სასკოლო ლიგის წლის პირველი ჩემპიონები
ახალ, 2024 წელს სასკოლო ლიგის პირველი ტურნირი ჭადრაკში გაიმართა. „ჭადრაკის სასკოლო ლიგა 2024-ში“ ჩატარდა როგორც პირადი, ასევე – გუნდური შეჯიბრება გოგონებშიც და ბიჭებშიც.
ბიჭებში ჩემპიონი 182-ე სკოლის მოსწავლე გიორგი ბექაური გახდა, მეორეზე ხვიჩა ბერიკაშვილი გავიდა 145-ე სკოლიდან, ბრინჯაოს მედალი კი საბა ციბაძემ მოიპოვა 199-ე სკოლიდან.
გოგონებში ოქროს მედალი 199-ე სკოლელმა ანასტასია ქოქიაშვილმა მოიპოვა, ვერცხლი – ნუცა მთვარელიძემ სკოლა „პოლიგლოტიდან“, ბრინჯაო – მარიამ კოპტონაშვილმა 180-ე სკოლიდან.
გუნდურ შეჯიბრებაში 199-ე სკოლამ გაიმარჯვა, რომელშიც ქოქიაშვილი და ციბაძე შედიოდნენ. მეორეზე 182-ე სკოლა გავიდა ბექაურისა და ლიზი ქურდოვანიძის შემადგენლობით, მესამე პრიზიორი კი 145-ე სკოლა გახდა, რომელშიც ხვიჩა ბერიკაშვილი და ნანუკა სიმონიშვილი შედიოდნენ.
ახალგაზრდა ქართველები ოლიმპიურ თამაშებზე
19 იანვარს სამხრეთ კორეულ განგვონში საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. გახსნის ცერემონიალზე საქართველოს მედროშეები იყვნენ მოციგავე ლუკა მიქაბერიძე და ტრამპლინიდან მხტომელი ესმირალდა ალიევი.
თამაშები 1 თებერვალს დაიხურება, მანამ კი განგვონში ერთმანეთს სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში 1900-მდე მოზარდი სპორტსმენი შეეჯიბრება. მათ შორის 6 ქართველიც იქნება სპორტის 3 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა, ციგაობა, ტრამპლინიდან ხტომა. ციგაობაში, მიქაბერიძესთან ერთად საბა ხაჩიძე გამოვა, ციგურაობაში ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი გამოვლენ, ტრამპლინიდან ხთომაში კი – ალიევი და გიორგი დიაკონოვი. ამათგან მოციგურავეები – გურგენიძე და სუპატაშვილი 25 იანვარს შეუერთდებიან ჩვენს დელეგაციას.
განგვონში უკვე გაიმართა პირველი სტარტები. მათ შორის – ჩვენებურთა მონაწილეობითაც. ჯერჯერობით მათგან საუკეთესო შედეგი მოციგავე საბა ხაჩიძემ აჩვენა. ის შეჯიბრების მეორე დღეს გავიდა „ალპენსიას სასრიალო ტრასაზე“ ერთადგილიანი ციგით და პირველი დაშვებისას 22 მონაწილეს შორის მე-9 შედეგით გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მეორე დაშვებისას მე-14-ე იყო, საბოლოოდ კი მე-13 ადგილზე გავიდა, რაც ჩვენი პირობების გათვალისწინებით, არაა ურიგო შედეგი. წინა დღეს ხაჩიძე მიქაბერიძესთან ერთად 2-ადგილიანი ციგებით ასპარეზობაშც გამოვიდა, თუმცა – წარუმატებლად. წარუმატებლად იასპარეზეს ტრამპლინიდან მხტომელებმაც: დიაკონოვი 36-ე ადგილზე გავიდა, ალიევი კი უფრო ადრე გამოეთიშა ასპარეზობას.
ახლა მთელი იმედები მოციგურავეებს უკავშირდებათ, რომლებიც 27 იანვრიდან ჩაებმებიან შეჯიბრებაში, არსებითად, ჩვენი გუნდის ლიდერებადაც იმთავითვე ისინი მიიჩნეოდნენ.
ზამთრის ამ თამაშების ისტორია 2012 წლიდან იწყება, როცა პირველ ამგვარ შეჯიბრებას ავსტრიულმა ინსბრუკმა უმასპინძლა. 4 წლის შემდეგ ესტაფეტა „თეთრი ოლიმპიადის“ მორიგმა მასპინძელმა, ნორვეგიულმა ლილეჰამერმა გადაიბარა (ინსბრუკის მსგავსად, ლილეჰამერმაც უმასპინძლა „დიდ“ ოლიმპიადას), 2020-ში კი მესამე თამაშები შვეიცარიულ ლოზანაში ჩატარდა – ქალაქში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაა განთავსებული. სწორედ აქედან იწყება ჩვენი წარმატებების ათვლაც: ლოზანაში ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ ცეკვებში პირად პირველობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო შერეულ გუნდურში ჩემპიონები გახდნენ.
ჭაბუკები ახალ სეზონს შეუდგნენ
თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელმაც ის ძირითადი ბირთვი გამოავლინა, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას ამ ასაკის საქართველოს ნაკრებში და ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად.
ჩემპიონატში აღნიშნული ასაკის ყველა მოზარდი გამოვიდა, შარშანდელი შემადგენლობაც რამდენადმე შენარჩუნებულია, თუმცა ბევრი ახალგაზრდებშიც გადავიდა, ხოლო ვინც დარჩა, იმათგანაც ბევრმა წონა შეიცვალა ანუ რამდენიმე საკადრო გადაადგილება ვიხილეთ. ასევე ვნახეთ ახალი სახეებიც, რაც ნებისმიერი ტურნირის მთავარი ღირსებაა. იმედია, ისინი წარმატებით დაიმკვიდრებენ თავს ამ ნაკრებში, საამისოდ კი მათ საერთაშორისო ტურნირებშიც წარმატებით უნდა იასპარეზონ და განამტკიცონ ახლანდელი წარმატება, თორემ მხოლოდ ამ ერთ შეჯიბრებაზე, თუნდაც ეს ქვეყნის პირველობა იყოს, მოპოვებული მიღწევა ევროპა-მსოფლიოზე წასვლის გარანტია არაა.
ჩემპიონები გახდნენ: თბილისელი ნიკოლოზ გივიშვილი (50 კგ), საგარეჯოელი შოთა ბაჩოშვილი (55 კგ), გორელი ლუკა დათაშვილი (60 კგ), თბილისელი ვასილ გამეზარდაშვილი (66 კგ), კასპელი ცოტნე ბახტაძე (73 კგ), გორელი გიორგი ზურაბაშვილი (81 კგ), ხაშურელი გიორგი გელაშვილი (90 კგ) და გორელი იოანე აბალაკი (+90 კგ).