14 დეკემბერი, შაბათი, 2024

სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის განცხადება

spot_img

 

სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებსა და მათში საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ჩართულობას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ გრძელდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული სააგიტაციო/კამპანიური ხასიათის შეხვედრები, რომელსაც მაჟორიტარობის  კანდიდატები და/ან მმართველი პოლიტიკური პარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. აღნიშნული შეხვედრების  დროს ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ნიშნები იკვეთება. ასევე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იძულებას.

მედიასაშუალება „ფორმულას“ 23 ოქტომბრის სიუჟეტში საუბარია სწორედ ამ ტიპის შეხვედრაზე, რომელიც ღამით ხონის სამუსიკო სკოლაში გაიმართა და შეხვედრას საჯარო სკოლის წარმომადგენლები და, განათლების მინისტრთან ერთად, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხონისა და ვანის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ. მედიასაშუალების ინფორმაციით, „მასწავლებლები დააშანტაჟეს და აიძულეს, რომ მისულიყვნენ ამ შეხვედრაზე“.

თავის მხრივ, მიმდინარე წლის ივლისში საარჩევნო კოდექსში (45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „კ“ პუნქტი) განხორციელებული ცვლილებებით, საჯარო სკოლების პედაგოგებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაციაში  სამუშაო საათებისაგან თავისუფალ დროს ან როდესაც ისინი უშუალოდ არ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს. თუმცა, იგივე საარჩევნო კოდექსი (49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი) ადგენს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც გულისხმობს, მათ შორის: სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას.

მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის აქტივობები, ერთი მხრივ, აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს სიჯანსაღეს ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უშლის განათლების სისტემის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარებას საქართველოში.

გვინდა ხაზგასმით მოვუწოდოთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ პროცესებს და ხსენებული შეხვედრების ცენტრალიზებულად ორგანიზების ნაცვლად, მაქსიმალურად დაიცვას განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები პოლიტიკური გავლენებისაგან და არ მოხდეს თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.

ასევე, მოვუწოდებთ საჯარო სკოლების პედაგოგებსა და თანამშრომლებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაციაში ჩაბმა არასამუშაო საათებში ან სამსახურებრივი ფუნქციების მიღმა, ეს არის ნებაყოფლობითი უფლება და იძულების ან სხვა ისეთი ფაქტების შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს პოლიტიკური შეხედულების გამო განსხვავებულ მიდგომას ან დისკრიმინაციას, მოგვმართოს შემდეგ მისამართზე: efacoalition@efageorgia.ge

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები