ამ პატარა ადამიანებისთვის, რომელთაც სპეციალური საჭიროებების მქონედ მოვიხსენიებთ, პირველკლასელობა კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი, რთული ეტაპია. მის გადალახვაში თანადგომა, პროფესიული დახმარება აუცილებელია მათი სწორი განვითარებისა და ინტეგრაციისთვის. მზად არიან თუ არა ჩვენი სკოლები ამ მომსახურების სრულფასოვნად გაწევისთვის, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ წლიდან წლამდე, თუნდაც მცირედით, მაგრამ რაღაც მაინც უმჯობესდება ამ ბავშვებისთვის, პირველ რიგში, მიმღებლობის თვალსაზრისით, რაც 6 წლის (და არა მარტო) სსსმ მოსწავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა. გავიხსენოთ სულ რაღაც 10-12 წლის წინანდელი განწყობები, როცა კლასები იცლებოდა მშობლების პროტესტის გამო. მაშინ რიგიანად პასუხის გამცემი და მშობლისთვის ახსნა-განმარტების მიმცემი ძალიან ცოტა ვინმე თუ იყო, სათანადო ცოდნისა და გამოცდილების არქონის გამო. დღეს ეს ეტაპი გავლილია, ბევრ სკოლაში გარემოც ადაპტირებულია, მეტ-ნაკლებად შესაბამისი კადრითაც, სპეცმასწავლებლებითაც უზრუნველყოფილია, მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელი, სპეციალური მასწავლებელი, დღემდე რჩება განსაკუთრებულ პრობლემად. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში, რომელიც ცნობილი იყო თავისი პედაგოგიური და ფსიქოლოგიური სკოლების (რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ სფეროში) დიდი ტრადიციებით, სპეციალური პედაგოგიკა საერთოდ არ არსებობდა. მეცნიერების ეს დარგი მხოლოდ ახლა ვითარდება ჩვენში.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 1300 სპეცპედაგოგი უკვე მუშაობს სისტემაში, მაგრამ მათი დიდი ნაწილი – სპეციალური განათლების გარეშე, სხვადასხვა ტრენინგზე მიღებული ცოდნით, უკეთეს შემთხვევაში, მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული 120-საათიანი სწავლებით, რაც ბუნებრივია, საბაზისო, აკადემიურ ცოდნად ვერ ჩაითვლება. ვფიქრობ, არასწორი იყო, თავის დროზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, საბაკალავრო კურსიდან სპეციალური მასწავლებლის პროგრამის ამოღების თაობაზე. შემდეგ, 2013 წელს კი მიიღო პროგრამამ აკრედიტაცია, მაგრამ ამჟამად, 80 მსურველისგან შერჩეული მხოლოდ 20 სტუდენტი ეუფლება სპეცპედაგოგის პროფესიას, თუმცა არავინ იცის რამდენი გააგრძელებს ამ მიმართულებით პედაგოგიურ საქმიანობას. გამოცდილებით, ძალზე მცირე. ფაქტი ისაა, რომ მომავალი პედაგოგი ისე ამთავრებს უნივერსიტეტს, ამ საგანში არც ერთი ლექცია არ უტარდება! უცხოური გამოცდილება სხვადასხვაგვარია, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ბაკალავრიატის III კურსი (II კურსზე ზოგად პედაგოგიკას გადიან), მთელი წელი, ყველა საფეხურის მომავალი პედაგოგისთვის, სწორედ სპეციალურ პედაგოგიკას ეთმობა. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, როცა სკოლების უმრავლესობაში 5, 10, 15 სსსმ მოსწავლე გვყავს და სპეცპედაგოგების დეფიციტი გვაქვს, არ მგონია, ბევრი ფიქრისა და კამათის დრო გვქონდეს იმის გასარკვევად, საჭიროა თუ არა უნივერსიტეტში, ბაკალავრიატში იღებდეს ყველა მომავალი პედაგოგი, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების, საფუძვლიან ცოდნას სპეციალური პედაგოგიკის დარგში. დიახ, საჭიროა, ასეთია ილიაუნის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელის აზრიც, თუმცა, გამოცდილებით ვიცი, იმდენი ბიუროკრატიული ბარიერი შეხვდება ამ საკითხის მოგვარებას, თავისი საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებით, ათასგვარი ქაღალდომანიით, კიდევ რამდენიმე თაობა გვეყოლება მხოლოდ ტრენინგგავლილი ან უბრალოდ გულისხმიერი ენთუზიასტების იმედზე, აბა სხვა რა შეიძლება უწოდო ადამიანს, რომელიც ასეთ კოლოსალურ შრომას ეწევა 300-400 ლარიანი ხელფასით?!
ასეთი ადამიანები კი, საბედნიეროდ, მართლაც გვყავს. ნინო ქარჩავა (ბათუმი) დაწყებითი კლასების პედაგოგია, წელს პირველ კლასში აუტისტური სპექტრის მოსწავლე ჰყავს, ოჯახსაც წინასწარ გაეცნო და ფსიქოლოგთან და ასისტენტთანაც ჰქონდა კონსულტაცია, გარკვეული ინფორმაცია შეაგროვა და 2 კვირის განმავლობაში ინდივიდუალური გეგმაც დაწერა. „რაც არ უნდა დეტალურად აღგიწეროს მშობელმა შვილის მდგომარეობა, გაკვეთილზე მაინც შეიძლება რაიმე მოულოდნელობა გამოჩნდეს, რა მეთოდიც უნდა გიკარნახონ, შენ მაინც გიწევს საკუთარის მიგნება, ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში ხვდები როდის, როგორ მიუდგე. შენ მიერ დაწერილ გეგმაშიც თანდათან შეგაქვს შესწორებები (საერთოდაც 2 კვირა ცოტა მგონია გეგმის შესადგენად). ეს ერთი მხარეა, რაც თავად ბავშვს ეხება, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია კლასი, რომელმაც უნდა მიიღოს მისგან განსხვავებული, უთანაგრძნოს და იზრუნოს მასზე. ბევრი ახსნა და განსაკუთრებული საუბრები არ მჭირდება, ამისთვის სადამრიგებლო საათსაც ვიყენებთ, ბავშვები ზედმეტ პრობლემას არ ქმნიან ამის გამო, თუმცა პატარები არიან და თავშეკავებულ ინტერესს იჩენენ ხოლმე“ – გვეუბნება ქალბატონი ნინო.
თანაკლასელთა ფაქტორზე საუბრისას, სხვა მასწავლებლებიც იმავეს ამბობენ – ისინი არასოდეს ავლენენ აგრესიას, მხოლოდ ინტერესს, ცნობისმოყვარეობას. რამდენად დელიკატურად და მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნი, როგორ მოახერხებ მათში თანაგრძნობის (და არა სიბრალულის) გამოწვევას, ეს მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული. ერთმა პედაგოგმა გვითხრა, როცა ამის საჭიროებაა და კლასიდან გამყავს ბავშვი, დასვენებაზე, ხილითა და ფუნთუშეულით ივსება რესურსოთახიო. ასე გამოხატავენ პატარები თავიანთ თანაკლასელზე ზრუნვას, რაც მისთვის ნებისმიერ თერაპიაზე უკეთესი შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს.
წერილის მომზადებისას ამ საკითხზე მომუშავე სამეგრელო-ზემო სვანეთის მულტიდისციპლინური გუნდის წევრს ფატი ახალაიას ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ წელს, ამ რეგიონში, რომელიც 9 მუნიციპალიტეტს აერთიანებს, 26 სსს მქონე პირველკლასელი ჰყავთ, მართალია მათთან მომუშავე სპეცპედაგოგებს მაგისტრატურაში არ აქვთ ეს კურსი გავლილი, მაგრამ ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები არიან.
ორ მათგანს ვესაუბრე – მიმი სარჩიმელიას, ზუგდიდიდან და თეონა სხვიტარიას, ფოთიდან. ქალბატონ მიმის პედაგოგიური საქმიანობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს, ჯერ კიდევ სპეცსკოლიდან დაწყებული, პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის განათლებით 11 წელია სპეცპედაგოგად მუშაობს; წელს სკოლას 6 სსსმ მოსწავლე ჰყავს – ერთი პირველ კლასში, აუტისტური სპექტრის მქონე. ამბობს, რომ თანატოლების მხრიდან, მიმღებლობის თვალსაზრისით, არც მას აქვს პრობლემა, თუმცა ეს დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ წარადგენ მას თანატოლების წინაშე. „ამის აღიარებული მეთოდები არსებობს და წარმდგენმა ეს აუცილებლად უნდა იცოდეს, ნასწავლი უნდა ჰქონდეს, მაგრამ პიროვნულ უნარსა და გამოცდილებასაც აქვს მნიშვნელობა“, გვეუბნება ქალბატონი მიმი.
რაც შეეხება თეონა სხვიტარიას, ამბობს, რომ ინკლუზიური განათლებით სერიოზულად 2007 წელს დაინტერესდა, როცა გერმანიაში, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა (გერმანული ენის მასწავლებელია). „გერმანიაში ეს თემა ძალიან აქტუალური იყო და მეც დავინტერესდი. საქართველოში დაბრუნებულმა რამდენიმე სახის ტრენინგი გავიარე, ბოლოს მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული 120-საათიანი სწავლებაც. გავიარეთ ექვსივე მოდული როგორც საგანმანათლებლო, ისე სამედიცინო კუთხით, ვიმუშავეთ კონკრეტულ მაგალითებზე – მასწავლებლის და მშობლის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობებზე, გავეცანით მეთოდებს, როგორ დავაკვირდეთ სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებს და ბოლოს საკმაოდ მკაცრი გამოცდაც ჩავაბარე. დავიმსახურე სპეცმასწავლებლის სტატუსი. 6-წლიანი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პედაგოგიკური მეცნიერების ის სფეროა, სადაც რწმენის, კოლოსალური შრომის, განსაკუთრებული მოთმინებისა და გამორჩეული პიროვნული უნარების გარეშე ვერაფერს გახდები. გარდა იმისა, რაც მასწავლეს, ბევრი რამ დამოუკიდებლად ვისწავლე, ხშირად დავდიოდი გოეთეს ინსტიტუტში და ვეცნობოდი სპეციალურ ლიტერატურას გერმანულ ენაზე, რაც ძალიან დამეხმარა. ძალიან რთული გზაა, მაგრამ შედეგი ღირს ამად. აბა, რა დამავიწყებს იმ ემოციას, რაც ჩემმა ყოფილმა სსსმ მოსწავლემ განმაცდევინა, როცა ეროვნულ გამოცდებზე უარი თქვა ასისტენტის დახმარებაზე და 100%-იანი დაფინანსებით სამედიცინოზე მოეწყო. შესაძლოა მსგავსი მაგალითები გამონაკლისია, მაგრამ როგორი სტიმულია! ახლაც მყავს მოსწავლე, რომელსაც, დასაწყისში, ჩემი დანახვაც არ უნდოდა, მერე მხოლოდ 2-3 წუთით ვახერხებდი ურთიერთობას, ახლა სამი გაკვეთილი ისე გადის, ვერც მე ვიგებ და ვერც ის. აუცილებლად უნდა ითქვას დამრიგებლის როლზეც. ჩემ შემთხვევაში იგი ძალიან მეხმარება, შეიძლება ითქვას ერთად ვუმკლავდებით პრობლემებს.“
***
მართა გონიერი და ხალისიანი გოგოა. შარშან დიაბეტის საკმაოდ მძიმე ფორმა აღმოაჩნდა. წელს პირველ კლასში წავიდა. მის სკოლას ეს გამოცდილება არ აქვს და არც სპეცმასწავლებელი ჰყავთ, მაგრამ მართას ჰყავს დამრიგებელი, რომელმაც მასწავლებელთან ერთად, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მათ შორის, თანაკლასელების გათვითცნობიერებაც. ამბობს, რომ ძალიან მარტივად გადაწყვიტა ეს საკითხი – შეგნებულად კლასში, ყველას თვალწინ უზომავდა შაქარს სპეციალური აპარატით (არა ნემსით), რამაც ბუნებრივად გამოიწვია ბავშვების ინტერესი, რას უკეთებს, თითქმის ყოველ გაკვეთილზე, მარიკა მასწავლებელი მართას? მანაც, სხვათა შორის, თითქოს განსაკუთრებულიც არაფერია, უპასუხა, რომ უზომავს შაქარს, ისევე, როგორც მშობლები უზომავენ მათ სიცხეს, როცა გაციებულები არიან.
გაიგეს, ყოველ შემთხვევაში, ახლა ეს საკმარისია, გაიზრდებიან და უფრო მეტსაც გაიგებენ. მთავარია, ერთნაირად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, ერთნაირად ერთობიან დასვენებებზე. დაძაბული მხოლოდ მარიკა მასწავლებელია, მართა გამუდმებულად მისი თვალთახედვის არეშია, იშვიათად მინახავს ემპათიის ასეთი უნარით ადამიანი, ასეთი მხოლოდ მოვალეობის გამო ვერ იქნები, არც მშობელთან შეტყობინებების გაგზავნას აყოვნებს, არც სხვა ბავშვებსა და მათ მშობლებს აკლებს ყურადღებას. „მადლობა? რისთვის, მეც ხომ მყავს შვილები, უკეთესს რას გავაკეთებ“ – გეუბნება და მშვიდდები, რომ აქ ნამდვილად გაუმართლა მართას.
დარწმუნებული ვარ, სხვაც ბევრია მარიკა მასწავლებლის მსგავსი, მაგრამ მხოლოდ ცალკეული ადამიანების იმედზე, რაგინდ გულისხმიერები და ენთუზიაზმით სავსენიც იყვნენ, სისტემა ვერ განვითარდება. ჩვენს სკოლებს სჭირდებათ თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პედაგოგები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლებასა და ინტეგრაციაზე იზრუნებენ. მათი საფუძვლიანი საუნივერსიტეტო მომზადებაა საჭირო და ამისთვის სახელმწიფომ, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა იპოვოს ოპტიმალური, ეფექტური გზა.
ანა ფირცხალაიშვილი