27 ივლისი, შაბათი, 2024

სპორტის გაკვეთილები დისტანციურად

spot_img

ახალმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს ონლაინ მეთოდებით ცხოვრებისკენ უბიძგა. ბუნებრივია, საქართველომაც გადადგა ამ მიმართულებით ნაბიჯი და უკვე ორ კვირაზე მეტია, ქვეყანაში სასწავლო პროცესი ონლაინ ტარდება.

ერთია დისტანციურად ასწავლო ჰუმანიტარულ, ტექნიკურ ან თუნდაც საბუნებისმეტყველო საგნებში და მეორე – სპორტში. საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს სპორტის გაკვეთილები ონლაინ, რამდენადაა ეს შესაძლებელი და შეცვლის თუ არა ის ფიზიკურ აქტივობებს, რაც ამ გაკვეთილების ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა. ამ თემაზე სასაუბროდ სპორტის ორ მასწავლებელს დავუკავშირდით, რომლებსაც ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ:

– რა რესურსები არსებობს სპორტის ონლაინ გაკვეთილებისთვის და როგორ ატარებთ მათ?

მარი ჯინჭარაძე, თბილისის 23-ე საჯარო სკოლის სპორტის უფროსი მასწავლებელი:

 

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი ბავშვების მხრიდან ასეთ ინტერესს. ახლა აქცენტი, ძირითადად, გადატანილია თეორიულ მომზადებაზე – ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის სახეობები და სხვ. ონლაინ გაკვეთილზე მთელი კლასია შემოსული, დიდი ინტერესით მისმენენ და ისეთი ყურადღებით ასრულებენ დავალებებს… მე პირადად შევუდგინე ვიქტორინები, თავსატეხები, სპორტული კროსვორდები, რამაცა დიდი ინტერესი გამოიწვია. უფროსკლასელები იხვეწებიან რამე განსაკუთრებულს. მაგალითად, დღეს ფრენბურთი გვქონდა გაკვეთილად – მისი წარმოშობა, ისტორია და დიდი ინტერესით მისმენდნენ, დიდი კმაყოფილება გამოხატეს.

პარალელურად, ვარჯიშების ვიდეო ბმულებს ვუდებთ, რის მიხედვითაც ისინი ვარჯიშობენ, იწერენ მონაცემებს ვარჯიშებს შორის შუალედებში, რასაც ერთმანეთს ვადარებთ… ერთი სიტყვით, ამ ტიპის გაკვეთილებისთვისაც საკმაოდ ბევრი საშუალებაა. მაგალითად, თავსატეხები რომ ვახსენე, გასაგებია, რომ ბავშვი კომპიუტერს არ უნდა მივაჯაჭვოთ, მაგრამ იქ ისეთი თეორიული მასალაა, რაც საჭიროა: სპორტის სხვადასხვა სახეობების თამაშის წესები, კითხვა-პასუხი, ამოცანები, რომელიც მხედველობით მახსოვრობას ავითარებს, სპორტული ინვენტარი, ოლიმპიადების თარიღები და სხვა, რაც, მგონია, რომ კარგია.

ონლაინ გაკვეთილებზე ფიზიკურადაც იტვირთებიან. ჩემს სკოლაში მე უფროს კლასებთან ვმუშაობ, დაწყებით საფეხურებთან კი ჩემი კოლეგაა. ისინი 10-წუთიანი ზოგადი გამაჯანსაღებელი ვარჯიშით იწყებენ გაკვეთილს – ბავშვები იმეორებენ მასწავლებლის მოძრაობებს, მერე კი, გადადიან თეორიულ მასალაზე. თემები უფრო მათი ასაკისთვის შესაფერისია.

უფროს კლასებში მათ ასაკზე გათვლილ ბმულებს ვაწვდით და იმის მიხედვით ვარჯიშობენ. ასევე გვაქვს ამ ვარჯიშების ამსახველი ნახატები, რის მიხედვითაც უნდა ივარჯიშონ. ეს ნახატებიც და ბმულებიც სამინისტრომ მოგვაწოდა – გია ბეგიაშვილმა და ქეთი ქობალიამ გაგვიწიეს რეკომენდაცია. თუმცა, მათ მოგვცეს უფლება, შევიტანოთ შესწორებები პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებთ კიდეც და გარკვეული ცვლილებები ჩვენც შეგვაქვს. უკვე ორი კვირაა, ამ ტიპის გაკვეთილებს ვატარებთ და ყველა კმაყოფილია.

 

 

ზურაბ ჯუშოშვილი, ქარელის №1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი:

რეკომენდაციები ჩვენმა სამინისტრომაც გამოგვიგზავნა, ბატონმა გია ბეგიაშვილმა. მასში ფიზიკური აქტივობები სამ ნახატადაა დაყოფილი; მაგალითად – ვარჯიშები უკლებლივ ყველა კლასზეა გათვლილი, მე-12 კლასის ჩათვლით. მითითებულია, ვთქვათ, დაწყებით კლასებში დღეში რამდენი აწევა უნდა გააკეთოს ხელებზე დაყრდნობით, რამდენი – ჩაცუცქვა და ა.შ. ამ ყველაფერს კი, თან ახლავს კვირის ცხრილი. ეს მონაცემები ბავშვებს უკვე ჩავუგდე ინტერნეტში, ონლაინ რეჟიმში, კვირის ბოლოს მათ უნდა შეავსონ ცხრილი, მოცემულ კვირაში დღეში რამდენჯერ შეასრულეს მიცემული დავალება. მომავალ კვირაში ახალ დავალებას გამოგვიგზავნიან.

ბავშვებს რეკომენდაციებსაც ვაძლევთ, რა როგორ გააკეთონ. თან ისინი მასწავლებლებს კი გვხედავენ და გვესაუბრებიან კიდეც წერილობით, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, რას როგორ აკეთებენ. თავიდან ბავშვებს ვავალებ გამამხნევებელ ვარჯიშებს, რადგან სკოლაშიც ასე ვიწყებდით სპორტის გაკვეთილს – გამამხნევებელი ვარჯიში, რასაც მოსდევდა ძირითადი ნაწილი. სამინისტროს რეკომენდაციაშიც იყო მითითებული, ონლაინ გაკვეთილი დაგვეწყო გამამხნევებელი ვარჯიშით, რომ კუნთი არ გაიჭიმოს.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მეც ვცდილობ რაღაცებს. მაგალითად, წოლით რეჟიმში ჰანტელებით მუშაობა, თუმცა იმასაც ვფიქრობ, იქნებ, ვინმეს ჰანტელებიც არ ჰქონდეს. მისი შეცვლა მარტივად შეიძლება: ჩვეულებრივი პოლიეთილენის ბოთლი გავავსოთ წყლით, შეიძლება, ნახევარლიტრიანებით დაიწყონ და მერე გადავიდნენ ლიტრიანებზე. მერე შეიძლება, წყალი შეცვალონ ქვიშით, რათა უფრო დაამძიმონ. ამასაც ინტერნეტში ვეცნობი, წოლით რეჟიმში როგორ ხდება ეს ვარჯიშები, რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და ტრავმა რომ არ გამოიწვიოს. თუმცა, ამის საშიშროება ნაკლებად მგონია, რადგან იოლი ვარჯიშია, არაა რთული. თან, შეუძლიათ, ვარჯიშისას, ტელევიზორი ან მუსიკა ჩართონ, რაც ამ პროცესს უფრო გაახალისებს.

აი, ასეთ პატარ-პატარა ვარჯიშებზე ვიდეობს ვიღებ და ონლაინ ჩათში ვუგზავნი მოსწავლეებს, რათა ამის მიხედვით ივარჯიშონ. კიდევ ვფიქრობ, უფრო მრავალფეროვანი ვარჯიშები შევასრულო.

ჩემი გამოცდილებით რაც შემიძლია, ვაკეთებ, მაგრამ დახმარება დაგვჭირდება. ამას წინათ, მუყაოსგან კალათბურთის ფარები ავაწყვე – მუყაოზე პოლიეთილენის ერთჯერადი ჭიქები დავამაგრე და კალათბურთის ფარი გამოვიდა, მერე კი პინგ-პონგის ბურთით ჩემს შვილს კალათბურთი ვეთამაშე – დაბლა დაგდებით რამდენს ჩავაგდებდით. სახალისოც გამოვიდა და ბავშვებსაც ავუტვირთე, გააკეთეთ-მეთქი. თუმცა, ეს პროცესი დიდხანს თუ გაგრძელდა, მეტი დახმარება, მეტი რეკომენდაციები იქნება საჭირო სამინისტროდანაც, სპორტის სასწავლო უნივერსიტეტიდანაც – ხომ გვყავს გამოცდილი პედაგოგები! ამას დავალების სახე უნდა ჰქონდეს – მე კი ვაკეთებ ამას, მაგრამ გააკეთებს ყველა? თუმცა, სკოლის დირექტორს თუ მოსთხოვენ სამინისტროდან მიცემული დავალებების შესრულებას, მაშინ გააკეთებენ. ამ კუთხით, საინტერესო იყო ბეგიაშვილის მიერ გადმოგზავნილი ზემოაღნიშნული რეკომენდაციები.

სხვათა შორის, მათში გარკვეული ცვლილებები ჩემით შევიტანე – ინტერნეტში მოვიძიე და ის ნახატები შევცვალე. მე გავაკეთე „შპაკატი“, ლახტი და „მერცხალა“ – ცალ ფეხზე ხელებაწეული დგომი. მოეწონათ კიდეც და ასეთი მრავალფეროვნებები შეიძლება, გაკეთდეს.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები