3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება მოსწავლეებში

spot_img

ნესტან გიგაშვილი
სსიპ თბილისის 82-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

როგორ მოვამზადოთ მოსწავლეები დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ რას ნიშნავს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება?

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ნიშნავს ისეთი მოქალაქეების აღზრდას, რომელთაც აქვთ უნარი, აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთი გადაწყვეტილებების შედეგებზე, იყვნენ პასუხისმგებლიანი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ და ჰქონდეთ თანასწორუფლებიანობის განცდა. ეს უნარები დაეხმარება მათ, ზრდასრულ ასაკში შეძლონ უსაფრთხოდ, ეფექტიანად და ეთიკურად გაუმკლავდნე ოჯახში, სამსახურში, სოციუმში წამოჭრილ პრობლემებს ან სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის შესწავლაში, საკუთარი ემოციების ამოცნობაში, იმპულსებისა და ქცევის მართვაში, თანატოლებთან და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ა.შ. ასეთი ბავშვები უკეთ იცნობენ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს, აქვთ საკუთარი თავის, უნარებისა და შესაძლებლობების რწმენა, უკეთესად თანაცხოვრებენ როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან. ეს უნარები ზრდის წარმატების ხარისხს სკოლაში – სწავლისას მათი აკადემიური მოსწრება უფრო მაღალია.

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებისას არსებითად შემცირებულია ბულინგისა და კიბერბულინგის პრეცედენტები და გაზრდილია ბავშვების რეზისტენტულობა ძალადობის მიმართ.

სწავლების პროცესში უნიკალური და გადამწყვეტი როლი მასწავლებელს ენიჭება. მან სწორად უნდა გაიაზროს ის, რომ მასწავლებელი დიდ გავლენას ახდენს ბავშვების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე, ამ საკითხის უშუალო სწავლებისა თუ არაპირდაპირ – საკუთარი უნარებისა და ქცევების მოდელირების გზით.

სწავლების პროცესში ყოველდღიური ურთიერთობა აუცილებლად გახდება უფრო სანდო, გულწრფელი და საინტერესო, თუ მოსწავლე სკოლაში გრძნობს ემპათიის, ზრუნვისა და ტოლერანტობის კულტურულ კლიმატს.

საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სოციალურ-ემოციური უნარების გამომუშავებაში მხარდაჭერა სკოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, მოკლებული არიან ამ უნარების განვითარების შესაძლებლობებს თავიანთ ოჯახებში – გულწრფელმა საუბრებმა და სამოდელო აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს მათ ღიაობას, მიმღებლობას, ჩართულობას, პრობლემის გააზრებას და სამომავლო ცხოვრებისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მომზადებას.

ძალზე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააანალიზოს, რა ძირითად პედაგოგიურ მიდგომებსა და ინოვაციურ მეთოდებს ან რესურსებს გამოიყენებს სწავლებისას? სწავლის შედეგების შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის საჭიროა მონიტორინგი, როგორ მიიღეს ეს სწავლება მოსწავლეებმა და თვითონ როგორ შეაფასებდნენ სწავლების ეფექტიანობას?

წარმოგიდგენთ სწავლების იმ ძირითად მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს პროცესის სწორად წარმართვას:

  • დისკუსია;
  • გონებრივი შტურმი;
  • როლური თამაში;
  • მოდელირება;
  • გრაფიკული და ვიზუალური მაორგანიზებლების გამოყენება.

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების სტრატეგიები მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ განყენებულად – სპეციალური სასწავლო პროგრამის/აქტივობების ფარგლებში, არამედ მოახდინოს მათი ინტეგრირება შესაბამისი საგნის სწავლების პროცესში. ამ გზით ის სასწავლო პროცესს უფრო შემოქმედებითსა და ნაყოფიერს გახდის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები