27 ივლისი, შაბათი, 2024

სპორტის სიახლეები

spot_img

სასკოლო ლიგა გრძელდება

თბილისის ჭადრაკის სასახლეში, სატესტო რეჟიმში ჩატარდა „სასკოლო ლიგა ჭადრაკში“, რომელიც 9 ტურად გაიმართა, მასში თბილისის საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობდნენ. თავად სასკოლო ლიგაც და ეს კონკრეტული პროექტიც სპორტის მართვის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება, ცალკეულ სახეობებში კი მათ სპორტის იმ სახეობების ეროვნული ფედერაციები ეხმარებიან. ამ შემთხვევაშიც ასე იყო – ასოციაციას საორგანიზაციო საკითხებში დიდი დახმარება გაუწია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ.

9-ტურიანი ბატალიების შემდეგ ბიჭებში  ქულათა მაქსიმუმით – 9 ქულით, ჩემპიონი ანდრია რაჭველიშვილი გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე კი ოთარ ამყოლაძე და ნიკოლოზ ლომთაძე გავიდნენ, რომლებმაც თანაბარი, 6.5-6.5 ქულა დააგროვეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალი ამყოლაძეს ერგო.

გოგონებში 8 ქულით ანასტასია ქოქიაშვილმა გაიმარჯვა. 7-7 ქულით დაასრულეს გამოსვლა ნუცა მთვარელიძემ და მარიამ ჩიხლაძემ, ვერცხლი კი საბოლოოდ მთვარელიძეს დარჩა.

„სასკოლო ლიგა“ ასევე მიმდინარეობს ფრენბურთში, სადაც გათამაშებაში თბილისისა და რუსთავის 24 სკოლა ჩაება. ისინი 8 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ და 3 ტურის შემდეგ  გამოავლინეს 8 მეოთხედფინალისტი. 22 დეკემბერს მეოთხედფინალური შეხვედრებიც გაიმართა, სადაც 98-ე სკოლამ 2 სეტში დაამარცხა 192-ე სკოლა. ამავე ანგარიშით, 2:0 „თავისუფალმა სკოლამ“ 103-ეს მოუგო, ხოლო „ბაქსვუდმა“ 180-ე სკოლას აჯობა. 90-ემ 2:1 სძლია 155-ე სკოლას.

„სასკოლო ლიგის“ ფარგლებში ასევე მიმდინარეობს თაგ რაგბისა და ფუტზალის  სასკოლო ლიგები – ორივე სახეობაში მორიგი ტურის შეხვედრები  ამ დღეებში ჩატარდება.

ტურნირი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით 

რამდენიმე დღის წინ საინტერესო ტურნირი გაიმართა თელავის სპორტულ ტირში – თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუნდენტები ერთმანეთს პნევმატური თოფებიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში გაეჯიბრნენ.

სულ რამდენიმე წელიწადია, რაც ეს სპორტული ბაზა შეემატა ქართულ სპორტს, კონკრეტულად კი – სროლის სახეობებს, რაც დიდი შეღავათი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოში სროლის სახეობების (სასტენდო და ტყვიის სროლა) სპორტული ბაზები სულ რამდენიმეა: სასტენდოში მხოლოდ თბილისში შემორჩა ერთადერთი სასროლეთი, ტყვიის სროლაში კი თელავის ტირი მეოთხე იყო (2 თბილისშია, 1 – ქუთაისში). მისი გახსნა შესანიშნავ თელაველ პოეტ ლადო ჭინჭარაულს (ხირჩლათ-ლადო) უკავშირდება, ვინც დღეს თავადაა პარა-მსროლელი და საკმაოდ წარმატებულიც – შარშან ტოკიოს პარალიმპიადაზეც კი იასპარეზა. თუმცა რომ არა თელავის მუნიციპალიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის გულისხმიერი დამოკიდებულება, ეს საქმე მაინც არ გამოვიდოდა, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გაიღეს ტირის შესაქმნელად და იმ დროისთვის ქვეყანაში საუკეთესო სასროლეთი დააკომპლექტეს. შედარებისთვის – მაშინ ნინო სალუქვაძის ტირში მხოლოდ 5 ფარი იდგა (თუმცა კი – ელექტროფარი), ხოლო თელავში 10-ფარიანი დარბაზი გააკეთეს. მოგვიანებით თბილისშიც მოხერხდა სპორტის სამინისტროს შენობაშივე, სალუქვაძის ტირის მომიჯნავე ფართის ავტოსახელოსნოებისთვის გამოგლეჯა და სალუქვაძის ტირისთვის 49-წლიანი იჯარით გადაცემა, სადაც ახლა დამატებით 12 ფარია, თუმცა მაშინ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტირი თელავისა გახლდათ. ამას ქალაქის ინფრასტრუქტურაც დაემატა – საკურორტო ქალაქში  სასტუმროების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იყო და საქართველოს ნაკრებმა უცხოეთის ნაცვლად უკვე თელავში დაიწყო შეკრებებზე სიარული. მართალია, პერიოდულად, უცხოეთშიც დადიოდნენ – ძირითადად, ერთობლივ ვარჯიშებზე, მაგრამ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებზე, მარტივად რომ ვთქვათ – ყოველდღიურ რეჟიმში სავარჯიშოდ სხვაგან წასვლა უკვე აღარ სჭირდებოდათ (ისე, ჩვენი ნაკრების ბედი უცნაურია: თავიდან გერმანიაში დადიოდნენ, თუმცა მაშინ ეს მარტო სალუქვაძეს უწევდა, რადგან სხვა მსროლელი, ფიზიკურად არ გვყავდა. მერე ჯერ სომხეთში, შემდეგ კი აზერბაიჯანში გადმოინაცვლეს შეკრებებზე, რადგან ამ ქვეყნებმა ასეთი მიმდევრობით მოაწესრიგეს თავისთან სავარჯიშო პირობები).

თელავის ტირმა თავისი სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობითაც  მალევე თქვა და სწრაფად დაიწყო წარმატებულ სპორტსმენთა გამოშვება – მათი შეგირდები უკვე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც შედიან და საერთაშორისო ტურნირებზე გვარიანი წარმატებების მოპოვებაც მოასწრეს – ნაკრების შემადგენლობაშიც და – ინდივიდუალურადაც. გოგონათა ახალგაზრდულ ნაკრებში იქაური ტყუპი დები – მარიამ და სალომე ფროდიაშვილები შედიან, რომლებიც ქართული ტყვიის სროლისთვის კოლორიტულ ჩუბინებად იქცნენ.

რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ტურნირს, მასში თელავის უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. სხვათა შორის, ეს დისციპლინა, რომელშიც შეჯიბრება ჩატარდა – პნევმატური თოფი, საქართველოში არაა დიდად პოპულარული ინვენტარის არქონის გამო – შიდა ტურნირებზე  უკონკურსოდ მხოლოდ ერთადერთი თელაველი სპორტსმენი, უჩა ახალაური გამოდის, როემლიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელია და ამ ტიპის იარაღზეც თავად მიუწვდება ხელი, სხვა კი საქართველოში მსგავს თოფზე არავინ ვარჯიშობს.

ტურნირი ტყვიის სროლაში საქართველოს ბიჭების ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატის – გიგა გურგენაშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც თელავის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. მეორეზე დავით მამაგულიშვილი გავიდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, მესამე კი აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ელდარ ჯოხარიძე იყო.

მამლიკიძის 30 ქულა

12 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 20-წლამდელ კალათბურთელთა შორის, რომელიც გამორჩეული გამოდგა – მასში 10 გუნდი ასპარეზობს, ამდენი მონაწილე კი ადრე არასოდეს ყოფილა. ეს გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ და ისე გააგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონის წოდებისთვის.

ჩემპიონატი საინტერესოდაც დაიწყო. პირველ ტურში ფავორიტებმა საკმაოდ იოლად იმარჯვეს და ამ მხრივ გამორჩეული არაფერი მომხდარა, თუმცა თსუ-ბთბ-თბილისის შეხვედრამ ყურადღება მაინც მიიქცია ერთი მიზეზის გამო: თსუ-ელმა ლუკა მამლიკიძემ 29 წუთში 30 ქულა, 22  მოხსნა და 4 პასი მიითვალა. დაგვეთანხმებით, მართლაც მშვენიერი სტატისტიკაა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 40-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა: 116:76. იმედია, ჩემპიონატი მომავალშიც საინტერესოდ გაგრძელდება.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები