27 ივლისი, შაბათი, 2024

სოციოკულტურული ტექსტების შესწავლა მულტიმედია საშუალებების გამოყენებით, კულტურული მრავალფეროვნების აღიარებისა და პატივისცემისთვის

spot_img
ანა კაკულია
სსიპ თბილისის №147 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

 

სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება განათლების სფეროს ერთ-ერთ ფუნდამენტურ და აქტუალურ მიზანს წარმოადგენს. პროფესიული სტანდარტი კი განსაზღვრავს იმ ინდიკატორებს, რომლებსაც აქტიურად უნდა იყენებდეს მასწავლებელი სწავლა-სწავლების პროცესში.

პროფესიული სტანდარტის მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეს შეუქმნას პოზიტიური, უსაფრთხო და მასზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ამის ხელშემწყობ ერთ-ერთ ინდიკატორად მივიჩნევთ კულტურული მრავალფეროვნების აღიარებისა და პატივისცემის უნარის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის ინტელექტუალურ, სოციალურ და პიროვნულ განვითარებას ისე, რომ ფლობდეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეეძლოს მულტიკულტურულ საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრება.

როგორ შევძლოთ ზემოთ ხსენებული უნარების განვითარება ინგლისური ენის გაკვეთილზე?

ვასწავლოთ სოციოკულტურული ტექსტები

ინგლისური ენის სწავლება სხვადასხვა ამოცანის გადაჭრას ითვალისწინებს. მათ შორისაა უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა, გათავისება და პოზიტიური დამოკიდებულების შექმნა კულტურული მრავალფეროვნების მიმართ. დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას, ინგლისური ენის სწავლებისას, კულტურის მიმართულებაში მოცემული სოციოკულტურული ტექსტები უზრუნველყოფს. ამ ტექსტების სრულყოფილი შესწავლისთვის აუცილებელია მათი რამდენიმე თვალსაწიერიდან აღქმა. პირველ რიგში, მოსწავლეები ეცნობიან უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა კულტურულ მახასიათებლებს, როგორიცაა: ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, მწერლები, მათი ნაწარმოებები თუ ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება. შემდეგ მოსწავლემ უცხო კულტურის წარმომადგენელთა გამოცდილებები, გრძნობები, ღირებულებები და ნორმები უნდა გაითავისოს, რათა შეძლოს განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანთა მიმართ ემპათიის გამოვლენა და მათთან ჰარმონიული თანაცხოვრება.

⇔ რამ შეიძლება შეგვიწყოს ხელი სოციოკულტურული ტექსტების უკეთ შესწავლაში, აღქმასა და გათავისებაში?

♦ გამოვიყენოთ სხვადასხვა სასწავლო რესურსი

სასწავლო რესურსების გამოყენება, რომელიც პრიორიტეტულ საკითხად გვხვდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასწავლო პროცესში. მრავალფეროვანი, უნივერსალურ პრინციპებზე დაყრდნობით შერჩეული, ადაპტირებული, მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შექმნილი და ეფექტურად გამოყენებული რესურსი საკითხის სრულყოფილი აღქმის, შესწავლისა და გათავისების საწინდარია.

♦ მულტიმედია საშუალებები – სასწავლო რესურსი

⇔ რა არის მულტიმედია და რა როლი აკისრია მოსწავლეთა განვითარების საქმეში?

მულტიმედია ახალი მასალის, გარკვეული სახის ინფორმაციის მიწოდების, შენახვისა და წარმოების სხვადასხვა ტექნიკას წარმოადგენს და აერთიანებს ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს, რომელთა გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია.

ვიდეო/ინტერაქტიული ვიდეო მულტიმედიის ციფრული საშუალებებია. მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში შესანიშნავი გზაა, შევუღოთ ინგლისურენოვანი (და არა მარტო) სამყაროს კარები მოსწავლეებს და სწავლების პროცესი სასიამოვნო და სასარგებლო გავხადოთ.

ვიდეო – ვიდეო ჩვენების გამოყენებით სასწავლო პროცესი ინტერაქციული ხდება. მოსწავლე პასიური მიმღები არ არის. ჯეინ შერმანის აზრით, ვიდეო ჩვენება, ერთი მხრივ, უბიძგებს მოსწავლეებს, აღივსონ განსაკუთრებული გრძნობით, ინტერესითა და მოტივაციით, როცა იციან, რომ ახალ ინფორმაციას გაიგებენ რეალური ფაქტების ხილვით. იგი ჩაანაცვლებს იმ რეალურ სიტუაციებს, რაც ყველაზე ეფექტიანი გზაა უცხო ქვეყნის კულტურის შესასწავლად და, რაც ბევრისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. მეორე მხრივ, ვიდეოს ყურების დროს, მოსწავლეთა თვალები (გრძნობადი ორგანო) მიჯაჭვულია ეკრანს,რაც აუმჯობესებს ცოდნის მიღებისა და დამახსოვრების ხარისხს. ვიდეო არის ფანჯარა უცხოური კულტურის უკეთ აღქმისათვის. ამ სტრატეგიით მიღებული ინფორმაცია, თუნდაც მოცულობით პატარა, უფრო ფასეული და სასარგებლოა, ვიდრე მასწავლებლის მონათხრობი ან წაკითხული“ – აცხადებს ჯეინ შერმანი [J.Sherman; 2003; 2]. საყურადღებოა ისიც, რომ მასალის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის დონე, ასაკობრივი თავისებურება, ინტერესთა სფერო და სასკოლო მასალასთან შესაბამისობა.

გამოვიყენოთ შემდეგი სტრატეგიები ვიდეო ჩვენების გასამრავალფეროვნებად

ჯ. ჰარმაერი ვიდეო ჩვენების აქტივობების განსახორციელებელ სტრატეგიებს გვთავაზობს. ყველა სტრატეგია მიმართულია მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გასაზრდელად.

  1. Fast forward – ღილაკზე თითის დაჭერით ააჩქარეთ ვიდეო. ჩვენება უფრო ადრე სრულდება, ვიდრე რეალურად სჭირდება. მოსმენისა და ყურების დასრულებისთანავე, სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოთქვან მოსაზრება ვიდეოს მთავარი იდეის შესახებ (gist). დისკუსიის შემდეგ მათ აქვთ შესაძლებლობა, კვლავ უყურონ ვიდეოს, ჩვეული სიჩქარით.
  2. Silent viewing – ჩართეთ ვიდეო ჩვეულებრივი სიჩქარით, მაგრამ გამორთეთ ხმა. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, გამოთქვან ვარაუდი პერსონაჟების საუბრის შინაარსის შესახებ. დისკუსიის დამთავრებისთანავე, კვლავ აყურებინეთ ვიდეო, მათი ვარაუდის სისწორის გადამოწმების მიზნით.
  3. Freezing frame – ვიდეო ჩვენებისას გააჩერეთ კადრი და სთხოვეთ მოსწავლეებს, ივარაუდონ, რა შეიძლება მოხდეს ან რა შეიძლება თქვას პერსონაჟმა, გაჩერებული კადრის შემდეგ.
  4. Partial viewing – 1. დაფარეთ ეკრანის გარკვეული ნაწილები ისე, რომ მოსწავლეები ხედავენ არა მთლიან ეკრანს, არამედ ნაწილობრივ; 2. გამოიყენეთ დიდი გამყოფი (divider). გამყოფი ეკრანის შუაში მოათავსეთ ისე, რომ კლასის ერთი ნაწილი ერთ მხარეს ხედავდეს, ხოლო მეორე ნაწილი – მეორეს. ვიდეოს დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მოსმენილსა და ნაწილობრივ ნანახ ინფორმაციას (J.Harmer; 2007).

ინტერაქტიული ვიდეო – ინტერაქტიული ვიდეო არის ციფრული ვიდეო ჩვენების ერთ-ერთი უახლესი სახეობა. მათი ჩვენება შესაძლებელია ჩვეულებრივი ვიდეოს მსგავსად, განსხვავება იმაშია, რომ იგი ჩვენებისას ჩერდება სპაციალურად ჩასმული ,,hotspots”-ების საშუალებით და ჩვენ მიერ ჩასმული,სხვა ვიდეო,სურათი, შეკითხვა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოები ჩნდება.სავარჯიშოები შედგება ისეთი სახეობებისგან,როგორიცაა:

„Multiple choice“            „Mark the Words“            „Text“            „Fill in the blanks“

„Drag and Drop“           „Text Question“           „True or False“           „Link“           და სხვ.

⇔ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მასწავლებელმა მათ გამოსაყენებლად?

  1. ვირჩევთ სასურველ სავარჯიშოს ტიპს;
  2. ვქმნით აქტივობას;
  3. ვაძლევთ მოსწავლეებს შესრულების საშუალებას.

აქვე გთავაზობთ ინტერაქციული ვიდეოს ელექტრონულ მისამართს, რომლის გამოყენებით შეძლებთ საინტერესო სავარჯიშოების შექმნას.

https://h5p.org/welcome-to-the-h5p-community

⇔ რაში დაგვეხმარება ინტერაქტიული ვიდეო?

ინტერაქტიული ვიდეო, ეხმარება მასწავლებელს, შექმნას აქტიური სასწავლო გარემო კლასში, სადაც მოსწავლეები, ნაცვლად პასიური ყურებისა, აქტიურად ერთვებიან. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ერთდროულად, უყურონ და შეამოწმონ საკუთარი გაგების უნარი და ხარისხი. ვიდეოში ჩასმული სხვადასხვა სტრატეგია – კითხვები, პრობლემის დასმა და დისკუსია, სურათების ჩართვა და სავარჯიშოები – წაახალისებს მოსწავლეებს, უფრო ღრმად დაკავდნენ ვიდეო ჩვენებით, რაც, თავისთავად, ზრდის ინფორმაციის აღქმა-დამახსოვრების ხარისხსა და ეფექტურობას.

⇔ როდის გამოვიყენოთ ინტერაქტიული ვიდეო?

ნტერაქტიული ვიდეოს გამოყენება უმჯობესია, როდესაც გვაქვს კონკრეტული ვიდეო და გვსურს მისი გამდიდრება ინტერაქტიული ელემენტებით. მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა, სიღრმისეული ინფორმაციის გაგების მიზნით ჩამატებული სტრატეგიებით, განსხვავებულობა შესძინოს სწავლებას. თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ინტერაქტიული ვიდეოს ერთ-ერთ სახეს: „Text Question“.

 

როგორც ხედავთ, ვიდეო რამდენიმე ნიშნულს შეიცავს, რომლებშიც მოთავსებულია დამაზუსტებელი კითხვები მოსმენილი ინფორმაციის შესახებ. როგორც კი ვიდეო მსვლელობა ნიშნულს მიუახლოვდება, ჩერდება და ჩნდება კითხვა სავარაუდო პასუხებით.მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, უპასუხონ შეკითხვებს და შემდეგ იხილონ სწორი პასუხი. ამ გზით ისინი მიღებული ცოდნის სისტემატიზაციასა და განმტკიცებას ახდენენ.

Quizizz.com არის ვებგვერდი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას მულტიმედია საშუალების ერთ-ერთი ინსტრუმენტი – Quiz.

არსებობს Quiz-ის ორი სახე:

  1. მზა ტესტი. მასწავლებელი გამზადებულ ტესტს ირჩევს თემატურად. ასეთი სახის ტესტი ზოგავს დროს.
  2. შესადგენი ტესტი. მასწავლებელი თვითონ ადგენს ტესტს, შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით.

Quizizz.com-ის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების დაწერა. Quizizz.com საკმაოდ მოქნილი ინსტრუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მისი გამოყენება მოსწავლეს საკითხის შესწავლისთვისაც შეუძლია. ამასთანავე, მისი გამოყენების არეალი ფართოა – გამოიყენება როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციური სწავლების დროსაც. გთავაზობთ მაგალითს და მისამართს

https://quizizz.com.

Prezi.com

Prezi ელექტრონული საპრეზენტაციო პროგრამაა. მოცემულია ერთი ფანჯარა, სადაც განთავსებულია ინფორმაციული ნიშნულები, ამ ინფორმაციულ ნიშნულებში კი მოსწავლეები ათავსებენ პრეზენტაციებს. Prezi-ში მუშაობა შეუძლია რამდენიმე ადამიანს, გადაინაწილებენ რა შესწავლილ მასალას პრეზენტაციისთვის. პრეზენტაციისას მოსწავლეები ერთი სივრცის გამოყენებით წარდგებიან. (https://www.nactateachers.org/images/Dec11_2_Using_Prezi_in_the_Classroom.pdf)

 

მაშასადამე, ჩემ მიერ განხილული მრავალგვარი ციფრული ინსტრუმენტები გაამდიდრებს, გაამარტივებს და უფრო სახალისოს გახდის საგაკვეთილო პროცესს, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის კულტურული ღირებულებების ადეკვატურ აღქმას, მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს მრავალფეროვან საზოგადოებაში ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://h5p.org/welcome-to-the-h5p-community.
  2. https://www.wyzowl.com/what-is-interactive-video/)
  3. (https://trainingindustry.com/magazine/july-aug-2017/four-benefits-of-interactive-video-for-learning/
  4. Harmer J. The Practice of English Language Teaching, fourth edition, Pearson Longman publishing, 2007
  5. Sherman J. Using authentic video in the language classroom. Cambridge university press. 2003.
  6. (https://www.nactateachers.org/images/Dec11_2_Using_Prezi_in_the_Classroom.pdf)
  7. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
  8. ეროვნული სასწავლო გეგმა

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები