თამარ კობერიძე, ვლადიმირ კომაროვის სახელობის №199 საჯარო სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სიმბოლურია, მეოცე საუკუნეში სოხუმი ორჯერ დავკარგეთ, პირველად საუკუნის დასაწყისში, უბრძოლველად და შეიძლება ითქვას უსისხლოდ, მაგრამ საუკუნის ბოლოს რაც მოხდა, საქართველოს მრავალომგადახდილ ისტორიას, შეიძლება ითქვას, რომ არ ახსოვს. დღემდე (უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა) გაურკვეველია, ბურუსითა და სიდუმლოთია მოცული ის ისტორიული რეალობა, რის გამოც დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია, ტრაგედია, რომელსაც მხოლოდ ომი არ შეიძლება ეწოდოს. იგი ომზე უფრო ამაზრზენი რამ იყო ჩვენთვის. ჩვეულებრივ ომში ქვეყანამ იცის თავისი მტერი, ამ ომში კი მოყვარეც მტერი გამოდგა, ნებსითი თუ უნებლიე მტერი. სიმბოლურია ისიც, რომ ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და სოხუმი მაინცა და მაინც 27 სექტემბერს დაეცა, უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე. ამაზე პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ სოხუმის დაცემით, აფხაზეთის დაკარგვით უფალმა სამართლიანად დაგვსაჯა იმ ცოდვათა გამო, რომელსაც ერთმანეთის მიმართ და ღვთის წინაშე ჩავდიოდით ქართველები, უბრალოდ წარმოუდგენელია. საკმაოდ შორს წაგვიყვანს ამ ცოდვათა ჩამოთვლა. სამწუხაროდ, ჩვენი უბედურება მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს — მეოთხედი საუკუნეა ვერ მოვახერხეთ დაკარგულის დაბრუნება და რაოდენ გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, ისევ იმავე მიზეზთა გამო რა მიზეზითაც დავკარგეთ — „თვით ანგრევენ მას რის აღდგენაც სურთ, თვით შველიან მას რასაც ებრძვიან“. ამ უგუნურ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც იმყოფება ჩვენი „ბედნიერი ერი“.
ქართულ მწერლობაში კონსტანტინე გამსახურდიას რომანის — „მთვარის მოტაცება“ — გარდა არსებობს კიდევ ერთი შესანიშნავი ნაწარმოები, რომელიც აფხაზეთის, კერძოდ კი სოხუმის დაკარგვის ისტორიას გადმოგვცემს XX საუკუნის დასაწყისში. ეს ნაწარმოები ყველასათვის კარგად ცნობილი „ჰაკი აძბა“ გახლავთ. ლეო ქიაჩელის ეს მოთხრობა განსაკუთრებულად საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ნამდვილ ამბავზეა აგებული. ნამდვილ ამბავს კი აკაკი ბაქრაძე გადმოგვცემს თავის წერილში „მასალა და მოთხრობა“: „1918 წლის 15 თებერვალს სოხუმის ნავსადგურში მოულოდნელად შეჩერდა დამხმარე კრეისერი „დაკია“. იგი ტრაპიზონიდან სევასტოპოლში ბრუნდებოდა, კავკასია-თურქეთის მოშლილი ფრონტიდან რუსეთში გადაჰყავდა ჯარისკაცები“.
ახლა ვნახოთ როგორ იწყებს მოთხრობას მწერალი და რამდენადაა შეცვლილი გემის სვლის მიმართულება, სახელწოდება და ეკიპაჟის რაოდენობა.
„ეს მოხდა ქ. სოხუმში, 1918 წელს, როცა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ უსასტიკესი ომი მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მძაფრი იყო ეს ომი სამხრეთ რუსეთში, სადაც რეაქცია უკანასკნელი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდა. საბჭოთა ხელისუფლება ძლევამოსილად უტევდა მას და შავი ზღვისკენ ერეკებოდა, თავის საზღვრებიდან აძევებდა…
აფხაზეთი მაშინ ამიერკავკასიის კომისარიატის ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტიურად რუსეთს მოწყვეტილი იყო და აღნიშნული წლის თებერვლის 27-ს დილაადრიან ქალაქ სოხუმში ხმა გავარდა მოულოდნელად:
ბოლშევიკების კრეისერი „შმიდტი“ ქალაქის ნავსადგურს უახლოვდება, ეტყობა, შემოსვლას აპირებსო“.
მწერალმა, ამ პატარა მონაკვეთში ორი მნიშვნელოვანი ფაქტი გადმოგვცა. პირველი — საბჭოთა რუსეთის ფარგლებში ჯერ კიდევ არ შედის შავი ზღვა (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კუთვნილი მიწა-წყლის სანაპირო ზოლი), მეორე და უმთავრესი (რაც ჩემი კვლევის საგანია) — აფხაზეთი „ამიერკავკასიის კომისარიატს ემორჩილებოდა და ფაქტობრივად რუსეთს მოწყვეტილი იყო“. რაც შეეხება „ამიერკავკასიის კომისარიატს“, აკაკი ბაქრაძის გადმოცემით: „ამიერკავკასიას განაგებდა ამიერკავკასიის სეიმი. სეიმი ჭრელი იყო, ვის არ მოეყარა აქ თავი — ქართველ მენშევიკებს, სომეხ დაშნაკებს, აზერბაიჯანელ მუსავატელებს…“.
ეს „ნაირ-ნაირი პოლიტიკოსები“ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ითხოვდნენ ამიერკავკასიის პოლიტიკურად მოწყობის საკითხის გადაწყვეტას, მხოლოდ „ქართველი მენშევიკები იცავდნენ რუსეთთან სრული ერთიანობის თვალსაზრისს“. ეს „სრული ერთიანობა“, მხოლოდ უკვე ბოლშევიკური, არ დაახანებს „და… ბოლშევიკების კრეისერი „შმიდტი“ ქალაქის ნავსადგურს უახლოვდება“. როგორც ვთქვით, ლეო ქიაჩელმა თავის ნაწარმოებში გემსაც შეუცვალა სახელწოდება და ეკიპაჟის რაოდენობაც შეამცირა.
რეალურად არსებული, ჯარისკაცებით დატვირთული კრეისერ „დაკიას“ ნაცვლად, ნაწარმოებში რამდენიმე მეზღვაურისგან შემდგარი კრეისერი „შმიდტია“. ისმის კითხვა: რატომ შეუცვალა მწერალმა სახელწოდება, შემადგენლობა და გეზი გემს? სახელწოდებას რაც შეეხება, ისევ ბატონ აკაკის მივმართავ ამასთან დაკავშირებით: „არც „დაკია“ და არც „დერზკი“ მკითხველს არაფერს ეუბნება. „შმიდტი“ კი უცბად აღძრავს ასოციაციას და დაგაკავშირებს იმ წლებში მეტად პოპულარული ადამიანის სახელთან. ეს კაცი გახლავთ შავი ზღვის ფლოტის ლეიტენანტი პეტრე შმიდტი“.
რაც შეეხება შემადგენლობასა და გეზს, ჩემი აზრით, მწერალს სურს დაგვანახოს ადგილობრივი ხელისუფლების უსუსურობა, რომ გემის მცირე შემადგენლობის მიუხედავად, ქალაქის ხელისუფალთ აზრადაც კი არ მოსვლიათ წინააღმდეგობის გაწევა. რეალურად მომხდარი ფაქტის შესახებ კი აკაკი ბაქრაძე ამბობს: „ადგილობრივ ხელისუფლებას ძალა არ შესწევდა, კრეისერი „დაკია“ ქალაქში არ შემოეშვა“. გემის სვლის მიმართულებას რაც შეეხება, ნაწარმოების მიხედვით, იგი ჩრდილოეთის მხრიდან მოადგება ქალაქს და არა სამხრეთიდან. ავტორს თითქოს სურს მიგვანიშნოს თუ საიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს მომავალშიც.
ამ საფრთხემ თავგზა აუბნია ქალაქის თავს – სამსონ დავანაძეს. სოხუმში ყველასათვის ცნობილმა ვაჭარმა, რაჟდენ თორიამ, მას „გაგრის გამოძახება“ ურჩია. „გაგრის“ დასტურის შემდგომ, რომ სანაპიროსთან მართლაც მოძრაობდა სამხედრო გემი და სოხუმისაკენ გამოემართა, ქალაქის მერი „სერიოზულად დაფიქრდა“, „დავანაძეს იგი პოლიტიკური მნიშვნელობის საფრთხედ ეჩვენებოდა“.
ქალაქის თავი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა – „თუ მოყვრულად დავხვდი, შენი მტერია, ბოლშევიკობას შემწამებენ. თუ მტრულად – გაბედე თუ ვაჟკაცი ხარ: ნავი კი არ არის, კრეისერია ნამდვილი, მერე ისიც ბოლშევიკების. რისი იმედით? ის კუზმა-მრისხანეც უთუოდ ტყუილად არ ატარებს თავის მეტსახელს“. ამ ფიქრებში ნათლად იკვეთება საქართველოს და კერძოდ აფხაზეთის იმდროინდელი თავდაცვის მდგომარეობა; სწორედ ამიტომ, დავანაძე უჩვეულო გამოსავალს „ნახავს“ — „პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა ყოველნაირი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ეს იყო თბილისში საიდუმლო დეპეშის გაგზავნა: ასეა საქმე და როგორ მოვიქცეთო. მაგრამ ეს იყო უფრო ფორმალობის დაცვა მისი მხრით. კარგად იცოდა, რომ დროზე არავინ უპასუხებდა და თუ მიიღებდა მაინც რაიმე პასუხს, იგი სახელმძღვანელოდ უთუოდ არ გამოადგებოდა“. ეს აზრი კი იმას ადასტურებს, რომ არც თბილისში იყო დიდად განსხვავებული მდგომარეობა თავდაცვისა და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. „ყოველნაირი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად“ – ამ სიტყვების ავტორი ნამდვილად დიდი მწერალია; ეს ქვეყნის დამაქცევარი აზრი, რომლითაც დავანაძის მთელი არსება იყო მოცული, არის სწორედ ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც არა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, არამედ საუკუნის ბოლოსაც დავკარგეთ სოხუმი და მასთან ერთად მთელი აფხაზეთიც, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია იმ მზაკვრულ აზრთან და გეგმასთან, რომელსაც დავანაძეს თავის „კარგი მეგობარი“, „მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე – ნარიქ ეშბა“ მიაწვდის: „ეშბამ გულდასმით მოისმინა… მაშინვე მიხვდა ქალაქის თავის განზრახვას… და ასეთი მეგობრული პასუხი გასცა: – პასუხისმგებლობას ან შენ რატომ იკისრებ, ძვირფასო სამსონ ან რატომ გინდა, რომ მე მაკისრებინო მაინცდამაინც. თუ პასუხისმგებლობამდე მივიდა საქმე, სჯობია მისი ტვირთი ისე განაწილდეს, რომ ბრალი ყველას და ამავე დროს არავის არ დაედოს…“
კომუნისტების იდეოლოგიაღა აკლდა დავანაძის უპასუხისმგებლობას და არაჩვეულებრივი ქართულ-აფხაზური (აფსუური), მენშევიკურ-ბოლშევიკური წრედიც შეიკრა, წრედი, რომელიც თვალისდაუხამხამებლად გაწირავს ტრადიციას, ღირსებას, სარწმუნოებას უჯუშ ემხასა და ჰაკი აძბას სახით და, მათთან ერთად, აფხაზეთსაც. სამსონ დავანაძე კი თავისთვის ფიქრობდა: „აფხაზები ბუნებით დიპლომატები არიან, კიდევ მაჯობა მგონია ჭკუაში…“ მაგრამ რაკი რჩევა ძალიან მოეწონა ჯობნა არც სწყენია“. „საქმეს ფიცხლად შეუდგა“, „პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომა ისე სწრაფად შედგა, რომ ქვორუმს მონატრებული ქალაქის თავის ყოველ მოლოდინს გადააჭარბა“. როგორც ვხედავთ, ქალაქის თავი დროს არ კარგავს და თავს არ ზოგავს, რომ რაც შეიძლება „მომზადებული“ დახვდეს კრეისერს. სხდომას ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე – ბექირბი ჩაჩბა ხსნის. ავტორს დიდად არ შეუწუხებია თავი არც დავანაძის, არც თორიას, არც ეშბას დახასიათებისათვის, მხოლოდ მათი თანამდებობრივი და სოციალური სტატუსის თქმით შემოიფარგლა, ხოლო რაც შეეხება ბექირბი ჩაჩბას, მის პიროვნებას ლეო ქიაჩელი დაწვრილებით ახასიათებს: „აფხაზთა შორის მეტად პოპულარული პიროვნება, მისდამი პატივისცემას ყველასათვის სავალდებულოდ ხდიდა, გარდა დიდი გვარისა, რომლის უპირველეს წარმომადგენლად ითვლებოდა, მისი იშვიათი ტანადობაც და განსაკუთრებული აფხაზური იერით შემკული სახიერება. მიუხედავად ხანდაზმულობისა, ბექირბი ჩაჩბა ისე ატარებდა თავისი მოდგმის არისტოკრატიულ ნიშნებს, რომ ყოველი თავმომწონე აფხაზი მოვალედ თვლიდა თავს მიებაძნა მისი სიტყვა-პასუხის, მოქცევისა და ჩაცმა-დახურვისათვის“.
მთელ ამ აღწერილობას რომ თავი გავანებოთ, მხოლოდ ეს ერთი ფრაზა – „აფხაზური იერით შემკული სახიერება“ – მეტყველებს და მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ფასდებოდა ქართველთა მიერ აფხაზთა (აფსუათა) „მოდგმის არისტოკრატიული ნიშნები“. მსგავსი დაფასება და შეფასება ამ ეთნოსს არ ჰქონია არც ერთი აფხაზეთში მოსახლე ეროვნების მიერ. XX საუკუნის დასაწყისში კი, აფხაზეთში, ქართველებისა და აფსუების გარდა, ცხოვრობდნენ: რუსები, ბერძნები, სომხები… ამის შესახებ ცნობებს ჩვენი ავტორიც გვაწვდის.
დავუბრუნდეთ ნაწარმოების იმ მონაკვეთს, სადაც პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და ბექირბი ჩაჩბას კითხვას – „რა ვქნა, ბოლშევიკები კარს მოგვადგნენო“ – რა პასუხს გასცემს დარბაზი. „სიჩუმე ჩამოვარდა“ – გვეუბნება ავტორი. „დამსწრენი ენაწყლიანი ორატორების გამოსვლას მოელოდნენ, მაგრამ ახლა სიტყვის თქმის მსურველი არავინ გამოჩნდა, არც პოლიტიკური ხელმძღვანელები“. ამ სიტყვებში აშკარად ჩანს თუ როგორაა საზოგადოება შიშისაგან დაზაფრული. ხმის გაღებას მხოლოდ ის კაცი გაბედავს, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია ომის, ყველაზე მეტი ქონების გამო. ეს გახლავთ „უპარტიო რაჟდენ თორია, ხმოსანი და მდიდარი მესაკუთრე“. თორიას აზრით, „ახლა პოლიტიკური ანგარიშების გასწორების დრო არ არის… ჩვენ უბრალო ხალხი ამ ანგარიშებში არ ვერევით. „შმიდტის“ ერთი გასროლაც კი საკმარისია, რომ ჩვენი სახლები და მთელი ჩვენი სარჩო-საბადებელი… ცეცხლმა თვალისდახამხამებაში ჩანთქას, ჩვენი ყოფა-ქცევაც ამ უეჭველი გარემოებიდან უნდა გამომდინარეობდეს: გემიც და მისი მეზღვაურებიც მთელმა ქალაქმა ისეთი პატივისცემით უნდა მიიღოს, რომ ეჭვიც კი არავის დაებადოს ჩვენს მათდამი თანაგრძნობასა და მეგობრულ განწყობილებაში. მთელმა დარბაზმა ერთხმად წამოიძახა: — მართალია, სწორია“.
ჩვენი სახელმწიფოს სისუსტის და ტერიტორიების დაკარგვის კიდევ ერთ მიზეზს გვამცნობს მწერალი – „პოლიტიკური ანგარიშების გასწორება“. ამ მიზეზმა გაბედა და XX საუკუნის დასაწყისში ერის წინამძღოლს – ილია მართალს – ტყვია ესროლა; ამ მიზეზმა, იმავე საუკუნის დასაწყისში, სახელმწიფოებრიობა (მართალია, შემთხვევით ბოძებული, მაგრამ მაინც) დაგვაკარგინა; ამ მიზეზმა, იმავე საუკუნის მიწურულს, აფხაზეთი და სამაჩაბლო მოგვწყვიტა; ამ მიზეზით, თითქმის სამი ათეული წელია, ვითომ თავისუფლები და დამოუკიდებლები ვართ და სინამდვილეში ქვეყანა სახელმწიფოდ ვერ შედგა. კიდევ რამდენი უბედურება გველის (თუ გონს ვერ მოვედით) ამ მიზეზით, მხოლოდ უფალმა უწყის.
დავუბრუნდეთ ლეო ქიაჩელს და მის ნაწარმოებს. როცა ქალაქის საბჭოში „უკანასკნელი შემოწმებული ცნობა მოიტანეს: კრეისერ „შმიდტს“ გეზი ნავსადგურისკენ აქვსო, მთელი ქალაქი უმალვე გამოიცვალა ისეთი ფაციფუცი, მოძრაობა და განგაში ატყდა, რომ კაცს ეგონებოდა, შავი ზღვის ნაპირად ამ მზიან დილას სასწაული რამ მოვლინებოდა და პატარა, წყნარი და კოხტა სოხუმის ადგილას საიდანღაც ვეება, აურზაურიანი ქალაქი გაშენებულაო…
მოქალაქენი მეტწილად თავიანთ სახლებს უტრიალებდნენ და წითელი დროშებით ამკობდნენ. რაც შეიძლება მალე, გამოეკიდათ თავისი სახლის წინ წითელი დროშა და ამით ყოველი ეჭვი თავიდან აეცილებინათ“.
მოკლედ, ზღვის სანაპირო, რესტორანი და მთელი ქალაქი, დიდი თუ პატარა კუზმა მრისხანეს მოსაწონებლად მორთულიყო და დარბოდა, მხოლოდ იმავე სასტუმროს მეორე სართულზე, „ფანჯრებდახშულ ოთახში ხუთი კაცი ჩაკეტილიყო“. ავტორი აშკარად მიუთითებს მკითხველს, რომ ისინი რეალურ სამყაროს მოწყვეტილნი არიან, ბანქოს თამაშობენ, მაგიდა ფულითაა მოფენილი და საინტერესოა ამ „ფულების“ წარმომავლობა – „ცალკე ეწყო რუსეთის იმპერიის გაუქმებული ასიგნაციები და ოსმალური ლირები, ცალკე სხვადასხვა კუთხის, ოლქის თუ რესპუბლიკის, მეტწილად ამიერკავკასიის „ბონები“, „კერენკების“ ჩათვლით“, როგორც ვხედავთ „რუსეთის იმპერიის გაუქმებული ასიგნაციები და თურქული ლირები“ გამოყოფილია „ამიერკავკასიის „ბონებს“. ფულის ერთეულების საშუალებით ადვილად შეგვიძლია აფხაზეთში არსებული პოლიტიკური ვითარების გარკვევა. ავტორი შემთხვევით არ აკეთებს აქცენტს ორი იმპერიის ფულის ერთეულზე: ერთი ჩრდილოელი მეზობელია, მეორე – სამხრეთელი. ორივე მათგანი ერთნაირი საფრთხე იყო ჩვენი ქვეყნისათვის და არის დღესაც.
ოთახში მყოფი ხუთი კაციდან ერთს სავარძელში ეძინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „სახეზე რაღაც ღრმა წუხილის ლანდები მიმოურბოდნენ… შინდისფერი მოკლე ახალუხი ბუნებრივი კანივით შემოკვროდა“. „შინდისფერი ახალუხი“, „ბუნებრივი კანივით“, ჩემი აზრით ამას შემთხვევით არ უნდა წერდეს მწერალი. თუ გავიხსენებთ ნიკო ლორთქიფანიძის „შვინდაძეს“ მოთხრობიდან „შელოცვა რადიოთი“, აშკარა გახდება, რომ ეს ფერი იმდროინდელი თავისუფალი საქართველოს დროშის ფერია და უჯუშ ემხასათვის ის „ბუნებრივი კანია“.
„…ეს იყო თავად უჯუშ ემხა, აფხაზი, მეფის დაშლილი ჯარის ოფიცერი, შტაბს-როტმისტრი ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულისა, რომელიც ომის დროს ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა“. უჯუშ ემხას ჰყავს რეალური პროტოტიპი ნიკოლოზ ემხა, ანუ ემხვარი. ამ გვარის შესახებ ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ კონსტანტინე გამსახურდიას გმირის – თარაშ ემხვარის დახასიათებისას. კონსტანტინეს რომანში გმირი ენგურში იღუპება, ლეო ქიაჩელის მოთხრობაში კი მას კლავენ და გვამს ზღვაში აგდებენ. მოთხრობის პროტოტიპსაც კლავენ. სამივე ემხვარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იღუპება სხვადასხვანაირად, მაგრამ გმირულად და, რაც მთავარია, ორივე მწერალს სხვადასხვა ხედვა აქვს მათი „მომავლის“ შესახებ: თარაშ ემხვარი მდინარეში იღუპება, რითაც მწერალი გვეუბნება, რომ მისი მარადისობაში გადასვლა არ გამორიცხავს „დაბრუნებას“ განახლებული სახით; უჯუშ ემხას კლავენ და მის გვამს ზღვაში აგდებენ. ზღვა, როგორც ვიცით, ბოროტ ძალთა სიმბოლოა: ზღვაში ჩანთქა იონა წინასწარმეტყველი ვეშაპმა, ზღვაში კარგავს ბოროტების სიმბოლო – დავარი თავის ძმიშვილს – ნესტან-დარეჯანს. „წაიყვანეთ და დაკარგეთ, მუნ სადა ზღვისა ჭიპია, წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარი, ვერცა ლიპია“.
ემხას სიკვდილამდე კი, საინტერესოდ და საოცარი სისწრაფით ვითარდება მოვლენები. „სიცოცხლის გარდა ორი რამ განძი ჩამოჰყოლოდა, რომლებსაც სიცოცხლეზე უფრო მეტად აფასებდა და უფრთხილდებოდა. ეს იყო სიყრმიდანვე მისი საოცნებო ოფიცრის ეპოლეტები და ოფიცრისვე წმინდა გიორგის ორდენი.“ სწორედ ამ განძს შეეხება წასართმევად და შეურაცხყოფის მისაყენებლად ის ძალა, რომელიც, ცხადად მომავალი, უჯუშ ემხამ სიზმარ-ხილვაში ნახა: „მე კი სწორედ ისინი მომეჩვენენ. თითქოს გემით მოვიდნენ. თითქოს…“, მაგრამ ეს კოშმარი „თითქოს“ რომ არ იყო და სოხუმს ნამდვილად მოსდგომოდა ბოლშევიკების ხომალდი, ეს საყვირის უჩვეულო ხმამ ამცნოთ, რომელიც ისეთი „მკვეთრი და ძლიერი იყო, რომ გეგონებოდათ დედამიწა ვერ დაიტევსო, – ოთახში შემოიჭრა, ფანჯრის მინები ააწკარუნა და გაბოლილ მძიმე ჰაერში დევური მოქნევისაგან აწივლებული მახვილივით შეერჭო“. ამ პატარა მონაკვეთში მწერალმა რამდენიმე სიმბოლო გამოიყენა და ვფიქრობ არა შემთხვევით. უპირველეს ყოვლისა, პარადოქსია ის, რომ ბოლშევიკური სამხედრო კრეისერის შემოსვლას ქალაქის პორტში სოხუმელები „საყვირით“ გებულობენ. შემდეგ მწერალი ჰიპერბოლას მიმართავს – „დედამიწა ვერ დაიტევსო“ – განსაკუთრებულად დიდი უბედურება რომ მოსდგომია ამ ერთი კრეისერის სახით საქართველოს შავი ზღვის ნაპირს, თითქოს ამის გადმოცემა სურსო. შემდეგ ისევ სიმბოლოს მიმართავს „დევური მოქნევისაგან“ და გასაოცარი შედარებით ამთავრებს – „აწივლებული მახვილივით“. ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, თუ როგორ წარმოთქვამს უჯუშ ემხა კრეისერის სახელს: „უცებ ტუჩები შეუცახცახდნენ… უხმო ჩაშიშინებით ჰაერში მოხაზეს: „შმიდტ“. „ჩაშიშინებით“ – წერს ავტორი. შიშინა ბგერა „შ“-ს გამეორებით თავისთავად იწვევს მკითხველში სისინა „ს“-ს ასოციაციას. შესაძლოა გადაჭარბებულად ვფიქრობ, მაგრამ რატომღაც მგონია, სწორედ უხსენებლის გამოჩენის ტოლფასია უჯუშ ემხასათვის ბოლშევიკების გამოჩენა. მით უმეტეს, რომ მწერალი იქვე კრეისერის სახელის შესახებ ამბობს: „სისხლისფერი წარწერა“.
„შმიდტის“ მეზღვაურების ნაპირზე გადმოსასხამად მიმავალ მოტორიან ნავში, სამსონ დავანაძისა და ნარიქ ეშბას გარდა, „ხუთი მუშისაგან შემდგარი დელეგაცია, აფხაზეთში მცხოვრებ ეროვნებათა რიცხვის მიხედვით შერჩეული“, იმყოფებოდა. დაკვირვების გარეშეც ნათელია მკითხველისათვის, რომ დამხვდური დელეგაციის წამყვანი პერსონები ქართველი და აფსუა ეროვნების ადამიანები არიან და, ამავდროულად, მწერალი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „აფხაზეთში მცხოვრებ ეროვნებათა რიცხვის მიხედვითაა შერჩეული“ დანარჩენი წევრები. რასაც პირველად დაინახავენ სოხუმელები კრეისერზე, ეს გახლავთ „რკინისფერი პროფილი“. მკითხველს, უნებლიედ, გალაკტიონის „რკინის საუკუნე“ გაგახსენდება. ამის შემდეგ „შეუპოვრობის გამომხატველი“ „ქოსა სახე“ ჩნდება, რომელსაც „წამოზნექილი გულ-მკერდი მთლიანად დატატუირებული ჰქონდა, კუნძივით სქელ და დაბალ კისრამდე… ბეჭედივით წრეშემოვლებული ნამგალი და ჩაქუჩი აჯდა, ერთმანეთზე გადაჭდობილი“. ეს გახლდათ არტილერისტი ვასილ ხრიტანიუკი, იგივე ვასკა პირატი, რომელსაც „მთელი ამ კუთხის სახელით, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია“, ქალაქის თავი ამხანაგ კუზმასათვის სალამს გადასცემს. გემის უჩინარი კაპიტანი მკითხველში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ბოლოს ისიც, „ძალიან უცნაური სახის ადამიანი გამოჩნდა, რომლის დანახვამ სოხუმელები მეტად გააოცა… კისერწაგრძელებულები ქვემოდან შესცქეროდნენ უფროსის სიდინჯით მათკენ მიმავალ საკვირველებას. ამათი გაოცების მიზეზი ის იყო, რომ ამ კაცის ერთ ტანზე ორ პირსახესა და სამ თვალს ხედავდნენ სრულიად გარკვეულად“. ლადო ასათიანი რაფიელ ერისთავის შესახებ წერს: „კარგი ოსტატი იყო ბატონი რაფიელი“, იგივე შეიძლება ითქვას ლეო ქიაჩელის შესახებაც. ნამდვილად დიდი ოსტატობაა საჭირო იმისათვის, ამ საშინელების დასანახად რომ მოამზადო მკითხველი და მან ეს გენიალურად მოახერხა იმ წინასახის დახატვით, როცა „რკინისფერი პროფილისა“ და „ქოსა სახის“ შესახებ საუბრობდა. ამის შემდეგ იგი უკვე ბუნებრივად მიდის იმ პიკამდე, რომელსაც ორსახოვანი და „ყოვლისმომცველი“ სამთვალა ადამიანი წარმოადგენს კუზმა მრისხანეს სახით (მეტსახელიც როგორ ზუსტად აქვს შერჩეული). მწერალმა ზუსტად გადმოგვცა თუ როგორ დაამახინჯა სოციალისტურმა რევოლუციამ „სახე ყოვლისა ტანისა“, როგორ გახადა იგი „უგრძნობი კაცი“ და „ქოსა სახედ“ როგორ აქცია. დიახ, ამ სამ მეზღვაურში ე.წ. „ახალი ადამიანის“ სხვადასხვანაირად დეგრადირებული სახეა გადმოცემული. აი ვის, უფრო სწორად რას ეგებება მთელი სოხუმი წითელი დროშებითა და ზურნა-დუდუკით. მთელი ქალაქი მონუსხა ამ ბოროტებამ, მხოლოდ ერთი ადამიანის გარდა, ადამიანისა, რომლის „ჯიშსა და ჯილაგს უკან დახევა არა სჩვევია“. არც დაიხევს და გახდება ავტორი იმ ერთად-ერთი საბედისწერო გასროლისა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო სოხუმში, მაგრამ მოხდა. თანამემამულეთაგან განსხვავებით, მარტოდ დარჩენილმა უჯუშ ემხამ, როდესაც მას „უმალვე ჩამოსცილდნენ“ მეგობრები, უფლება არ მისცა ვასილ ხრიტანიუკს ეპოლეტების ჩამოგლეჯისა და „განგმირული ვასილ ხრიტანიუკი მიწაზე პირაღმა გაიშხლართა უსულოდ“. ემხამ მეორე მეზღვაურიც დაჭრა და მესამე ვიდრე გონს მოვიდოდა, „უჯუშ ემხა მის წინ უკვე აღარ იდგა“. მეხის გავარდნაზე უარესი რამ დაატყდა თავს სოხუმელებს. მიტინგის მონაწილეთა შესახებ ავტორი წერს: „ყველამ იგრძნო, რომ რაღაც დიდი უბედურება დატრიალდა… მერე ბრბო შეიკუმშა, შექუჩდა… და დუქნებსა და სახლების კედლებს დამფრთხალი ფარასავით შეეფინა“. მწერლის განწყობა შეშინებული და მხდალი მოქალაქეების მიმართ აშკარად იგრძნობა ამ მონაკვეთში. ხალხი მისთვის უყოჩოდ დარჩენილი ბრბოა, რომელიც „დამფრთხალი ფარასავით“ დაიფანტება. სამწუხაროდ, ცხვრის ფარის ფსიქიკას ვერ გავცდით XX საუკუნის ბოლოსაც. დავანაძე და ეშბა „ყაზახთა ოფიცრისა“ და „გიორგის კავალერის“ ხსენებაზე მიხვდებიან , რომ „უჯუშ ემხას დაუღუპავს“ ყველა და განაჩენიც სასწრაფოდ, ყოველგვარი ფიქრისა და განსჯის გარეშე გამოუტანეს: „საკუთარი ხელით შევიპყრათ დამნაშავე და მივგვაროთ მოკლულის ამხანაგებს დამსახურებული სასჯელის მისაზღვავად“. მაგრამ ერთი რამ დაავიწყდათ, უბრალო „დამნაშავესთან“ არ ჰქონდათ საქმე და მეტად გაჭირდებოდა მისი შეპყრობა. ამის შემდგომ მოთხრობაში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ვასილ ხრიტანიუკის გვამს და დაჭრილ მეზღვაურს სოხუმის „მრავალრიცხოვანი დელეგაცია“ გაჰყვა, „რათა გემის უფროსისათვის ქალაქის უზომო მწუხარება გამოეცხადებინა და მოულოდნელად მომხდარი უბედური შემთხვევა სწორად განემარტა…“ დელეგაციას „მხცოვანი თავადი ჩაჩბა“ მეთაურობდა. გემის კაპიტანმა ერთი საათის ვადა მისცა ქალაქის დელეგაციას დამნაშავის მოსაძებნად და დასაკავებლად, „მხცოვანი თავადი ჩაჩბა“ მძევლად დაიტოვა. „ერთი საათის ვადა ყველას ცეცხლივით შეეკიდა და შიგ ტვინში აუვარდა, უმწეობისა და სასოწარკვეთილების გმინვა გაისმა ირგვლივ“.
„ლ. ქიაჩელს სრული სურათი აქვს დახატული როგორ დათანხმდა შიშით თავზარდაცემული ქალაქი ყოველგვარ დამცირებას. როგორ ცდილობდა იგი პირფერობითა და ლიქნით გადარჩენილიყო“. ახლა კი, იმ საბედისწერო გასროლის შემდეგ, ეს შიში კიდევ უფრო შემზარავი გახდა: „სოხუმის მთელი მოსახლეობა დიდიან-პატარიანად იმ განაპირა უბნისკენ დაიძრა, სადაც ოფიცერ უჯუშ ემხას სახლ-კარი ეგულებოდათ“. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „განსაკუთრებული თავგამოდებით მოქალაქეთა მესაკუთრული ნაწილი მოქმედებდა. ამ ნაწილს რაჟდენ თორია ხელმძღვანელობდა.., რომელიც თოფითა და რევოლვერით შეიარაღებულიყო“. როგორც ვხედავთ, „ომის უმეცარ ვაჭარსაც“ კი იარაღი აუღია, მხოლოდ არა მტრის, არამედ მოძმის წინააღმდეგ. ეს მდგომარეობაც გამეორდა აფხაზეთში იმავე საუკუნის ბოლოს, მხოლოდ უფრო ფართო მასშტაბით, სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, რომ „სოხუმის არისტოკრატიას ცოტა განზე ეჭირა თავი“, უჯუშ ემხას საკუთარი დეიდაშვილიც კი უღალატებს. უჯუშის ქვრივ დედას, რომელიც ღირსეულად შეხვდება ამ საშინელ განსაცდელს, „ოდნავ შენაოჭებულ თეთრ სახეზე შიშის ფითრი დაფრქვეოდა და უჩინარი ცრემლით დანამულ დიდრონ თვალებში შეჩვეული თავდაჭერილობისა და დაჭიმული ნებისყოფის უკანასკნელი სიმტკიცე შემოეკრიბა“. თორმეტი წლის დის დატყვევება საკმარისი არ აღმოჩნდება სოხუმელების დასამშვიდებლად და რაჟდენ თორიას მოწოდებაზე: „უმალ ცეცხლი ჩვენი დამღუპველი ემხას სახლ-კარს, უმალ სიკვდილი მისი ოჯახის წევრებს! ათასმა ხმამ დაიგუგუნა:
სიკვდილი, სიკვდილი ემხას!…“
ასეც მოხდა, როგორც აკაკი ბაქრაძე წერს: „უჯუშ ემხა მიტოვებული, განწირული და იმედდაკარგული აღმოჩნდა. ერთად-ერთი კაცი, ვინც მისი გადარჩენისათვის იბრძვის, ჰაკი აძბაა, უჯუშის ძიძიშვილი, მაგრამ მარტო ჰაკი რას გახდება. შიშით არა მარტო ღირსება და თანაგრძნობის უნარი დაკარგეს, არამედ მატყუარებიც გახდნენ…“ მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მიუხედავად, უჯუშს „ამხნევებენ“: „…შიში ნუ გაქვს: სიკვდილით არაფერს გაგიჭირვებთ“.
უჯუშ ემხას სიკვდილის შიში არ ჰქონდა – „მე და შიში ერთმანეთს არ ვიცნობთ“, „სიკვდილზე უფრო მწარე იყო უიმედობის გრძნობა“. საზოგადოების ყველა ფენისაგან განწირული უჯუშ ემხა მხოლოდ ერთი კაცის სახელს იმეორებს: „ჰაკი, ა, ჰაკი! სად ხარ ჰაკი?“ მაინც ვინ იყო ჰაკი აძბა? რომელსაც ყველაფერი შეეძლო გაეკეთებინა „შეუვალი ბედისწერისა“ და საზოგადოებისაგან განწირული ძმისათვის? „ის იყო აფხაზი გლეხი, რომელსაც მთელი აფხაზეთი იცნობდა, როგორც ემხას ძიძიშვილს… ნაკვთიანი, სწორად სხმული, მარდი და მოქნილი, როგორც გარეული შავი კატა“. ჰაკის პატარა თვალები, „რომლებიც საგნებს ისარივით ერჭობოდნენ…“, „…უსიტყვო თანაგრძნობას აჩვენებენ უჯუშს“ და სწრაფად მთებში გაქცევას გადაწყვეტენ, მაგრამ დააგვიანდებათ, „ზღვის ნაპირიდან დაძრული ხალხის ტალღა უკვე მოსდებოდა ქუჩებს. ჰაკიმ დაინახა მისი აყრილი ქოჩორი“. თოუხან მარშანისა და „უჯუშის ორი მოგვარეთაგანის“ საშუალებით ემხა დედის, დისა და ბექირბი ჩაჩბას ამბავს შეიტყობს. უჯუში იმ ერთადერთ გადაწყვეტილებას ღებულობს, რომელიც ეკადრება მის გვარს და მოდგმას — „მესმის, ძმებო ყველაფერი, დაფიქრებაც კი პატივს ამყრიდა თქვენს თვალში. საჭირო არ არის ზედმეტი სიტყვა. მზად ვარ გამოვცხადდე…“ ჰაკი აძბა, მოისმენს რა დეიდაშვილების საუბარს, მაშინვე ხვდება, რომ უჯუში თოუხან მარშანმაც გაწირა და ამ მწარე სიმართლეს მას პირში ეუბნება: „შენ კი იგი სასიკვდილოდ გაგიმეტებია“. ჰაკი ასეთ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს სწორად განსჯის უნარს. მისთვის ნათელია, რომ ბექირბი ჩაჩბას გაცილებით უსაფრთხო მდგომარეობა აქვს ბოლშევიკების ხელში, ვიდრე ეს უჯუშ ემხას ექნება. იგი პირდაპირ ეუბნება ძიძიშვილს, რომ მის თავს სიკვდილს არ დაუთმობს, ჰაკი მამის ანდერძს – „უჯუში შენი მზე არის… სიცოცხლე იმისთვის მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო“, ღალატს არ აპირებს. „ერთგულება ჰაკი აძბას პიროვნების თვისებაა. თორემ არც თოუხან მარშანი აღუზრდიათ ორგულების ქადაგებით, მასაც თავდადებისა და სიყვარულის იდეალებით ზრდიდნენ, მაგრამ რაკი მის პიროვნებაში არ იდო ერთგულების თვისება, უცბათ დათანხმდა უჯუშ ემხას საწინააღმდეგოდ ემოქმედნა…“
„თავდადებისა და სიყვარულის იდეალებით“ აღზრდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც დაიკარგა და გაქრა არა მხოლოდ საქართველოს ამ კუთხეში, არამედ სრულიად საქართველოში. ეს უმთავრესი მიზეზია ამდენი ქართული მიწა-წყლის დაკარგვისა. ერთგულების წყალობით გადაწყვეტს ჰაკი უჯუშის დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს. თავადებიც თანახმა არიან: „ძიძიშვილი რომ არის, თავიც უნდა გაწიროს შენთვის, კარგად იქცევა, იცოდე, სიტყვა არ დასძრა“ ; მაგრამ ემხა ზნეობრივად და სულიერად დაცემულ და გამყიდველ საზოგადოებას არ ემორჩილება. იგი „უნებლიეთ და მოულოდნელად ამ საზოგადოებას დაუპირისპირდა“. უჯუში გადაწყვეტს დანებდეს – „აქ ვარ მეზღვაურების ნამდვილი მკვლელი და გნებდებით“.
გასაოცარ თავგანწირვას იჩენს ჰაკი აძბა მაშინაც, როცა იგი უჯუშთან ერთად კრეისერის მეზღვაურების დაუზოგავი მუშტების მსხვერპლი აღმოჩნდება: „დაიზილა და დაიბეგვა, თავპირი დაუსისხლიანდა. მაინც არ დაცხრა“. მეზღვაურებს ვერ გაერკვიათ ვინ იყო ეს კაცი და როცა ზღვაში გადასაგდებად გააქანა ერთმა მეზღვაურმა, სწორედ მაშინ გაისმა კუზმა მრისხანეს ხმა — „დადექ!“. ეტყობა სამთვალა და ორსახიანი კაპიტანი მიხვდა, ვინც უნდა ყოფილიყო ჰაკი აძბასათვის უჯუშ ემხა და მოინდომა ბატონის ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა იგი: „შენ ხარ მონა, აფხაზო, კრეისერ „შმიდტის“ სახელით განიჭებ თავისუფლებას, წადი და დაივიწყე შენი ბატონი“. ჰაკისათვის შეუძლებელ რაღაცას რომ სთხოვდა, ეს „მრისხანე კაცისათვის“ გაუგებარი იყო. ჰაკიმ კი თავისი გაიტანა და უჯუშთან ერთად გემზე დარჩენა მოახერხა.
სიუჟეტს მწერალი ამინდის აღწერით აგრძელებს: „მშვიდი და წყნარი დღე ავდრიანმა ღამემ შეცვალა. ბნელში გახვეული ზღვა ახლა ისე ბობოქრობდა, და ღმუოდა, თითქოს მთელ ქვეყანას წარღვნით და დანგრევით ემუქრებაო.
ზეცა არ ჩანდა.“ – ვფიქრობ, ბოლო ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანია; იმის გარდა, რომ ამ ღამით „კაი ყმები“ უნდა ჩანთქას ამ ზღვამ და ასე საოცრად სწორედ ამიტომაცაა „ბნელში გახვეული“, ზეცის არ გამოჩენით აშკარად მიგვანიშნებს მწერალი, რომ ღმერთიც კი აღარ ერევა იმ საშინელ აქტში, რომელიც ცოტა ხანში უნდა აღსრულდეს „რკინისა და ფოლადისაგან შეკრულ კრეისერზე“. გემზე, მართალია, ერთი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ ყველანი, უჯუშის გარდა, მაგრამ თვისობრივად ისეთივე უცხო იყო კუზმასათვის „აფხაზი გლეხი“, როგორც „აფხაზი თავადი“, და პირიქით, ამიტომ „გადაწყვიტა ამ იშვიათ ტიპს ახლოს გასცნობოდა“, მას შეუძლებლად მიაჩნდა, რომ „აფხაზი გლეხის შეგნებაში არ აღმოჩენილიყო სულ მცირე ნიადაგი მაინც ელემენტარული რევოლუციური იდეის შესათვისებლად“. აი, თურმე რა სურდა „მრისხანე კაპიტანს“; მიუხედავად იმისა, რომ ჰაკი შეძლებისდაგვარად „დაიახლოვა და გაათამამა“, ხრიტანიუკის ცხედრის დაკრძალვისას, „მეზღვაურთა წესისამებრ ზღვაში გადაგდებით კრძალავდნენ“, ნაბრძანები ჰქონდა ხრიტანიუკის ცხედრისთვის „თეთრგვარდიელი ბანდიტი გაეყოლებინათ“.
მაინც რა საოცრად ხვდებიან „კაი ყმები“ სიკვდილს, ეტყობა აშკარად ხედავენ „ნათელი დღის კარს“ – „ემხა თავაწეული მიაბიჯებდა… ეს იყო ნაღვლიანი ღიმილის ძლივს შესამჩნევი ციმციმი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დარდს გამოხატავდა, უნდო შეგნებით დაძლეულს“. მან ნამდვილად სძლია შიშს, სიკვდილს და „შეინარჩუნა ადამიანის ღირსება“.
ემხას დახვრეტას შეასწრებს რა თვალს ჰაკი აძბა, საშინელი გოდება აღმოხდება: „ვაჰაი, შენს ჰაკის, უჯუშ!.. კუზმაც კი შეზარა მისმა შესახედაობამ, სახის მუდამ უძრავი ნახევარიც კი მოუქცია და აუკანკალა“. „უგრძნობი კაცისათვის“, „უცნობია ადამიანის სულის მოძრაობის უსასრულო მრავალფეროვნება. მათ შორის ერთგულებით და ეროვნული ტრადიციებით გამოწვეული მოძრაობაც“. დიახ, „აფსუა აფხაზებისათვის“ ისეთივე ეროვნული გახდა ქართული ტრადიციები, როგორც „ქართვე