემპს ვერ გაუძლო და ჩამორჩა. ბოლო სერიის წინ ფროდიაშვილი 4 ქულაზე მეტით უგებდა და წაგება ფანტასტიკის სფერო იყო – ფარს თუ ააცილებდა, მაგრამ სლაკს ესეც არ უშველიდა, თვითონაც 10-იანი უნდა მოენადირებინა. ფროდიაშვილმა ლამის მაქსიმალური შედეგი აჩვენა და უბრალოდ კი არა, რეკორდით გაიმარჯვა.

სულ ბოლოს ის ახალდაარსებული გუნდური შეჯიბრება გაიმართა, სადაც ჩვენებმა ისევ მოიგეს საკვალიფიკაციო ეტაპი, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი მხოლოდ გერმანიას ჩამორჩნენ. ფინალშიც გერმანიასთან მოუწიათ დაპირისპირება და კარგა ხანს თანაბარი ბრძოლა მიდიოდა – მეტოქეები სეტს სეტზე ცვლიდნენ და ასე მივიდნენ 10:10-მდე. აი, მერე კი, გერმანელებმა 2 სეტი მოგვიგეს და 14:10 დაწინაურდნენ. ჩვენებმა ანგარიშის გათანაბრება კი შეძლეს, მაგრამ ბოლო, დასკვნით სერიაში მეტოქემ იმარჯვა და 16:14 მოგვიგო. უნდა გენახათ მათი რეაქცია, ხელებში თავჩარგული გერმანელთა მწვრთნელის, იორდის გრაბეს სახე აშკარად მიგვანიშნებდა განწყობას – „როგორც იქნა, მოვუგეთ“, ხოლო მათი ერთ-ერთი წევრი იოანა ბლანკა ისე ხშირად წაივლებდა ხოლმე თავზე ხელებს, ალბათ, ვერც იჯერებდა, რომ მოიგეს. სხვათა შორის, ფინალის წინ გრაბეს უთქვამს კიდეც ჩვენებისთვის, მიქსი თქვენ მოგვიგეთ და ახლა ვნახოთო…

ბიჭების ნაკრებს, ამჯერად, ასეთი წარმატება არ ჰქონია. მათგან ყველაზე კარგად მუმლაძე გამოვიდა. მან, უნგრეთში ჩასვლამდე, ესპანეთში მსოფლიოს თასზეც გაიმარჯვა. ზოგადად, მუმლაძემ და აბრამიშვილმა, ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბრიდან მოყოლებული, ძალიან კარგი სეზონი ჩაატარეს – შიდა შეჯიბრებებში მუდმივად მედალოსნებში იყვნენ, უმეტესად იმარჯვებდნენ. ფროდიაშვილიც წარმატებით ისროდა, თუმცა ერთხელ შედარებით მცირე ჩავარდნა ჰქონდა. უნგრეთში მუმლაძე პირად პირველობაში გავიდა ფინალში – მე-7 ადგილით, საბოლოოდ მე-5 საფეხურზე დარჩა. გუნდურ ჩათვლაში ბიჭები მეექვსეზე გავიდნენ.

ამ ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების ნიჭიერება არც აქამდე იწვევდა ეჭვს, ამ წარმატებამ კი ცხადად დაადასტურა, რომ ფედერაცია სწორი გზით მიდის, ეს თაობა ნამდვილად ვითარდება და წინ კიდევ უამრავი წარმატებაა, ამჯერად – უკვე უფროსებში. არადა, ამ გუნდს დიდი რეზერვი აქვს: კიდევ ერთი ახალგაზრდა, თბილისელი მარიამ მარშავა, ამჯერად, უფროსებში გამოვიდა, რადგან გუნდში 3 სპორტსმენზე მეტის დაყენება არ შეიძლება. იმის მიუხედავად, რომ მარშავას ნამდვილად აკლია გამოცდილება და უცხოეთში შეჯიბრებაზე წელს პირველად გავიდა, უფროსებზე უკეთესად ისროლა.

ამ სასიხარულო ამბავს ერთი სამწუხარო ფაქტი დაერთო: ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი ნაკრები, სტამბოლის გავლით, თბილისში ბრუნდებოდა, გარდაიცვალა საქართველოში სპორტის ამ სახეობის ამაგდარი მწვრთნელი, ნინო სალუქვაძის მამა და პირადი მწვრთნელი -ვახტანგ სალუქვაძე… ნინო სალუქვაძემ ეს ამბავი თბილისში დაბრუნების შემდეგ შეიტყო…

 

სპორტული წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ჩინურ ტაიბეიში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ახალგაზრდებში, სადაც დიდი წარმატებით გამოვიდა ჩვენი სპორტული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ისინი პირველივე დღეს ჩაებნენ ჩემპიონატში და მყისვე სერიოზული განაცხადი გააკეთეს გამარჯვებაზე – მოკლე პროგრამაში 71.53 ქულით დაწინაურდნენ, რაც სეზონის სარეკორდო მაჩვენებელია. საბედნიეროდ, მეორე დღესაც შეუდარებლად ისრიალეს და 179.32 ქულით ჩემპიონები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ბერულავას მეორე გამარჯვებაა მსოფლიო ჩემპიონატში – 2022 წელს ეს პრესტიჟული ტურნირი, კარინა საფინასთან ერთად, მოიგო. სულ მალე, მარტის ბოლოს, მათ კანადაში, უკვე უფროსებში, ელოდებათ მსოფლიო ჩემპიონატი.

ჩინეთში მსოფლიო ჩემპიონატში ჩვენგან კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მოციგურავე გამოდიოდა, თუმცა მათ საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად ისრიალეს და, ამჯერად, მედალოსანთა შორის ვერ მოხვდნენ.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები