17 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა კონფერენცია თემაზე – „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა სკოლაში“, რომლის მიზანი საქართველოში სოციალური და ემოციური განათლების პოპულარიზაციისა და სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო. კონფერენცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვთა განვითარების ინსტიტუტისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.
საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო პანელური და ღია დისკუსია გაიმართა სკოლის ბაზაზე სოციალური და ემოციური განათლების დანერგვის მნიშვნელობასა და მის ხელშემწყობ თუ ხელშემშლელ გარემოებებზე. თემით დაინტერესებულ კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი საქმიანობა და პროგრამები გააცნეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, შესაბამის სააგენტოებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა; საზოგადოებრივი ინიციატივები წარადგინეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროგრამებმა: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი, USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამა, MAC GEORGIA და ილიას სამართლის ცენტრი.
CTC-ის სკოლა-ლაბის პროგრამის კოორდინატორი მერი ქადაგიძე აღნიშნავს, რომ კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. რაც შეეხება სკოლა-ლაბის მუშაობას, პროგრამის კოორდინატორი განმარტავს, რომ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამა 2021 წლიდან ცდილობს ზოგადი განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკაში სოციალური და ემოციური განათლებისა და, უფრო ფართოდ, ბავშვთა კეთილდღეობის საკითხების ადვოკატირებას. აღნიშნულს დიდწილად ორი მიმართულებით ვახორციელებთ: ერთი – უშუალოდ სოციალური და ემოციური განათლების პოპულარიზაცია, ამ მიმართულებით ჩვენ მიერ შემუშავებული მოდელის გავრცელება და დანერგვის მხარდაჭერა უნივერსალურ დონეზე საბაზო საფეხურზე და მეორე – სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ადვოკატირება, რომელიც ასევე პირდაპირ უკავშირდება ბავშვთა კეთილდღეობისა და მათი განვითარების საკითხებს.
2022 წლიდან კი, სკოლა-ლაბმა აქტიურად დაიწყო სოციალური და ემოციური განათლების მიმართულებით მუშაობა – პროგრამის ფარგლებში, შევიმუშავეთ სახელმძღვანელო საბაზო საფეხურზე შესაბამისი კომპეტენციების მხარდაჭერისათვის, რომელსაც თან ერთვის თვითმართული კურსი მასწავლებლებისთვის, რომელიც უკვე 300-მდე მასწავლებელმა გაიარა. მოდელის უფრო ფართოდ გავრცელებისთვის, მთელი წლის განმავლობაში, ვთანამშრომლობდით ხუთ ორგანიზაციასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
საერთო ჯამში, პროგრამა 15 სკოლაში განხორციელდა, 160 მასწავლებელთან, 977 მოსწავლესთან. სხვადასხვა აქტივობების გზით, ასევე ვთანამშრომლობთ 32 სკოლასთან, მასწავლებელთა ონლაინ კურსი და პირისპირ გადამზადების პროგრამა, ჯამში, 300-ზე მეტმა მასწავლებელმა გაიარა.
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციურ განათლებაზე თანმიმდევრული კომპლექსური მუშაობა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით საჭირო იქნებოდა პარტნიორი უნივერსიტეტი, ვინაიდან მნიშვნელოვანია მასწავლებლების არა მხოლოდ გადამზადების პროგრამები, არამედ მათი მომზადების პროგრამებში სოციალური და ემოციური განათლების კომპონენტის გაძლიერება. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. დღევანდელ კონფერენციაზე შევაჯამეთ გაწეული საქმიანობა, ასევე გამოიკვეთა ჩვენი მიმდინარე პროგრამების და ინიციატივების, სახელმწიფო თუ საჯარო უწყებების, არასამთავრობო სექტორის საერთო ხედვები. ზოგადად, სოციალური და ემოციური განათლების მიმართულებით მუშაობა, ეტაპობრივად, პრიორიტეტული ხდება პოლიტიკის დღის წესრიგშიც, ჩვენც, ყოველთვის ღია ვართ თანამშრომლობისთვის საჯარო უწყებებთან თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან“.
🔎 რას გულისხმობს სოციალური და ემოციური კომპეტენციები და როგორ უწყობს ხელს ამ მიმართულების გაძლიერებას საგანმანათლებლო სისტემაში პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტი – ამ თემაზე საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტი, ფსიქოლოგი ლიკა ქურციკიძე აღნიშნავს, რომ „მოსწავლეების ემოციური კეთილდღეობა უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით აძლიერებს როგორც მოქმედ, ასევე მომავალ პედაგოგებს და მხარს უჭერს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების განმავითარებელი სწავლების მიდგომების დანერგვასა და პოპულარიზებას“.
ლიკა ქურციკიძე
☑️ რას ნიშნავს სოციალური და ემოციური განათლება
სოციალური და ემოციური განათლება ძალიან ფართო ტერმინია და ბევრნაირად მოიხსენიება ლიტერატურაში – სოციალურ-ემოციურ სწავლასაც ეძახიან, სწავლებასაც, განვითარებასაც, მხარდაჭერასაც და ა.შ., მაგრამ ყველაზე მთავარი იდეა არის ის, რომ საგანმანათლებლო სისტემამ, აკადემიური ხელშეწყობისა და საგნობრივი ცოდნის შეძენასთან ერთად, უზრუნველყოს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარება, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობებთან, საკუთარი თავის შეცნობასთან, ემოციების მართვასთან, საზოგადოებაში ჰარმონიულად თანაცხოვრებასთან და გადაწყვეტილებების მიღებასთან. ამიტომ, როცა სოციალურ და ემოციურ განათლებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ნებისმიერ გაკვეთილზე მასწავლებელი ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიურ მიზნებზე, არამედ მოსწავლის პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც ბავშვებს ყოველდღიურ ურთიერთობებში და ცხოვრებისეულ დაბრკოლებებთან გამკლავებაში სჭირდებათ, რათა იოლად ადაპტირდნენ ცვალებად გარემოსთან.
მოდელი, რომელსაც პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს ვთავაზობთ, ჩვენი მოგონილი არ არის. სკოლებში სოციალური და ემოციური უნარების ხელშეწყობა სხვადასხვა დონეზე არსებობს. ყველაზე ბაზისური, ანუ პირველადი, უნივერსალური დონეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი ზოგად პრაქტიკაში, ბავშვებთან ურთიერთობის საფუძველზე, გაკვეთილის მსვლელობისას, ინტერაქციაში ორიენტირებულია სოციალური და ემოციური უნარების გააქტიურებასა და განვითარებაზე. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვების უმეტესობისთვის (თუ რაიმე დამატებითი გამოწვევა არ არსებობს მათ ცხოვრებაში, ან რამე დამატებითი სპეციალური საჭიროება, ან დამატებითი სოციალური გარემო ფაქტორები და გამოწვევები) ეს უნივერსალური დონე საკმარისია იმისთვის, რომ მათი სოციალური და ემოციური უნარები ჰარმონიულად განვითარდეს.
☑️ რა არის საბაზისო პრაქტიკა
ზოგად პრაქტიკაში ინტეგრირება ნიშნავს იმას, რომ: 1. მასწავლებელს აქვს გულისხმიერი ურთიერთობები ბავშვებთან, პოზიტიურ კომუნიკაციას ამყარებს; 2. ბავშვებს უქმნის სტრუქტურირებულ და მკაფიო გარემოს, მათ იციან, რა არის აქ მიღებული, რა მოლოდინები არსებობს მათ მიმართ, რის მერე რა მოხდება და არ ცხოვრობენ არაპროგნოზირებად და მოულოდნელობებით სავსე ყოველდღიურობაში და 3. მასწავლებელი ინტერესდება, რას ფიქრობენ და გრძნობენ ბავშვები. ერთი მხრივ, ცდილობს, ეს წამოწიოს და დააკვირდეს კიდეც და, მეორე მხრივ, შესაბამისად ირეაგიროს. ზოგადად რომ შევხედოთ, ითვლება, რომ ასეთი ტიპის მასწავლებელი უკვე თავისთავადაც ხელს უწყობს ბავშვების სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას, მაგრამ მაინც ვამბობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და აქედან უნდა დაიწყოს. ზოგიერთს თავისი გარემო პირობებიდან, ოჯახური მდგომარეობიდან თუ სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე, დამატებითი გამოწვევები ექმნება და ამიტომ მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე მასწავლებლის გულისხმიერი დამოკიდებულება და საინტერესო აქტიური გაკვეთილია. ეს უკვე დანერგვის სხვა დონეებია – მიზანმიმართული და ინტენსიური დონე, როცა შეიძლება ცალკე, ინდივიდუალურად იმუშაო ბავშვთან. ჯერჯერობით, რაც აქამდე გავაკეთეთ, ყველაფერი ეხება უნივერსალურ დონეს. ეს უნდა იყოს ყველაზე მყარი, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობის ბავშვს ეხება. ის ბავშვები, რომლებიც მოწყვლადები არიან და სპეციფიკური ინტერვენციები სჭირდებათ, უფრო ცოტანი არიან. ანუ, რაც უფრო ძლიერია ფუნდამენტური ჩარევა, მით უფრო ნაკლებ ბავშვს სჭირდება შემდეგ დამატებითი მხარდაჭერა.
☑️ რას ვაკეთებთ უნივერსიტეტის ფარგლებში?
პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის გავაკეთეთ 25-საათიანი ტრენინგ-კურსი — სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში. ეს კურსი არ არის შეზღუდული და მისი გავლა ნებისმიერი საგნის თუ საფეხურის მასწავლებელს შეუძლია. ყველაზე დადებითი, რაც კურსს აქვს, ის არ არის თეორიული. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს არის თემა, რომელშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მასწავლებელმა ჯერ საკუთარ თავზე იფიქროს, თავად როგორ აქვს განვითარებული სოციალური და ემოციური კომპეტენციები, ანუ ჯერ საკუთარ ემოციებზე დაფიქრდეს როგორ მართავს და ამის შემდეგ ასწავლოს ბავშვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, საბოლოო ჯამში, უნივერსალური ჩარევის მთავარი სტრატეგიაა, მასწავლებელი იყოს მოდელი მოსწავლისთვის და თუ რეფლექსური არ იქნება თავის უნარებზე, რთულია ბავშვისთვის გახდეს მოდელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ტრენინგი მთლიანად პრაქტიკულ სავარჯიშოებზე აეწყო, რომ მასწავლებელმა თავის თავზე გამოსცადოს, რას ნიშნავს ესა თუ ის კომპეტენცია და როგორ ვლინდება ის. შემდეგ, როცა პრაქტიკაში საკუთარ თავზე გამოცდიან, გაცილებით ემპათიურები ხდებიან. ეს დადებითი მხარეც აქვს ჩვენს ტრენინგს – სურვილს უჩენს მასწავლებელს, ეს საქმე აკეთოს, მთლიანად მორგებულია ზრდასრულის პრინციპებზე. აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ დასწრებაში მიიღოს სერტიფიკატი ან რაღაც ქულები, დავალებები აკეთოს და ა.შ., მისი მონაწილეობა მხოლოდ შინაგანი მოტივაციითაა განპირობებული.
ილიას უნივერსიტეტში ტრენინგების კურსი უკვე გამოვცადეთ. 90-მა ადამიანმა გამოაგზავნა განაცხადი, ვისაც სურდა მონაწილეობა, მათგან 20 მსმენელი შევარჩიეთ და ტრენინგები პირისპირ ჩავუტარეთ. პილოტის შემდეგ, გარკვეული ცვლილებებიც შევიტანეთ. საბოლოოდ კურსი უნივერსიტეტს გადავეცით, რომ დაამტკიცოს. დამტკიცების შემდეგ, სავარაუდოდ, ზაფხულიდან შევძლებთ, ავამოქმედოთ როგორც სასერტიფიკატო სატრენინგო კურსი, მხოლოდ ეს უკვე ფასიანი გახდება მსურველებისთვის. ამის გარდა, მეტი ხელმისაწვდომობისთვის, კურსის უფრო ბიუჯეტური ონლაინ ვერსიაც გავაკეთეთ. მეორე და მნიშვნელოვანი, რაც ასევე პროექტის ფარგლებში გაკეთდა, მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამისთვის ერთსემესტრიანი, ერთკრედიტიანი არჩევითი კურსია, რომელიც სკოლაში მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებას ეხება. კურსის სახელია „სოციალური და ემოციური კეთილდღეობა სკოლაში“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მომავალი პედაგოგებისთვის, ისე მომავალი განათლების ფსიქოლოგებისთვის, იმიტომ, რომ ილიას უნივერსიტეტს განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრატურის პროგრამაც აქვს. რადგან ორივე რგოლი სკოლასთანაა დაკავშირებული, კურსიც ისე მომზადდა, რომ ორივესთვის საინტერესო იყოს. კურსის შემუშავების დროს, მომზადდა ქართულ ენაზე საკითხავი მასალა, რომელიც, საბოლოო ჯამში, პატარა სახელმძღვანელოს ფორმას მიიღებს. ბუნებრივია, ეს მასალა ამ კურსისთვის არის გამიზნული, თუმცა, თემით დაინტერესებულმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმაც შეიძლება ძალიან სასარგებლოდ გამოიყენოს.
🔎 როგორ ხდება სკოლებში სოციალური და ემოციური კომპონენტის დანერგვა
პროექტში ჩართული მასწავლებლების აზრით, სოციალური და ემოციური კომპონენტის არსებულ სტანდარტში ჩაშენება მრავალმხრივი სარგებლის მომტანია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის, რადგან, მიიჩნევენ, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების გარდა, მის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესსაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანა ძიძიგური გვიყვება, რომ პროექტში 2023 წლის შემოდგომაზე ჩაერთო, რადგან მიიჩნევს, რომ ამ მიმართულების განვითარების საჭიროება სკოლებში რეალურად არსებობს, მით უფრო, არაქართულენოვან მოსწავლეებთან, რადგან მისი აზრით, ისინი არ არიან ბოლომდე ინტეგრირებული ჩვენს საზოგადოებაში და მეტიც, ვერ გრძნობენ თავს სრულფასოვან მოქალაქეებად. „რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო ენის არცოდნაა. მართალია, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით, მაგრამ სწორედ სოციოემოციური უნარების განვითარება და გაძლიერებაა ის საყრდენი, რაზეც უნდა დაშენდეს მოქალაქეობრივი შეგნება.
პროცესი მიმდინარეობს ასე: პროექტის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური სტანდარტის ინტეგრირებას ვახდენთ ჩვენს საგნობრივ სტანდარტთან. კვირაში ერთხელ მაინც, ისე ვგეგმავთ გაკვეთილს, რომ ინტეგრირებულად ვიმუშაოთ სოციალურ-ემოციური კომპეტენციების სტანდარტზე. მინიმუმ, ერთ აქტივობას მაინც ვახორციელებთ, მაგრამ ეს აქტივობა არ არის რაღაც ცალკე მდგომი, არამედ საგაკვეთილო თემაშია ჩაშენებული. მაგალითად, თუ რომელიმე მხატვრულ ნაწარმოებს განვიხილავთ, ხაზს ვუსვამთ პერსონაჟის ემოციებს, რას გრძნობდა პერსონაჟი, როდესაც იყო ამ სიტუაციაში და იქვე ვეკითხები მოსწავლეებს: თქვენ რას იგრძნობდით მსგავს შემთხვევებში? აქეცენტებს ვაკეთებთ სოციოემოციური მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია, მისალმებისა და დამშვიდობების დროს გავითვალისწინოთ მოსწავლის ემოციური ეტაპები – თავს როგორ გრძნობს, აქვს თუ არა გაკვეთილის განწყობა, თუ რამე აწუხებს დავუთმოთ დრო ამ პრობლემაზე საუბარს. ახალი მეთოდის ან აქტივობის განხორციელების შემდეგ, მოსწავლეებს ვეკითხები როგორ გრძნობდნენ თავს ამ აქტივობის მსვლელობისას, ხომ არ იყო მათთვის ზედმეტად რთული, რა ემოციები ჰქონდათ და ა.შ. მუდმივად უნდა ვიღებდეთ მათგან უკუკავშირს.
პროექტში ჩართვამ საკუთარ კომპეტენციებზეც დამაფიქრა, ანუ რამდენად ვფლობ ამ თვითცნობიერების, თვითრეგულაციის და ურთიერთობის კომპეტენციებს, რა საფეხურზე ვარ. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავზე მუშაობასაც მოვუმატე. მაგალითად, ჩამოიმსხვრა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მასწავლებელმა საკუთარი პრობლემები კართან უნდა დატოვოს და კლასში კარგ განწყობაზე შევიდეს. იმიტომ, რომ ეს არ არის რეალური მდგომარეობა. როცა გარკვეული მიზეზის გამო მოწყენილი ვარ, კლასში გაღიმებული შევიდე და თავი მოვაჩვენო? პირიქით, მოსწავლეებს ვუზიარებ ამ განწყობას, განცდებს, რომ ესა და ეს შემემთხვა და ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ – იმედი მაქვს, თქვენთან ურთიერთობით განწყობა ამიმაღლდება; თქვენი აქტივობაში ჩართულობა ძალიან გამახალისებს და ა.შ. მსგავსი შეცდომების აღიარება და პრობლემებზე საუბარი მოსწავლეებსაც უბიძგებს, რომ თვითონაც იყვნენ გახსნილები, გაგვიზიარონ ემოციები და თქვან როგორ გრძნობენ თავს გაკვეთილის დასაწყისში, აქტივობების განხორციელების შემდეგაც და გაკვეთილის ბოლოსაც.
როგორც გითხარით, ამ პროექტს სკოლაში ოქტომბრის თვიდან ვნერგავთ. მე ავირჩიე მერვე კლასი და თვითცნობიერების განვითარება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის საფუძველი. ანუ, პირველ რიგში, მოსწავლემ სწორად რომ შეძლოს საკუთარი ემოციების იდენტიფიცირება და კავშირი ემოციას, ფიქრსა და გრძნობას შორის. მიხვდნენ, რომ ეს არის ჯაჭვი – აზრი იწვევს ქცევას.
მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ბოლო ათწლეულში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ უმჯობესდება დამოკიდებულება საკუთარი თავის, მშობლების, მასწავლებლებისა და საზოგადოების მიმართ, მომავალში კი ხელს შეუწყობს მათი დასაქმების და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესს.“
ჩვენი მეორე რესპონდენტი, პროექტის მონაწილე, ბაღდათის №2 საჯარო სკოლის დირექტორია. ლალი აბჟანდაძე, ამბობს, რომ პროექტის შესახებ „წიგნიერის“ და სკოლა-ლაბის ერთ-ერთი დამფუძნებლის და მისივე კოლეგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათია ფურცელაძის მეშვეობით შეიტყო, რომელიც თავად იყო პროექტის ერთ-ერთი ფასილიტატორი. სწორედ მან დანერგა მუნიციპალიტეტში სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა ქართულის მასწავლებლებისთვის, სადაც რამდენიმე სკოლის მასწავლებელი გაერთიანდა, მათ შორის, ბაღდათის №2 საჯარო სკოლიდან 5 პედაგოგი. ლალი აბჟანდაძე იხსენებს, რომ პროექტის ყველა ეტაპი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, დაწყებული მასწავლებლების ტრენინგ-კურსით, დამთავრებული სახელმძღვანელოს გაცნობით, შემდეგ კი, უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში მისი განხორციელებით. „8-ეტაპიანი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, ამის გარდა, ორეტაპიანი შეხვედრები გვქონდა კოლეგებთან და მშობლებთან, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესში დანერგვა. მართლა ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა — ერთი, რომ კოლეგებს გვქონდა ერთმანეთისთვის დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა და მეორე მხრივ, გაზიარებული ცოდნის ახლებურად დანახვა და ისე შეტანა გაკვეთილებზე. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს განსაკუთრებით საჭიროა მოსწავლის სოციალური და ემოციური მდგომარეობის შესწავლა და საგაკვეთილო პროცესში გათვალისწინება, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს ხელს უწყობს მათი ფორმირების პროცესს.
როგორც პროექტის თანამონაწილეს და როგორც სკოლის ხელმძღვანელს, მქონდა საშუალება, მოგვეწყო შეხვედრები კოლეგებთან გამოცდილების გასაზიარებლად. შემდეგ, პროექტის ფარგლებში შერჩეული კლასის სხვა საგნის მასწავლებლებთან, ვისთანაც განვახორციელეთ ეს პროექტი. ასევე გვქონდა შეხვედრები მშობლებთან და ბევრ დეტალზე შევთანხმდით. რომელი მიმართულებით უნდა წავსულიყავით, ეს მოსწავლეების გამოკითხვით გაირკვა, ანუ კითხვარების საშუალებით დავადგინეთ, რომელი კომპონენტი იყო მათთვის მნიშვნელოვანი – თვითცნობიერება, თვითრეგულაცია თუ ურთიერთობები.
როგორ ვახდენთ პრაქტიკაში ამ უნარების ხელშეწყობას? მაგალითად, ვასწავლი ლექსს „ვეფხისა და მოყმის“. თუკი დასახელებული სამი კომპონენტიდან, ჩემს კლასში, თვითრეგულაციაა ჩემი მიზანი, ვმუშაობ იმაზე, როგორ ჩავშალო ეს კომპონენტი საგაკვეთილო თემაში, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. აი, მაგალითად, გაკვეთილზე ყურადღებას ვამახვილებთ, როგორია პერსონაჟების ხედვის კუთხე, მათი ემოციური მდგომარეობა, შემდეგ ტექსტს ვუკავშირებ მოსწავლეების განწყობას – შენ რა აზრის ხარ ავტორის მთავარ სათქმელთან მიმართებით? როგორია შენი ემოცია, დამოკიდებულება… შენ როგორ მოიქცეოდი, რა ემოციური კავშირი გაქვს ამ პროცესთან და ა.შ. ეს ყველაფერი გადაგვაქვს გაკვეთილის ჭრილში და ავსახავთ კურიკულუმში“.
🔎 სამომავლო გეგმები
სკოლა-ლაბის პროგრამის კოორდინატორი მერი ქადაგიძე, აღნიშნავს, რომ CTC სოციალური და ემოციური განათლების იდეის პოპულარიზაციასა და ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით სასკოლო კვების საკითხის ადვოკატირებას, პოლიტიკის დონეზე, მომავალშიც გააგრძელებს. პროგრამის შედეგების შეჯერებამ კიდევ ერთხელ დაანახათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლის ბაზაზე, სხვადასხვა მხარდამჭერი ფუნქციების გაძლიერება იმისთვის, რომ მასწავლებლებმა უნივერსალურ დონეზე შეძლონ კლასთან მუშაობა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა მოსწავლეებში. „ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ავირჩიეთ დამრიგებლებთან მუშაობა და სწორედ მათთვის, გაზაფხულზე, შევძლებთ ახალი თვითმართული კურსის შეთავაზებას, რომელიც დაეხმარებათ კლასის დონეზე შეძლონ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება და კოლეგების, მშობლების სწორად ინფორმირება, მათი კოორდინირებული მუშაობის მხარდაჭერა. სასურველია, ერთი და იმავე კლასში შემსვლელ პედაგოგებს ჰქონდეთ ერთიანი ხედვა მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერის მიმართულებით.
პროექტზე მუშაობამ ისიც ცხადჰყო, რომ შედეგის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელვანია სასკოლო თემის გააქტიურება და ინფორმირება აღნიშნული საკითხების ირგვლივ. ამ შემთხვევაში, ცხადია, ვგულისხმობთ ადმინისტრაციას, სკოლის ბაზაზე მომუშავე ფსიქოლოგებს (თუკი ისინი ჰყავს სკოლას), სოცმუშაკებს და მშობლებს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სასკოლო თემს სხვადასხვა ინიციატივები შევთავაზოთ. ასევე, ვითანამშრომლოთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ სასკოლო თემის სხვადასხვა წევრთან, იქნებიან ეს მშობლები, სკოლის მენეჯერები თუ დამხმარე პერსონალი. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ერთიანი ძალისხმევა უკვე პოლიტიკის დონეზეც მოიყრის თავს და რეალურად მივიღებთ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოლიტიკას მოსწავლეების სოციალური და ემოციური განათლების მიმართულებით, რომელიც, ასე ვთქვათ, კარგი ჩარჩო იქნება იმისთვის, რომ დავინახოთ სასკოლო განათლების ეს ასპექტი. ამ თვალსაზრისით, ველოდებით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის გადახედვას და, შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესს, ვინაიდან ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხები აუცილებლად უნდა აისახოს ამ დოკუმენტებში. ცხადია, მზად ვართ, რომ ამ მიმართულებითაც ვითანამშრომლოთ შესაბამის უწყებებთან“.
ლალი ჯელაძე