19 სექტემბერი, პარასკევი, 2025

სკოლის ლიდერის კომპეტენციები

ზაზა შულაია
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტით“ განსაზღვრულიაახალი განათლება სკოლის ლიდერის კომპეტენციები ურთიერთდაკავშირებული და თანაბრად მნიშვნელოვანი 4 მიმართულებით:

  • სკოლის ფილოსოფია;
  • სკოლის კურიკულუმი;
  • სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა;
  • მოსწავლეთა მხარდაჭერა.

განვიხილოთ სკოლის დირექტორის კომპეტენცია თითოეულ მიმართულებასთან დაკავშირებით:

  1. სკოლის ფილოსოფია:

ა) სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის მისია და დანიშნულება საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში; უნდა შეეძლოს სასკოლო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება, განვითარება და მართვა;
  • სკოლის კონტექსტიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო მისიისა და ხედვის შემუშავება მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისა და აღზრდის ხელშესაწყობად.

ბ) სკოლის დაგეგმვა და განვითარება:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის ეფექტიანად მართვის პროცესში სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა, პრიორიტეტების გამოყოფა სტრატეგიული მიზნებისათვის და ამ მიზნების რეალიზების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა;
  • უნდა შეეძლოს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგიის უზრუნველყოფა, რომლითაც განსაზღვრული იქნება სასკოლო საზოგადოებისა და ჩართულ მხარეთა პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმი.
  1. სასკოლო კურიკულუმი:

ა) სასკოლო კურიკულუმის შემუშავება:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა-სწავლების პროცესში სასკოლო საზოგადოების როლი და მნიშვნელობა; უნდა შექმნას ნაყოფიერი სივრცე კონსტრუქციული კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის;
  • უნდა შეეძლოს კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების იმგვარი მეთოდოლოგიის შექმნა, რომელიც იქნება საფუძველი გაზიარებული პასუხისმგებლობის, ინიციატივისა და თანამონაწილეობისათვის.

ბ) სასკოლო კურიკულუმის განხორციელება:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სწავლის კონსტრუქტივისტული ბუნება; უნდა ავითარებდეს მოსწავლეზე ორიენტირებულ, აქტიურ და შემოქმედებით სასწავლო პროცესს;
  • უნდა უზრუნველყოს იმგვარი სასწავლო პროცესი, სადაც: მოსწავლე აქტიურ შემოქმედებით პროცესშია ჩართული; ახალი ცოდნის კონსტრუირება ხდება წინარე ცოდნაზე დაფუძნებით; მოსწავლე დამოუკიდებელი მსწავლელია; სასწავლო პროცესი ორიენტირებულია ცოდნის სამივე კატეგორიაზე.

გ) სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მონიტორინგისა და შეფასების, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილის, მნიშვნელობა; უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს პროცესებისა და შედეგების გასაუმჯობესებლად;
  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ჰოლისტური შეფასების მნიშვნელობა; უნდა შეეძლოს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ინფორმაციის ანალიზზე დაფუძნებული მონიტორინგისა და შეფასების უზრუნველუოფა.

დ) სასკოლო კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის ციკლური ბუნება; კურიკულუმის გადამუშავებისას უნდა ითვალისწინებდეს წინარე გამოცდილებას;
  • კურიკულუმის რევიზირებული ვერსიის შემუშავებას უნდა უზრუნველყოფდეს სასკოლო საზოგადოების ჩართულობით და ქმნიდეს კურიკულუმის განვითარებისა და მხარდაჭერის სარეკომენდაციო საჭიროებათა პაკეტს.
  1. სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა:

ა) ადამიანური რესურსების მართვა:

  • დირექტორს უნდა შეეძლოს გაზიარებულ პასუხისმგებლობასა და დელეგირებაზე დაფუძნებული სისტემის შექმნა;
  • უნდა უზრუნველყოს სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ისე გადანაწილება, რომ თითოეული მათგანი საგანმანათლებლო საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული.

ბ) სკოლის პერსონალის განვითარება:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ადამიანური რესურსების განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის როლი და მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში; უნდა ნერგავდეს პერსონალის შეფასებისა და განვითარების ისეთ მხარდამჭერ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია მიღწევებსა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე;
  • უნდა შეეძლოს, შეიმუშაოს და სკოლაში დანერგოს ადამიანური რესურსების სტრატეგიულად და ოპტიმალურად მართვა, რათა თითოეულმა თანამშრომელმა მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარება.

გ) პროცესების მართვა:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პოლიტიკის მნიშვნელობა; უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელებას სკოლის მიერ გაცხადებული მისიისა და მიზნების შესაბამისად;
  • გააზრებული უნდა ჰქონდეს სასკოლო საზოგადოების ჩართულობაზე დაფუძნებული სკოლის მართვის პოლიტიკის მნიშვნელობა და უნდა უზრუნველყოფდეს საგანმანათლებლო საქმიანობის თანამონაწილეობით მართვას.

დ) ადამიანისა და პროცესების უსაფრთხოება:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სწავლის პროცესში ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხო გარემოს როლი და უნდა შეეძლოს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკურ უსაფრთხოებას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმებით.

ე) მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა:

  • დირექტორს გააზრებული უნდა ჰქონდეს სკოლის მატერიალური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად;
  • უნდა შეეძლოს მართვის პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება.

ვ) საინფორმაციო რესურსები:

  • დირექტორს გააზრებული უნდა ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად;
  • გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სისტემური საქმისწარმოების მნიშვნელობა ორგანიზებული პროცესების წარმართვისათვის;
  • უნდა შეეძლოს სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ზ) ფინანსური რესურსები:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს დაწესებულების ფინანსური მდგრადობის მნიშვნელობა;
  • უნდა შეეძლოს სკოლის ფინანსური მართვა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
  1. მოსწავლეთა მხარდაჭერა:

ა) მოსწავლეთა უფლებების დაცვა:

  • დირექტორს გააზრებული უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მნიშვნელობა;
  • უნდა ქმნიდეს მყარ გარანტიებს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ბ) მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები:

  • დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მნიშვნელობა და უნდა უზრუნველყოფდეს ამ პროცესის ხელშემწყობი სისტემის ჩამოყალიბებას;
  • გააზრებული უნდა ჰქონდეს სკოლის, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული ინსტიტუციის, როლი და მნიშვნელობა და უნდა ქმნიდეს მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემას;
  • უნდა იზრუნოს, შექმნას ინკლუზიური გარემო მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
  • უნდა შეეძლოს მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება