სამბოში გოგონებმა ბიჭებს აჯობეს
5 ოქტომბერს, ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მდებარე ქალაქ ბოგორში, დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში ახალგაზრდებსა (19-20 წელი) და ჭაბუკებს (16-18 წელი) შორის. იქ ბიჭებში ორივე ასაკში რომ სრულად დაკომპლექტებული გუნდებით წარვდექით, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ გოგონებშიც ლამის სრულად ვიყავით წარმოდგენილი, განსაკუთრებით – ჭაბუკთა ასაკის გოგონებში, სადაც ყველა წონაში გვყავდა მონაწილე.
ერთი შეხედვით, შედეგიც არაა ცუდი – ჩვენებმა, ორივე ასაკში, 11 მედალი მოიპოვეს, მაგრამ არც ერთი არაა ოქრო – 1 ვერცხლი, 10 ბრინჯაო, ანუ პლანეტის პირველობა უჩემპიონოდ დავასრულეთ. აი, ეს კი ნამდვილად არაა სახარბიელო შედეგი ქართული სამბოს ისტორიისთვის.
სამაგიეროდ, საამაყოდ დარჩებათ გოგონებს ის, რომ მედლების უმეტესობა მათზე მოდის – 11 მედალოსანიდან 7 გოგონაა და 4 ბიჭი.
ჩვენი გუნდიდან ინდონეზიაში ყველაზე კარგი შედეგი ჭაბუკ გოგონათა ნაკრების წევრმა, ხაშურელმა ია ჯელაძემ აჩვენა 54 კილოგრამში – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამავე ასაკის ბიჭებში მესამე პრიზიორები გახდნენ: ლადო დულარიძე (88), ლუკა ნიქაბაძე (98) და ნოდარ სვიანაძე (+98); გოგონებში: ანა გაგოშიძე (80), ბარბარე ფხაკაძე (72) და მარიამ გაბიტაშვილი (+98).
როგორც გითხარით, ახალგაზრდებში სულ 4 ბრინჯაოს პრიზიორი ჰყავთ, აქედან კი მხოლოდ 1 ბიჭია და 3 – გოგონა. ბრინჯაოს მედლებს ზურაბ ზვიადაური (+98), თამარ სუხიაშვილი (50), ეკა ზამთარაშვილი (80) და ნია სპანდერაშვილი დაეუფლნენ (+80) მოიპოვეს.
ია ჯელაძე, ამ ასაკში, ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონია და მან ბოგორში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც იგივე შედეგი გაიმეორა. ფინალამდე კი ნამდვილად იყოჩაღა და 3 პაექრობა მოიგო: პირველ წრეში იორდანიელ ემან ჰაპაქს 4:1 აჯობა, შემდეგ ფრანგ ელოვენ დელორმს 9:0 სძლია. ნახევარფინალში ბულგარელთა ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ დენიცა ბოჟინოვას (ოღონდ ეს მაშინ ქვედა წონაში გამოდიოდა) 5:0 მოუგო, ფინალში კი სამბოს საერთაშორისო ფედერაციის – ფიას-ის სახელით მოჭიდავე მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან, რუს ვალერია კოზლოვასთან (რომელიც, ჯამში, მესამედ გახდა ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი) 1:7 წააგო.
ბოლო წლებში ქალთა ჭიდაობებში საგრძნობი წარმატებებია და უკვე უმაღლეს მწვერვალებსაც შევუტიეთ: სამბოში ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი გვყავს, ძიუდოში – ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ორ ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედლისთვის შეტევის შემდეგ, ზედიზედ, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა; თავისუფალ ჭიდაობაში შედარებით გვიან „დავძარით“ გოგონები, თუმცა ჭაბუკებში იქაც გვყავს ევროპის ჩემპიონი მირანდა კაპანაძე, მაგრამ ქალთა ჭიდაობაში ყამირს ჯერ დიდად მაინც ვერ გავცდით და ეს კვლავაც იმ ფენომენად რჩება, მუდმივად სული რომ უნდა ვუბეროთ და ყველანაირად ვეცადოთ, პატრუქი არ ჩაქრეს. და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქალთა ჭიდაობებშიც მყარად არ ჩამოყალიბდება სისტემა, რომელიც გამოზრდის მომავალ ჩემპიონებს და მოიტანს მასობრიობას. მართალია, ხელშეწყობა იმ სისტემასაც სჭირდება, თორემ იმაზე გაცილებით მალე ჩამოგვეშლება, ვიდრე შექმნას დასჭირდება, თუმცა იქ მაინც უკვე დგახარ სწორ გზაზე, აქ კი ჯერ კიდევ ამ გზის ძიებაში ვართ. ამიტომაც მიგვაჩნია სამბისტ გოგონათა ეს მედლები მნიშვნელოვანი, თორემ წინააღმდეგი არც ბიჭების წარმატებისა ვართ. იმედია, მოზარდი სამბისტები მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებებით გაგვახარებენ.
დოლტმურზიევი საქართველოსთვის
იმ დროს, როცა საკლუბო დონეზე „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“ ჩვენი საცოდაობით, თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა წარმატებით დაძლია უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის (არსებითად, ამ ასაკის ჩემპიონთა ლიგაა) I ეტაპი და საბოლოო წარმატებისთვის აგრძელებს ბრძოლას. პირველ წრეში მათ ბოსნიური „ზრინსკი“ „დაიფრინეს“, საერთო ანგარიშით 4:1. პირველი შეხვედრა ბოსნიაში გაიმართა და ფრედ – 1:1 დასრულდა, რამაც, განმეორებითი თამაშის წინ, დინამოელები უპირობო ფავორიტებად აქცია. დავით გელაშვილის შეგირდებმა იმედები მაქსიმალურად გაამართლეს და მეტოქეს მშობლიურ კედლებში შანსი არ მისცეს, 3:0 მოუგეს. თუმცა საქმე მარტო ანგარიშში არაა, ჩვენებმა ხარისხიანი თამაში აჩვენეს და ქომაგებს კიდევ უფრო დიდი იმედები ჩაუსახეს. მატჩის გმირად ჰალიდ დოლტმურზიევი იქცა, რომელმაც მე-5 წუთზე დაგვაწინაურა, 57-ზე კი საბოლოო წერტილი დასვა. თავი თემურ ოდიკაძემაც გამოიჩინა მეორე გოლის გატანით.
შეგირდთა კარგი თამაშის შემდეგ, გელაშვილი გვაიმედებს, რომ ახალგაზრდულ ლიგაზე შორს წავლენ, რაც ქომაგთა დიდი სურვილიცაა.
დოლტმურზიევი საინტერესო ფიგურაა დინამოელთა რიგებში და არა მხოლოდ სპორტული მიღწევების გამო. ალღოიანი და ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებული ცენტრფორვარდი ეროვნებით ინგუშია, თუმცა მისი ოჯახი, 2000 წლიდან, ევროპაშია ემიგრირებული და ფეხბურთელიც ბელგიაშია დაბადებულ-გაზრდილი. ის სპორტული ოჯახიდანაა – ძიუდოისტია მისი უფროსი ძმა ადალბეკი.
საინტერესოა, რომ მან ფეხბურთის თამაში 4-5 წლისამ დაიწყო „ნიუპორტში“, არადა მამას – უმალატს თურმე 3 წლიდან სდომებია მისი ფეხბურთზე მიყვანა. „ნიუპორტში“ მისვლიდან 3 წელიწადში ჰალიდი „სერკლ ბრიუგეს“ სკაუტებმა გადაიბირეს, იმავე პერიოდში კი მასზე დაკვირვება „ბრიუგემაც“ დაიწყო. მამამისს თუ დავუჯერებთ, „ბრიუგეს“ სკაუტებს მისთვის უთქვამთ, რომ წლის განმავლობაში მისი ყველა თამაში ნახეს! 1 წელიწადში მართლაც გადაიბირა „ბრიუგემ“, რაც ჰალიდის კარიერაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. სწრაფად გახდა ამ სახელოვანი კლუბის 16 და 18-წლამდელთა გუნდების ლიდერი და გზა ხსნილი ჰქონდა ბელგიურ თუ, ზოგადად, ევროპულ ფეხბურთში. მას ჰქონდა მიწვევა რუსეთის ასაკობრივი ნაკრებებიდანაც, სხვა ბელგიური, იტალიური, თურქული, პორტუგალიური თუ სხვა ქვეყნების კლუბებიდან, მაგრამ საქართველოში თამაში და ცხოვრება არჩია. ორიოდ წლის წინ, ერთდროულად, ბელგიისა და რუსეთის ასაკობრივ გუნდებში მიწვიეს და სწორედ მაშინ დააფიქსირა ფეხბურთელმა, რომ საქართველოში თამაში და ცხოვრება სურდა. მალევე გაირკვა, რომ ეს მხოლოდ მისი აზრი არ იყო და ამ პოზიციას მთელი ოჯახი იზიარებდა. მამამისი მალევე ჩამოვიდა საქართველოში და გაეცნო აქაურ ვითარებას, შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიას წარმომადგენლებს და მარტივად მომზადდა ნიადაგი ჰალიდის საქართველოში გადმოსასვლელად. აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ მას შეეძლო, მიეღო ჩვენი მოქალაქეობა, სათამაშოდ კი ევროპაში დარჩენილიყო, რომელიმე ცნობილ კლუბში (დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან მსგავსი ინფორმაციები ხშირად არ საჯაროვდება, მაგრამ მისი მენეჯერები და საქმეში ჩახედულნი ირწმუნებოდნენ, რომ მსურველთა შორის ევროპის წამყვანი გუნდებიც იყვნენ), მაგრამ მისი მყარი პოზიცია საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა იყო. ეს სურვილი კიდეც აისრულა და დღეს ჰალიდი ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრების არა მხოლოდ წევრი, ერთ-ერთი ლიდერიცაა. რაც მთავარია, მისი გოლეადორობა და შედეგიანობა აქაც გრძელდება.
შესაძლოა, ბევრს გაუჩნდეს განცდა, რომ თავის დროზე რუსეთში გადასვლა დოლტმურზიევმა იქაური ფეხბურთის საერთაშორისო იზოლაციის გამო იუარა და ამიტომ არჩია საქართველო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას მაშინ ბელგიური არჩევანიც ჰქონდა. თუმცა, მთავარი მაინც ინგუშების განსაკუთრებული დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ – დღემდე კარგად ახსოვთ მათი უახლესი ისტორიის ყველაზე მწარე მონაკვეთი – მუჰაჯირობისას ჩვენგან გაკეთებული სიკეთე, როცა გადასახლებიდან დაბრუნებულებს იქ ჩასახლებულმა ქართველებმა (ძირითადად – ხევსურებმა, რომლებიც საბჭოთა მთავრობამ გადაასახლა იმათ ნაფუძარზე), ზოგიერთი მეზობლისგან განსხვავებით, ულაპარაკოდ დაუცალეს სახლები. ბევრმა საქონელი და საოჯახო ნივთებიც დაუტოვა, დაგჭირდებათო, ზოგმა ფულიც კი გაუგზავნა სამგზავროდ და ზოგი პირადად ჩავიდა ყაზახეთში და იმ ინგუშს, ვის სახლშიც იყო ჩასახლებული, სამგზავრო ფული მისცა… დრო ხშირად ანელებს მადლიერების გრძნობას, საბედნიეროდ, ინგუშებს დღემდე კარგად ახსოვთ ეს სიკეთე და შვილებსაც ამ მადლიერების გრძნობით ზრდიან. ჩრდილო კავკასიიდან ინგუშები იყვნენ ერთადერთი ერი, რომელსაც აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ არ უბრძოლია. ცნობილია ინგუშეთის მაშინდელი პრეზიდენტის, რუსული არმიის ოფიცერ რუსლან აუშევის სიტყვები, როცა მტკიცედ განაცხადა, ჩვენ ქართველების წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთო და არც უომიათ. დოლტმურზიევიც საქართველოსადმი პატივისცემითაა გაზრდილი, რასაც არა მხოლოდ გოლებით და მოედანზე კარგი თამაშით, ცხოვრებაშიც ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს.