27 ივლისი, შაბათი, 2024

სოციოემოციური უნარები და მათი აქტუალობა ციფრულ ეპოქაში

spot_img
ეკატერინე კაპანაძე
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის ინგლისური ენის მასწავლებელი 

 

21-ე საუკუნეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ეპოქა. ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა, მიჯაჭვულია გაჯეტებსა თუ სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებს, რამაც მოსწავლეებში ემოციების დეფიციტი გამოიწვია. ჩვენ ირგვლივ ყველა, მათ შორის მოსწავლეებიც, სამწუხაროდ,  ხდებიან უფრო და უფრო „რობოტულები“ და სხვა ფასეულობებითა თუ ღირებულებებით მართულნი.

სწორედ თანამედროვე სამყაროს კომპლექსურობამ და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სოციოემოციური უნარების განვითარება, რაც თითოეული მასწავლებლის ამოცანად უნდა იქცეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ჩვენგან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას, დღეს, ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სწავლა-სწავლების პროცესში, რადგან პირდაპირ კავშირშია მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებთან.

დავიწყოთ იმით, რომ სოციოემოციური სწავლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი თვითშემეცნებაა. იგი გულისხმობს საკუთარი ემოციების, პირადი მიზნებისა და ღირებულებების გაცნობიერებას, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებას, პოზიტიურ აზროვნებას, ემოციებისა და ქცევების რეგულირებას, სტრესისა და კმაყოფილების მართვას, საკუთარი იმპულსებისა და ნებისყოფის კონტროლს, ასევე, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას, კომუნიკაციას, მოსმენას და თანამშრომლობას.

მე, როგორც მკვლევარი მასწავლებელი, ვაანალიზებ რამდენად აუცილებელია, დღეს, ამ მიმართულებით საქმიანობა და სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო აქტივობების განხორციელება. ამიტომ გადავწყვიტე, სოციოემოციურ უნარებზე მუშაობა ჩემს ყოველდღიურ საზრუნავად გამეხადა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციოემოციური უნარების დაქვეითება მოსწავლეებში განაპირობა 2019-2020 სასწავლო წლებმა, როცა ყველანი, განსაკუთრებით კი მასწავლებლები, დავდექით უდიდესი გამოწვევის წინაშე, რაც საგაკვეთილო პროცესების ონლაინ ეფექტურ მართვას გულისხმობდა.

სწორედ ონლაინ სწავლების დროს დავინახე ჩემს მოსწავლეებში ემოციის, ემპათიის, თანაგრძნობის დეფიციტი და დავიწყე ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. მოსწავლეების მიდრეკილება ჩაკეტილობასა და სიმარტოვისკენ ნათელი იყო, ისინი თავს არიდებდნენ კომუნიკაციას როგორც მასწავლებლებთნ, ისე თანატოლებთან.

შევიმუშავე კითხვარი, რომლის ანალიზმა კიდევ უფრო გაამყარა და აშკარა გახადა ჩემ მიერ დანახული პრობლემა – მოსწავლეთა 80% უპირატესობას სიმარტოვეს ანიჭებდა. კითხვარის ანალიზის შემდეგ მიზნად დავისახე, ფიზიკურ გარემოში დაბრუნებისთანავე, მეზრუნა სოციოემოციურ სწავლებაზე.

ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენცია გულისხმობდა სალექციო ტიპის გაკვეთილების ჩატარებას, სადაც მოსწავლეებს ვესაუბრებოდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანაგრძობა, ემპათია და ემოციების რეგულირება იმისათვის, რომ სრულფასოვანი ადგილი დაიკავო თანამედროვე საზოგადოებაში.

სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომელსაც დღესაც აქტიურად ვახორციელებ. მე და ჩემი მოსწავლეები, წელიწადში ერთხელ, ოფიციალურად, უარს ვეუბნებით ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, გუგლიდან გადმოწერილ, დაკოპირებულ წინადადებებს, ფაქტებსა თუ ცნებებს და აქცენტებს ვაკეთებთ მხოლოდ ადამიანის ემოციურ ფაქტორებზე.

ვმართავთ ღონისძიებას, სახელწოდებით „ერთი ემოციური დღე ჩემი ცხოვრებიდან“, სადაც მოსწავლეები ღიად საუბრობენ მათი ცხოვრებიდან ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეზე, როცა ყველაზე დიდი გამარჯვება თუ მარცხი, წარმატება თუ წარუმატებლობა, სიხარული თუ უბედურება განიცადეს. სწორედ ამ დღეს, ყველა ერთად, მოსწავლეებიცა და მასწავლებლები,  ვმოგზაურობთ წარსულში და გულწრფელად ვიზიარებთ ერთმანეთის განცდებსა თუ ემოციებს.

და მაინც, რაში გვეხმარება ზემოთ აღწერილი აქტივობა? ცალსახაა, რომ მსგავსი ღონისძიება მოსწავლეებში ავითარებს სხვისი აზრის მოსმენის, გაზიარების, თანაგრძნობისა და ემპათიის უნარებს, ისინი ითავისებენ თანატოლების ემოციებსა და შეხედულებებს.

დასკვნის სახით, მინდა შევაჯამო, რომ სოციოემოციური სწავლა, დღეს, მოსწავლეთა წარმატების საკვანძო ინდიკატორად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი სისტემური მიდგომები, რაშიც ყველა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ როგორც საკუთარი, ასევე სხვების ემოციების ამოცნობა, გრძნობების გამოხატვა კონტექსტის შესაბამისი ფორმებითა და გზებით.

თანამედროვე მკვლევრები სწორედ სკოლას აკისრებენ ამ პასუხისმგებლობას, რადგან სკოლა უნდა იქცეს იმ ადგილად, სადაც მოსწავლეები შეძლებენ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას, იქნება ეს საგაკვეთილო პროცესსა თუ  სასკოლო გარემოში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები