14 დეკემბერი, შაბათი, 2024

სპორტის სიახლეები

spot_img

ახალი თაობა სროლაში

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა გერმანულ ზულში ჩატარებულ „ახალგაზრდების მსოფლიოს თასზე“ – თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. პირველი ჯილდო – ბრინჯაო ჩვენებმა შერეულ წყვილებში მოიპოვეს, სადაც თელაველი მარიამ ფროდიაშვილი და ქუთაისელი გიორგი მუმლაძე შედიოდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე ისინი მესამეზე გავიდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს, ტაილანდელებს დამაჯერებლად, 16:4 მოუგეს.

ვერცხლი ჩვენმა გოგონათა ნაკრებმა  გუნდურ ტურნირში მოიპოვა, გუნდში კი მარიამ ფროდიაშვილთან ერთად მისი ტყუპისცალი – სალომე ფროდიაშვილი და თბილისელი მარიამ აბრამიშვილი შედიოდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპი ამ სამეულმა,  ინდოელთა მართლაც უძლიერესი გუნდის შემდეგ, მეორე შედეგით დაასრულა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც ინდოელებთან 8:16 დათმეს და ვერცხლის მედლები მიპოვეს.

ჩვენს ნაკრებში ასევე შედიოდნენ ქუთაისელი იოანე ხვარეშია და თელაველი შოთა სუმბაძე. ამათგან ხვარეშიას გარდა, ყველას ახალი დაწყებული აქვს ვარჯიში, თუმცა ყველაზე ხანმოკლე სტაჟით აბრამიშვილი გამოირჩევა – 1 წლის წინ დაიწყო ვარჯიში. სამწუხაროდ, მის პირველ წარმატებას ვერ მოესწრო მისი მწვრთნელი ოთარ კობერიძე – მოულოდნელად გარდაიცვალა ზუსტად შეჯიბრების დღეებში.

აღსანიშნავია, რომ ორივე თელაველი ერთი სკოლის – თელავის IV საჯარო სკოლის მოსწავლეა.

დასასრულს, დავძენთ, რომ ჩვენი ახალგაზრდა მსროლელები ბოლო პერიოდში უცხოეთიდან სულ უფრო ხშირად გვიბრუნდებიან მედლებით. დღეს უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ სროლაში წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად მოგვიტანს წარმატებებს.

მოჭიდავეთა სპორტული მაისი

ბოლო დღეებში, მოჭიდავეთა ასაკობრივმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სტარტები გაიარეს და – წარმატებითაც: ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ჭაბუკები ანტალიაში გამოვიდნენ; იქვე იჭიდავეს, ოღონდ, სხვა ტურნირში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებმა, ხოლო ბერძენ-რომაელი ახალგაზრდები ბუქარესტში გამოვიდნენ.

ჭაბუკებმა ანტალიაში გამოსვლა 7 მედლით დაასრულეს – 3 ოქრო, 4  ბრინჯაო. ჩემპიონები ანრი ფუტკარაძე (71), ლუკა გელაშვილი (80) და დავით მგელაძე (110) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს გიორგი კოჩალიძე (45), ვახტანგ ლოლუა (51), ავთანდილ მამალაძე (60) და საბა ფურცელაძე (92) დაეუფლნენ.

ანტალიაში „თავისუფლად“ მოჭიდავე ახალგაზრდებმა 8 მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ამათგან ჩემპიონი დავით კოღუაშვილი გახდა, მან 86 კილოგრამში არავის დაუთმო პირველობა. ფინალში ასევე გავიდნენ ლუკა ჯანეზაშვილი (65), ანდრო მარგიშვილი (92) და ლუკა ხუჭუა (97), თუმცა ისინი საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდნენ. მესამე ადგილი დავით აბდალაძემ (61), დავით ფაცინაშვილმა (70), თორნიკე თულაშვილმა (79 და მერაბ სულეიმანაშვილმა (125) მოიპოვეს.

მოჭიდავეთაგან ყველაზე დიდი წარმატებით ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები გამოვიდნენ, რომლებმაც ბუქარესტში „კონსტანტინ ალექსანდრუ-იოან პოპოვიჩის მემორიალში“ იჭიდავეს: ჩვენებმა 10-ვე წონაში მედალი მოიპოვაეს და გამოსვლა 10 მედლით დაასრულეს. 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო და გუნდური პირველობა – ასეთია მათი მონაგარი.

ჩემპიონები რომეო ბერიძე (63), ნიკა ბროლაძე (67), აჩიკო ბოლქვაძე (82), ბექა მელელაშვილი (87) და მათე გოქაძე (130) გახდნენ. ფინალში დიმიტრი ხაჩიძე (60) და კოტე სიჭინავა (97) დამარცხდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლუკა ჯავახაძე (55), თემურ ორჯონიკიძე (72) და თორნიკე მიქელაძე (77) დაეუფლნენ.

ამ გუნდიდან უთუოდ იმსახურებს ყურადღებას ხულოელი აჩიკო ბოლქვაძე. იგი  შარშან ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახალგაზრდებში კი წლეულს გადმოვიდა, აქაც წარმატებით ჭიდაობს და არც უფროსებში უდებს ტოლს ვინმეს; დეკემბერში ქვეყნის ეროვნულ პირველობაზე იჭიდავა და, ასაკის მიუხედავად, მესამეზე გავიდა, შემდეგ კი 23-წლამდელებშიც მოიპოვა მედალი. ფაქტობრივად, ბოლო ნახევარ წელიწადში 3 ასაკში გამოვიდა და, შინ თუ გარეთ, უმედლოდ არასოდეს დარჩენილა. ის ჩვენი ჭიდაობის ერთ-ერთი მთავარი იმედია.

ძიუდოისტები ესპანეთიდან პოლონეთამდე

21-22 მაისს ჩვენმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ესპანურ მალაგაში, ხოლო ჭაბუკებმა პოლონურ ბიელსკო ბიალაში იჭიდავეს.

მალაგაში ჩვენგან სულ 3 კაცი გამოვიდა, წარმატება კი მხოლოდ გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. 60 კილოგრამში ჩემპიონი გახდა, ფინალში, დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამზე მოპოვებული ვაზარით დაამარცხა იაპონელი კეიჯი ციჯიოკა და დამსახურებლად გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ის ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი და ევროპის ფინალისტია, სულ მალე, 3-5 ივნისს, მაყურებელი თბილისშიც იხილავს „დიდ მუზარადზე“.

პოლონეთში ბიჭების ნაკრები გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა, მათი ნადავლი კი 12 მედალია: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. ჩემპიონები გიორგი მიშველიძე (73), მათე ჩაპურიშვილი (81) და თამაზ ბიგანაშვილი (+90) გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები – დავით კევლიშვილი (60) და ნიკა მორბედაძე (66), მესამეზე კი ლუკა მაისურაძე (50), დავით ქარელი (60), საბა სამადაშვილი (66), სანდრო ახლოური (73), ნოდარ ალაფიშვილი (90), ნიკოლოზ ზაალიშვილი და გიორგი ბადუაშვილი (ორივე – +90) გავიდნენ. ჩვენები ყველაზე კარგად მძიმე წონაში გამოვიდნენ, სადაც 3 მონაწილე გვყავდა და სამივე ავიდა კვარცხლბეკზე. თან, ისინი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ, თორემ, დიდი ალბათობით, აქ ქართულ ფინალს ვიხილავდით,

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მეორეზე გავიდნენ – მხოლოდ ფრანგებს ჩამორჩნენ, რომლებმაც, ტრადიციულად, გოგონების ხარჯზე გვაჯობეს. პოლონეთში ჩვენი გოგონებიც გამოდიოდნენ, თუმცა წარუმატებლად – პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.  მათგან პირველი წრის გავლა მხოლოდ ლიზი ქვარცხავამ (70) მოახერხა.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები