21 დეკემბერი, შაბათი, 2024

სკოლის დონეზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა-განხორციელება

spot_img
ხათუნა ბერაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

 

 

მასწავლებელთა პროფესიულმა განვითარებამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს პოზიტიური გავლენა მოსწავლეებზე, თუ მასში ჩართულია არა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მასწავლებელი, არამედ მთელი სასკოლო საზოგადოება.

სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ჯგუფი მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის, ინტერაქციისა და გამოცდილების გაზიარების უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს. აღნიშნული ჯგუფის დანიშნულებაა, გაითვალისწინოს მასწავლებლების ინდივიდიალური პროფესიული საჭიროებები, სკოლის წინაშე არსებული გამოწვევები და დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პროფესიული აქტივობები, რომლებიც ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს უპასუხებს და ხელს შეუწყობს მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას. ინდივიდუალური პროფესიული განვითარების მსგავსად, სკოლის დონეზე პროფესიული განვითარება საჭიროებს სათანადო დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას.

სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების ციკლი მოიცავს გარკვეულ ეტაპებს:

  • საჭიროებების ანალიზი სკოლის დონეზე (სკოლისა და ინდივიდუალური მიზნების/საჭიროებების მიხედვით);
  • მიზნების შემუშავება სკოლის დონეზე;
  • სამოქმედო გეგმის შემუშავება სკოლის დონეზე;
  • სამოქმედო გეგმის განხორციელება;
  • პროგრამის შეფასება;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესი და შედეგი პირდაპირ კავშირშია მოსწავლესთან. ვინაიდან პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევისათვის გარკვეული საფეხურების გავლაა საჭირო, ამ ეტაპებზე, მასწავლებელთან ერთად, მოსწავლეც პროცესის აქტიური მონაწილეა, რადგან მასწავლებლის პროფესიული განვითარების შედეგი მოსწავლეზე უნდა აისახოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის გასავლელი საფეხურები:

  • მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა;
  • მასწავლებლის საჭიროებების დადგენა;
  • მიზნების შემუშავება;
  • საქმიანობებისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
  • პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელება;
  • შედეგების შეფასება;

სასკოლო ამოცანების, მიზნებისა და გამოწვევების ანალიზი ითვალისწინებს პასუხს შემდეგ კითხვებზე:

  • რა ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებს უყენებს ეროვნული სასწავლო გეგმა ჩვენს მასწავლებლებს?
  • რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ ახალი მოთხოვნებისა და გამოწვევების დაკმაყოფილება?
  • რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმისათვის, რომ შეძლოს მისი სკოლის კონტინგენტის სპეციფიკური საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილება?
  • როგორია მოსწავლეების საერთო მაჩვენებლები?
  • რა ტენდენციები იკვეთება?
  • რა მიმართულებით უნდა გააძლიერონ და გააუმჯობესონ მასწავლებლებმა მუშაობა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მოსწავლეების მიღწევები?
  • რა დამატებითი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებას გეგმავს სკოლა?
  • რა დამატებითი კომპეტენციები ესაჭიროებათ მასწავლებლებს აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად?
  • კონკრეტულად მასწავლებლების რომელ ჯგუფებს?
  • როგორ განხორციელდა პროფესიული განვითარების ღონისძიებები წინა აკადემიური წლის განმავლობაში?
  • რა გავლენა ჰქონდა მათ მასწავლებლების პრაქტიკაზე და მოსწავლეებზე?
  • რომელი ღონისძიებები იყო განსაკუთრებით ეფექტური?
  • არსებობს თუ არა აღნიშნული ღონისძიებების საჭიროებები წელს?

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესამუშავებლად, საჭიროა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით გამოკვეთილი ტენდენციების აღმოჩენა; ასევე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფისთვის პრიორიტეტული, გამოკვეთილი მიმართულებები; უნდა გავარკვიოთ ემთხვევა თუ არა მასწავლებელთა ინდივიდუალური გეგმების ანალიზით გამოკვეთილი საჭიროებები სკოლის კონტექსტში ჩატარებული ანალიზის შედეგებს; გასათვალისწინებელია დაუგეგმავად გამოკვეთილი გარემოებები და საჭიროებებიც.

სკოლაში უნდა საქმიანობდეს პროფესიული განვითარების ჯგუფი, რომელიც იზრუნებს არა მარტო თავის, არამედ სხვა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე. უფრო მეტიც, მან სკოლის განვითარებაზეც უნდა იზრუნოს და ითანამშრომლოს სკოლის მმართველ სტრუქტურებთან (კათედრისა და ადმინისტრაციის დონეზე).

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის ფუნქციებია:

  • კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისათვის;
  • საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი;
  • ანალიზზე დაყრდნობით, როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • სასწავლო პროცესზე დაკვირვება და კოლეგების კონსულტირება;
  • ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა;
  • პროფესიული განვითარების ჯგუფების მუშაობის პერიოდული ანგარიშები კოლეგების წინაშე;
  • შეხვედრების მოწყობა მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან – მათი ჩართვა სკოლის განვითარების პროცესში.

სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ჯგუფის საქმიანობა გარკვეულ ფაზებად იყოფა:

ფაზა 1. ჯგუფის ჩამოყალიბება;

ფაზა 2. პრობლემის მიგნება;

ფაზა 3. პრობლემის გადაჭრისთვის გამოსადეგი სტრატეგიების მიკვლევა;

ფაზა 4. სტრატეგიის შერჩევა გამოსაცდელად;

ფაზა 5. სტრატეგიის გამოცდა;

ფაზა 6. სტრატეგიის დახვეწა;

ფაზა 7. შედეგების გაზიარება სასკოლო საზოგადოებისთვის.

მოცემულ ფაზათა თანმიმდევრულად და სწორად გავლის შემთხვევაში, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ჯგუფის საქმიანობა განხორციელებულად ითვლება.

თუკი სასკოლო საზოგადოების ყველა მოცემული რგოლი განახორციელებს სკოლის ბაზაზე დაგეგმილ, აუცილებელ საქმიანობას, შედეგი აისახება როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეზე, ასევე მთელს სკოლაზე. ასეთ შემთხვევაში, არ მოგვიწევს ე.წ. „დაზეპირების მექანიზმის“ ჩართვა, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, უშედეგოა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები