28 ნოემბერი, სამშაბათი, 2023

სკოლის საერთო კულტურის განვითარების მთავარი ორიენტირები

spot_img
მზია ბერაძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი

 

 

ყველასათვის ცნობილია, რომ მოსწავლის მხოლოდ საგნობრივი ცოდნით აღჭურვა საკმარისი არაა ოცდამეერთე საუკუნის საგანმანათლებლო მოთხოვნებთან მიმართებაში. სკოლის საერთო კულტურამ მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბოს სწორი დამოკიდებულება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მის ირგვლივ არსებული საცხოვრებელი გარემოს მიმართ. სკოლამ იმგვარად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, სოციალური პროექტები და სხვა სასწავლო აქტივობები, რომ ხელი შეუწყოს:

⇑⇓ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას – როგორც ვიცით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ერთ-ერთია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული თემებიდან. მოსწავლეთა მიერ ისტორიული არტეფაქტების გაფრთხილება და ახლის შექმნისკენ სწრაფვა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტიაა. ამდენად, სასკოლო კულტურამ მოსწავლეებს უნდა გაააზრებინოს, რომ მომავლის განვითარება სწორედ ძველი კულტურული სიმდიდრის დაცვას უნდა დაეფუძნოს;

⇑⇓ კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას – როგორც მთავარ საგანმანათლებლო დოკუმენტში ვკითხულობთ, შემწყნარებლობა, ანუ ტოლერანტობა გულისხმობს ქვეყანასა თუ მსოფლიოში არსებული მრავალფეროვნების მიმღებლობასა და პატივისცემას, რაც ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. სკოლის საერთო კულტურამ ხელი უნდა შეუწყოს მოზარდს იმის გააზრებაში, რომ ყოველი ადამიანი გარკვეული ენის, კულტურის, ტრადიციის მატარებელი ინდივიდია, რომელსაც თავისი უნიკალური წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნისა თუ საზოგადოების წინსვლაში;

⇑⇓ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას – ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. ამის გათვალისწინებით, სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს ჯანსაღი ცხოვრების არსისა და მნიშვნელობის გააზრებაში უნდა დაეხმაროს;

⇑⇓ გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის – ეს მიდგომა გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, დედამიწის, როგორც საერთო სასიცოცხლო სივრცის, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამის გათვალისწინებით, სკოლის საერთო კულტურა (ფარული კურიკულუმი) მოსწავლეს უნდა უბიძგებდეს, გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მის საცხოვრებელ გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ და გაიაზროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა. ამ მიზნით, სასურველია, მან მონაწილეობა მიიღოს ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა მოსწავლეთა კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები. ამგვარ არაფორმალურ გარემოში, მოსწავლე გაიზიარებს სხვათა გამოცდილებას და ჩამოუყალიბდება სწორი დამოკიდებულება საკუთარი საცხოვრებელი გარემოს მიმართ;

⇑⇓ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას – მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციას გაუჭირდება ყველა კონფლიქტური სიტუაციის შესწავლა და მათზე რეაგირება. სკოლის საერთო კულტურამ უნდა უბიძგოს მოსწავლეს, რომ იგრძნოს პირადი პასუხისმგებლობა მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მიმართ. ამ კუთხით, სასურველია, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის მანდატურის ერთობლივი ძალისხმევით, დაიგეგმოს იმგვარი აქტივობები, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ან ბულინგის აღმოფხვრის სტარტეგიების გაცნობას ემსახურება. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი უწყვეტი თანამშრომლობის ჯაჭვს შექმნის და სკოლის ფარული კურიკულუმის საუკეთესო ვარიანტის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს;

⇑⇓ სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას – მეწარმეობა ინდივიდის სამეწარმეო უნარების საქმედ ქცევის შესაძლებლობას წარმოადგენს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, მშობელთა ჩართულობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ახალ, ერთობლივ ინიციატივებს წაახალისებს. ამ მიზნით, მშობელთა და მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების რეალიზებით მიღებული სახსრების ქველმოქმედებისთვის გამოყენება სარგებელს მოუტანს როგორც სკოლის, ასევე საცხოვრებელი თემის წარმომადგენლებსაც. აღნიშნული კი, სასკოლო ცხოვრებაში სათემო საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს.

აგრეთვე, მოსწავლეებს სკოლამ უნდა შეუქმნას ურთიერთპატივისცემით და თანასწორობით გაჯერებული სასწავლო გარემო. აღნიშნული პირობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზრდას, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს სკოლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი და მართებული საერთო კულტურის ჩამოყალიბებას.

 

წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმა, I კარი. სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები