მაჭავარიანის ისტორიული მედალი
ქართულმა მშვილდოსნობამ ხორვატულ ვარაზდინში ისტორიული წარმატება მოიპოვა – 18 წლის თბილისელმა ალექსანდრე მაჭავარიანმა ევროპის დარბაზის (ზამთრის ჩემპიონატში) ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ეს არაოლიმპიური დისციპლინაა, რომელიც 18-მეტრიან დისტანციაზე ტარდება. ევროპის დარბაზს ზამთრის ჩემპიონატსაც უწოდებენ, ვინაიდან წლის ამ დროს იმართება დახურულ დარბაზში. კლიმატური პირობების გამო, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ზამთარში, ღია სასროლეთებზე შეჯიბრებები ნაკლებად იმართება და სწორედ ამის კომპენსაციაა ეს ე.წ. დახურული შეჯიბრებები, რომლებიც დარბაზებში ტარდება.
ალექსანდრე მაჭავარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპიც კარგად ჩაატარა. განსაკუთრებით – მეორე ნახევარი, როცა 292 ქულა დააგროვა და, 26 მონაწილეს შორის, მე-2 იყო. საბოლოო ჯამში, მან შესარჩევი 579 ქულით დაასრულა და მე-5 ადგილზე გავიდა.
პლეი ოფის პირველ წრეში ალექსანდრე განთესილი იყო და უბრძოლველად გავიდა მეორეში, სადაც დამაჯერებლად – 6:0 მოუგო ბელგიელ ვოუტ ვან დუნს. საინტერესოა, რომ ამ სეტში სამივე ისარი 10-იანში გაარტყა, ერთიც არ აუცილებია და ქულათა მაქსიმუმი – 30 ქულა დააგროვა: 30:29; 30:28; 30:28. მეოთხედფინალში ქართველმა მხოლოდ 1 სეტი დაუთმო ებრაელ ორს იოსეფ როზმარინ ბერლადს – 6:2. სამაგიეროდ, ნახევარფინალი იმავე ანგარიშით დათმო მეორე ებრაელთან, საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულსა და მომავალ ჩემპიონ როი დრორთან. ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში ჩვენი ჩუბინი სლოვაკ დანიელ მედვეცზკის შეხვდა და დაძაბულ პაექრობაში, გადასროლაში, 6:5 აჯობა. ეს არა მარტო მაჭავარიანის კარიერაშია ყველაზე დიდი მიღწევა, არამედ ამ რანგის ტურნირზე ახალგაზრდებში მოპოვებული პირველი მედალია.
ხორვატიაში საქართველოდან კიდევ 3 მშვილდოსანი გამოდიოდა, უმეტესად – ახალგაზრდები. გოგონებში 19 წლის მარნეულელი სალომე ხარშილაძე ასპარეზობდა, რომელიც საკვალიფიკაციოში, 545 ქულით, მე-17 ადგილზე გავიდა, პლეი ოფში კი ხორვატ ანა სტიმაჩთან პირველივე პაექრობა 2:6 წააგო.
უფროსებში, ვაჟებში ,19 წლის თბილისელი თემურ მაკიევი ისროდა და საკვალიფიკაციოში, 579 ქულით, მე-11 ადგილზე გავიდა. პლეი ოფის პირველ წრეში მან 7:3 აჯობა ებრაელ შაჰარ კლეინერს, თუმცა შემდეგ ტურნირის ფავორიტსა და მომავალ ჩემპიონს, იტალიელთა ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ევროპის ოთხგზის გამარჯვებულ მაურო ნესპოლის შეხვდა და 1:7 წააგო. ნესპოლიმ, მომდევნო წრეში, უკრაინელთა ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ რიბანი დაამარცხა, კიდევ 2 პაექრობა მოიგო და ზემოჩამოთვლილი ტიტულების კოლექციას ზამთრის ჩემპიონობაც შეჰმატა.
უფროსი ასაკის მონაწილე მხოლოდ ქალებში გვყავდა, სადაც 23 წლის თბილისელი მედეა გვინჩიძე გამოდიოდა. ის საკვალიფიკაციოში, 571 ქულით, მე-9 ადგილზე გავიდა, პლეი ოფში კი, პირველივე წრეში, 2:6 წააგო იტალიელთა კიდევ ერთ მომავალ ჩემპიონთან, ტატიანა ანდრეოლისთან.
ხმლით მონადირებული ბრინჯაო
შარშანდელიდან მოყოლებული, ჩვენთვის ფეხბურთით და ხვიჩა კვარაცხელიათი აგრერიგად გამორჩეული სამხრეთ იტალიური ნეაპოლი, რომელსაც აქამდე მაფიოზთა ქალაქად უფრო ვიცნობდით, ქართული ფარიკაობისთვისაც წარმატებულ ადგილა იქცა – 22 თებერვალს იქ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც საქართველო 22-კაციანი გუნდით ჩაება. თავიდან ფიცარნაგი ჭაბუკებს დაეთმოთ, სადაც ხმლით ფარიკაობაში წარმატებით იასპარეზა 16 წლის ალექსანდრა კუვაევამ და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნეაპოლში მან, ჯგუფში, 4 მეტოქეს მოუგო და მხოლოდ ორთან დამარცხდა, პლეი ოფში კი ოთხივე მეტოქე დაამარცხა და კვარცხლბეკზეც ავიდა.
კუვაევას ნამდვილად წარმატებული სეზონი დაუდგა: იანვრის ბოლოს, რუმინეთში, ევროპის თასი მოიგო, 20 თებერვალს კი თბილისში – მსოფლიოს თასი. იმედია, სეზონს ასეთივე წარმატებით გააგრძელებს და წინ კიდევ არაერთი მიღწევა ელოდება.