ნიკო სილაგაძე
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი
2023 წელს დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი, შემუშავდა სტანდარტები, დამტკიცდა დებულება, ამოქმედდა სკოლის მხარდაჭერის სისტემა. ავტორიზაციის პროცესისთვის საკვანძო ცნებებია: სკოლის განვითარება და სკოლის განვითარების პროცესში სასკოლო საზოგადოების წევრების – მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის დირექციის – ჩართულობა, ანუ წარმატებულად ის სკოლა ითვლება, რომელიც ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ვითარდება განუხრელად, სასკოლო საზოგადოების წევრების ჩართულობით.
დღეს ჩვენი საუბრის თემაა – სკოლის განვითარებისა და ავტორიზაციის პროცესი მასწავლებლის პერსპექტივიდან. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა მოგვეთხოვება ჩვენ, როგორც მასწავლებლებს, საიმისოდ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სკოლის განვითარებაში. ამ ცოდნის წარმოსაჩენად, ვკონცენტრირდებით ექვსი საკვანძო შეკითხვის განხილვაზე.
♦ რა მიზნით ვასწავლი
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ სიტყვები – მისია, გრძელვადიანი მიზანი, მოკლევადიანი მიზანი და საშუალება მიზნის მისაღწევად. ამაში დაგვეხმარება ერთი მოთხრობის ანალიზი, რომლის გამოყენებაც იოლად შეიძლება საგნის „მე და საზოგადოება“ გაკვეთილებზე. ეს არის ამ მოთხრობის შინაარსის ამსახველი ილუსტრაციები (მოთხრობა წიგნიდან: ჩვენი ეზოს ამბები).
საქმე ეხება პატარა ბიჭის თავგადასავალს, რომელმაც დაწერა წერილი და, შემთხვევით, ეს წერილი ეზოში დაუვარდა. მისი ეზოს სხვა მაცხოვრებლებმა იფიქრეს, რომ ამ წერილში რაიმე ცუდი ეწერა, რადგანაც ამ ბიჭს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. არადა, ბიჭმა, წერილში, თავის შეყვარებულს ლამაზი, თბილი სიტყვები უთხრა. მერე გადმოცემულია დისკუსია, თუ როგორ მსჯელობენ ეზოს ბინადრები, რამდენად მართებულია ამ წერილის გახსნა და წაკითხვა, თუნდაც ძალიან კეთილშობილური მიზნით. საბოლოოდ, ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ორი პერსონაჟი მაინც წაიკითხავს ამ წერილს და აღმოჩნდებიან უხერხულ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ნახავენ, წერილი სასიყვარულო შინაარსისაა და არაფერ ცუდს არ ისახავს მიზნად.
როგორც ვხვდებით, ამ რესურსის მიზანია, მოსწავლე პირადი სივრცის, პირადი ინფორმაციის დაცვის აუცილებლობაზე დააფიქროს. მოდი, ეს მოთხრობა და მისი შინაარსი ჩავსვათ იმ ოთხ სიტყვაში. თუ ვართ „მე და საზოგადოების“ მასწავლებლები, როგორ ავაგოთ მიზნების იერარქია, ამ რესურსზე დაფუძნებით? საკუთრივ ეს სასწავლო რესურსი წარმოადგენს, რა თქმა უნდა, საშუალებას რაიმე მიზნის მისაღწევად. ახლა წარმოვიდგინოთ, რა არის აქ მოკლევადიანი მიზანი. რა თქმა უნდა, იქნება პირადი სივრცის დარღვევა და ამაზე მოსწავლეების დაფიქრება. რაც შეეხება გრძელვადიან მიზანს, როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, გრძელვადიანი მიზნები სამიზნე ცნებების საშუალებით ყალიბდება. „მე და საზოგადოებაში“ გვაქვს 5 სამიზნე ცნება: პიროვნება; საზოგადოება; ზრუნვა; ინსტიტუცია; ცვლილება.
ეს დავალება, ამ ხუთი სამიზნე ცნებიდან, ერთ-ერთს უნდა დავუკავშიროთ. ის ადვილად უკავშირდება სამიზნე ცნებებს – პიროვნება და საზოგადოება, ანუ გამოდის, რომ გრძელვადიანი მიზანი ყოფილა ამ სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული შედეგების გააზრება. სხვა მოთხრობის ან სხვა რესურსის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა ცნება გააქტიურდეს.
რაც შეეხება სკოლის მისიას, ის რეალურად იგივდება მოსწავლის პიროვნულ განვითარებასთან. ყველა სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლის ემოციურ, სოციურ და კოგნიტურ განვითარებას და ყველა საგანს, თავისი სამიზნე ცნებებით, თავისი წვლილი შეაქვს ამ მიზნის მიღწევაში. სკოლები, ხანდახან, სპეციფიკურ მისიასაც შეიმუშავებენ. სწორედ ასე ხდება ავტორიზაციის სტანდარტის შემთხვევაში და ამის გათვალისწინება მართებთ მასწავლებლებს სასკოლო სასწავლო გეგმაში. მაშასადამე, დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, პირველ რიგში, როდესაც გრძელვადიან მიზნებზე ვლაპარაკობთ და ვსვამთ კითხვას – რა მიზნით ვასწავლით ამა თუ იმ საგანს, უნდა გავიხსენოთ რა არის ჩვენს საგანში გრძელვადიანი მიზნები, ანუ რა სამიზნე ცნებებსა და შედეგებს გამოკვეთს ჩვენი საგნობრივი სტანდარტი და შემდეგ შევარჩიოთ რესურსები, რომელიც ამ მიზნების გააქტიურების შესაძლებლობას მოგვცემს.
♦ რა მეთოდებს ვიყენებ სწავლა სწავლების პროცესში
სწავლა-სწავლების მეთოდებზე საუბრისას, რამდენიმე გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ კონტექსტ მაგალითი გვქონდეს, რომელზე დაფუძნებითაც ავაგებთ სასწავლო პროცესს. აი, მაგალითად, როდესაც განვიხილეთ მიზნების იერარქია საგანში „მე და საზოგადოება“, იქ კონტექსტ მაგალითი იყო მოთხრობა „საიდუმლო“, რომელიც პირადი სივრცის დარღვევას შეეხებოდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმას კონსტრუქტივისტული პრინციპები უდევს საფუძვლად და მოთხოვნაა, რომ მასწავლებლებმა ამ პრინციპით წარმართონ სასწავლო პროცესი, ანუ აქ მთავარია, მაგალითიდან სასწავლო მიზნის გააზრებისკენ იყოს სასწავლო პროცესი წარმართული და არა სასწავლო მიზნიდან მაგალითისკენ, ანუ ჩვენ როცა ვასწავლით მოსწავლეს, აუცილებლად, ჯერ მაგალითი უნდა განვახილვინოთ (ვთქვათ, მოთხრობა „საიდუმლო“) და ამის შემდეგ წავიდეთ ძირითადი საკითხის გააზრებისკენ და არა პირიქით – დავაანონსოთ ჯერ საკითხი, პირადი ინფორმაციის საჯაროობა, ამის შემდეგ კი მოგვაფიქრდეს, წავიკითხოთ მაგალითები, რომელიც ამ საკითხის გაშინაარსებას ემსახურება.
მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება კომპლექსურ დავალებას, როგორც სწავლების მეთოდს. კომპლექსური დავალება, როგორც სასწავლო მეთოდი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში შემუშავდა და ეს არის პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც ის ადასტურებს საკუთარ ცოდნას შესასწავლი საკითხის.
გთავაზობთ კომპლექსური დავალების პირობას, რომელიც შეიძლება ავაგოთ ზემოთ განხილული მოთხრობის საფუძველზე: გაეცანი მოთხრობას „საიდუმლო“. გაიხსენეთ/მოიფიქრეთ ცხოვრებისეული სიტუაცია მსგავსი სიუჟეტით, როცა მოხდა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევა. შექმენით ილუსტრირებული ბუკლეტი, სადაც მოთხრობის სიუჟეტს და სხვა მსგავს ისტორიებს წარმოაჩენთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ დავალების პირობას ქვეშ უწერია ბულიტები, ქუდის ქვეშ – ნაშრომში/ ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ და აქ აღნიშნულია, რომელ სამიზნე ცნებებს ააქტიურებს თითოეული ეს ბულიტ კრიტერიუმი. ანუ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გრძელდება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში. ყველა მოსწავლე პირველივე გაკვეთილზე იგებს, რა კომპლექსური დავალება აქვს შესასრულებელი და ამის შემდეგ, ყველამ უნდა წარმოადგინოს ეს კომპლექსური დავალებები, აღწეროს რა გააკეთა, ახსნას რატომ გააკეთა ასე და შეაფასოს რამდენად კარგად გამოუვიდა ის, რაც მასწავლებლისგან ჰქონდა დავალებული. კომპლექსური დავალების, როგორც სწავლების მეთოდის, გამოყენება ძალიან ბევრ პლუსს გვაძლევს იმიტომ, რომ ამით რეალიზდება ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა მოთხოვნა. აქ დაცულია სწავლა-სწავლების ხუთივე პრინციპი: კონსტრუქტივისტული პრინციპები – აქტიური სწავლა; ახალი ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით; სწავლის სწავლა; ცოდნის სამი კატეგორია; ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება.
შექმნილია უპირობოდ პოზიტიური სასწავლო გარემოც, რომელიც ხელს უწყობს გლობალური ფუნქციური უნარების განვითარებას: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა, ხასიათი/ნება.
მაშასადამე, გამოდის, რომ თუკი ჩვენ სასწავლო პროცესს, თავიდამ ბოლომდე, კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებით წარვმართავთ, ეს ავტომატურად ნიშნავს სწავლა-სწავლების პროცესის ორიენტირებას როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის, ისე ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნებზე.
♦ რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი
სასწავლო რესურსებსა და მასალებზე მსჯელობისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გავამახვილოთ კონტექსტ მაგალითზე. ზემოთ, სწავლა-სწავლების მეთოდებზე საუბრისას, აღმოჩნდა, რომ კონტექსტ მაგალითს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას. მაშასადამე, პირველი, რაც ჩვენს თავს, როგორც მასწავლებლებმა, უნდა ვკითხოთ – რა არის კონტექსტ მაგალითი ჩვენს საგანში და საიდან შეიძლება ასეთი მაგალითების მოპოვება? ხშირად, საბედნიეროდ, ასეთი მაგალითები თავად სახელმძღვანელოშია მოცემული, ან მოსწავლის რვეულში, ან მოსწავლის წიგნში და მარტივად შეიძლება მათი გამოყენება, მათზე კომპლექსური დავალების პირობის შექმნა. თუმცა, თუ სახელმძღვანელოში ეს არ ჩანს ან დამატებით რესურსებში უკეთესი მაგალითი ვნახეთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სწორედ ის გამოვიყენოთ ჩვენს მოსწავლეებთან იმიტომ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არ გვიკრძალავს სხვა მასალების გამოყენებას. ჩვენ თავად შეგვიძლია შევარჩიოთ ის რესურსები და საკითხები, სავალდებულო თემების ფარგლებში, რომელსაც ჩვენი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესოდ ჩავთვლით.
მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია, რა მასალას ვიყენებთ ცოდნის კონსტრუირებისთვის. აქ, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოს გამოყენება შეიძლება, სადაც შემოთავაზებულია მრავალფეროვანი რუბრიკები.
ასევე, მასალა შეგვიძლია მოვიპოვოთ გარე აქტივობების, ვთქვათ, ექსკურსიების ან ინტერაქტიური აქტივობების შედეგად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გამოდის, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების, ამ შემთხვევაში, „მე და საზოგადოების“ სწავლების ვრცელი რესურსები გვაქვს იმისთვის, რათა ავაგოთ და მოსწავლეებისთვის საინტერესოდ წარვმართოთ სასწავლო პროცესი.
ყველა მასწავლებელმა უნდა ჰკითხოს თავის თავს – რა არის კონტექსტ მაგალითი ჩემს საგანში? საიდან შეიძლება ასეთი კონტექსტ მაგალითების მოპოვება და რა რესურსები, სახელმძღვანელოში მოცემული თუ დამატებითი, გამომადგება იმისთვის, რომ ამ კონტექსტ მაგალითზე დაფუძნებით ავაგო ცოდნა, რომელიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით?
♦ როგორ ვაფასებ მოსწავლის მიღწევებს
შეფასებაზე საუბრისას, ტრადიციულად, განასხვავებენ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას. განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლის შეფასების ნაწილში, მხოლოდ ნაწილობრივ შევეხებით იმიტომ, რომ ის გაცილებით ფართო ცნებაა და უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მოსწავლისა და მასწავლებლის კონკრეტული ურთიერთობა კონკრეტულ საკითხზე მუშაობისას. აღვნიშნოთ, უბრალოდ, რომ განმავითარებელი შეფასების საწარმოებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასების რუბრიკებს და შეიძლება, სასწავლო პროცესში, ორი ტიპის რუბრიკა გამოვიყენოთ – ჰოლისტური და უფრო კონკრეტული. შეგახსენებთ კომპლექსური დავალების პირობას, რომელიც ზემოთ ჩამოვაყალიბეთ, მოთხრობაზე „საიდუმლო“ დაფუძნებით: გაეცანი მოთხრობას „საიდუმლო“. გაიხსენეთ/მოიფიქრეთ ცხოვრებისეული სიტუაცია მსგავსი სიუჟეტით, როცა მოხდა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევა. შექმენით ილუსტრირებული ბუკლეტი, სადაც მოთხრობის სიუჟეტს და სხვა მსგავს ისტორიებს წარმოაჩენთ. ამ მოთხრობის საფუძველზე, შეიძლება წარმოვიდგინოთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები, რომლებიც წერია ქუდის – ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ – ქვეშ, ერთგვარი ორიენტირია, რომელზე დაფუძნებითაც მასწავლებელმა შეიძლება საკუთარი კომუნიკაცია ააგოს მოსწავლესთან, მისცეს რჩევები, გააკეთოს დამაზუსტებელი კომენტარები, მისცეს მოსწავლეს საკუთარი მიღწევების შესწავლის შესაძლებლობა. თუმცა, სასწავლო პროცესში, არსებობს უფრო დეტალიზირებული და კონკრეტული რუბრიკის გამოყენების პრაქტიკაც, უფრო ვრცელი ვერსია, სადაც პირველ სვეტში მოცემულია სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, ხუთივე სამიზნე ცნებაა წარმოდგენილი; მეორე სვეტში ქუდის ქვეშ – მოსწავლეს შეუძლია – წარმოდგენილია შეფასების კრიტერიუმები და ესეც ხუთივე სამიზნე ცნებასთანაა ჩამოყალიბებული. პირველი და მეორე სვეტი უცვლელია და როგორც მესამე, ისე მეოთხე კლასის განმავლობაში შეიძლება გამოადგეს „მე და საზოგადოების“ მასწავლებელს; ხოლო მესამე სვეტში კი ჩამოყალიბებულია ის კონკრეტული მოლოდინები, რასაც შეიძლება კონკრეტულ რესურსზე, კომპლექსურ დავალებაზე, მუშაობისას ვაწყდებოდით მოსწავლესთან ურთიერთობისას. მაგალითად, თუკი ვააქტიურებთ ცნებას საზოგადოება და პიროვნება, ვხედავთ რა ზოგადი მოლოდინები შეიძლება ჩამოყალიბდეს მოსწავლეებში.
ხედავთ მეოთხე გრაფასაც, სადაც მიღწევის დონეები შეიძლება დაკონკრეტდეს. რა თქმა უნდა, ამის თავიდანვე დაკონკრეტება არ არის ბოლომდე სწორი იმიტომ, რომ მოსწავლეების კონკრეტული ქცევები, მათი ხარვეზები და მიღწევები უნდა დავინახოთ კონკრეტულ გაკვეთილებზე, სწავლა-სწავლების პროცესში და მისი მონიშვნა, შემდეგში, უფრო ობიექტურს და ეფექტურს გახდის განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
რაც შეეხება განმსაზღვრელ შეფასებას, ნიშნიან შეფასებას, როგორც სხვაგვარად უწოდებენ, „მე და საზოგადოების“ მაგალითი აქ არ გამოგვადგება, რადგან მესამე-მეოთხე კლასებში ნიშანი არ იწერება. ამიტომ, მივმართოთ ამ საგნის გაგრძელებას მეხუთე-მეექვსე კლასებში – საგანს „ჩვენი საქართველო“. რაში და როგორ იწერება ნიშანი „ჩვენ საქართველოში“ და პრინციპში, ნებისმიერ სხვა საგანში, რომლის სწავლებასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა გამოკვეთს ორ მოდელს: პირველი მოდელის მიხედვით, ნიშანი იწერება მიმდინარე და შემაჯამებელ დავალებაში. მიმდინარე დავალებაც შეიძლება იყოფოდეს საშინაო და საკლასო დავალებებად. გამოდის, რომ, პირველი მოდელის მიხედვით, სამი სხვადასხვა კატეგორიის ნიშნით ფასდება მოსწავლე; მეორე მოდელი ასეთ მრავალფეროვნებას არ ითვალისწინებს და იქ ნიშანი იწერება მხოლოდ შემაჯამებელ დავალებაში და სკოლა თავად განსაზღვრავს რამდენი ნიშანი დაწეროს რამდენ შემაჯამებელში, ანუ რამდენჯერ გააკეთოს შემაჯამებელი შეფასება.
არის სხვა განსხვავებებიც, უფრო არსებითი, პირველსა და მეორე მოდელს შორის. აქ მთავარია, რომ, პირველი მოდელის ფარგლებში, ფასდება ყოველთვის ერთი კონკრეტული პროდუქტი, ანუ იქ ყოველთვის არსებობს ერთი დავალება, მაგრამ ეს არ არის კომპლექსური დავალება, რომელზედაც შეგვიძლია ხელის დადება და თქმა, რომ ნიშანი ამ დავალებაში დაიწერა, ეს ეხება როგორც მიმდინარე, ისე შემაჯამებელს. მაგრამ მეორე მოდელის შემთხვევაში, ერთი დავალება კი არა, რამდენიმე დავალება მიიღება ხოლმე, როგორც წესი, მხედველობაში. მაგალითად, თუკი განვსაზღვრეთ, რომ ექვს ნიშანს ვწერთ, მაგალითად „ჩვენ საქართველოში“, სადაც ექვსი თემაა წლის განმავლობაში, მაშინ ამ ექვს ნიშანს ვწერთ ყოველი თემის ბოლოს. აი, მაგალითად, თუ ერთ-ერთ თემაზე მუშაობა გაგრძელდა ერთი თვის ან ცოტა უფრო მეტი დროის განმავლობაში, აქ უკვე მხედველობაში მივიღებთ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ნაშრომს, არამედ მოსწავლის ყველა იმ ნაშრომს, რომელიც მან კომპლექსურ დავალებებზე თუ საკლასო-საშინაო დავალებებზე მუშაობისას განახორციელა. მაშასადამე, თითქოს, სახეზეა მოსწავლის ჰიპოთეტური პორტფოლიო, რომლის ჯამურ ანალიზსაც ვიყენებთ ნიშნის დასაწერად.
დავუბრუნდეთ საკითხს – როდის იწერება ნიშანი მიმდინარე და შემაჯამებელში. არსებითი საკითხია, რომ კომპლექსურ დავალებაში ნიშნის დაწერა არ შეიძლება, ანუ კომპლექსური დავალება, თავისი ბუნებით, ეკუთვნის უფრო განმავითარებელ შეფასებას. ნიშანი თუ იწერება, აუცილებლად, იწერება მიმდინარე ნიშანი, კომპლექსური დავალების პროცესში, აქტივობებში, იქნება ეს ნაშრომი, ქვიზი თუ რაღაც საინტერესო აქტივობა, ხოლო შემაჯამებელი დავალება კი დაერქმის, ვთქვათ, ორი კომპლექსური დავალების ან ერთი თემის შემაჯამებელ ნაშრომს, სადაც ის ცოდნა ფასდება, რომელიც მოსწავლეს აქ, ამ პროცესში, უნდა შეეძინა.
მეორე მოდელის შემთხვევაში კი ეს კარგავს აქტუალობას იმიტომ, რომ იქ რეალურად გვაქვს მოსწავლის ხუთი, სხვადასხვა დროს, შეფასება და იქ ყველა სხვადასხვა ტიპის ნაშრომი შეიძლება იქნეს მიღებული მხედველობაში, ნიშნის გამოყვანის პროცესში.
დაგვრჩა ერთი აუცილებელი საკითხი – საიდან გამოგვყავს ნიშანი? საიდან მოდის ის კრიტერიუმები, რომლითაც მოსწავლე ფასდება? არა აქვს მნიშვნელობა ვსაუბრობთ პირველ მოდელზე თუ მეორეზე, მიმდინარე თუ შემაჯამებელ დავალებასა თუ შეფასებაზე, ნიშნის კრიტერიუმის გამოყვანის პრინციპი ყოველთვის ერთი და იგივეა. „ჩვენი საქართველოს“ სტანდარტში, თითოეული თემის ფარგლებში, მოცემულია შედეგის მიღწევის ინდიკატორები, რომლებიც დაჯგუფებულია სამიზნე ცნებების მიხედვით. რეალურად სწორედ ეს ინდიკატორები წარმოადგენს საფუძველს შეფასების კრიტერიუმების გამოსაყოფად. აღვნიშნოთ ისიც, რომ კრიტერიუმით აღიწერება მხოლოდ დადებითი ქულა – 5, 6, 7, 8, 9 ან 10. მოსწავლეს უარყოფითი ქულის – 4, 3, 2, 1-იანის გამოყვანაში კრიტერიუმი არ მონაწილეობს.
დასკვნის სახით, აღვნიშნოთ, რომ სკოლებს, ცხადია, თავად შეუძლიათ განსაზღვრონ, პირველ თუ მეორე მოდელს აირჩევენ. შესაძლებელია ისიც, რომ სკოლაში ერთმა საგანმა პირველი მოდელი აირჩიოს, მეორემ – მეორე. მთავარია, ეს ორივე მოდელი ორიენტირებულია ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე და ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნული განვითარების პროცესს.
♦ როგორ ვგეგმავ სასწავლო პროცესს
ეს შეკითხვა ნაწილია დიდი შეკითხვის – როგორ ვავითარებთ სასკოლო სასწავლო გეგმას, სადაც გარდა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა, ყურადღებას ვამახვილებთ დანერგვის პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე, ასევე, სასკოლო გეგმის რევიზიაზე? პრინციპში, ზემოთ განხილული ოთხი შეკითხვა სწორედ კურიკულუმის დანერგვის საკითხს გაგვიადვილებს. სკოლების ავტორიზაციის პროცესში მხარდაჭერისთვის შემოთავაზებულია სასკოლო სასწავლო გეგმის ჩარჩო, რომელიც შედგება ექვსი სვეტისგან. მიუხედავად სვეტების სიმრავლისა, ძალიან მარტივია ამ ჩარჩოს აგება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ლოგიკურია სად რომელი შინაარსი იწერება. აი, მაგალითად, ჩვენ რომ ამ ჩარჩოში დავიტანოთ ის მასალა, რომელიც განვიხილეთ „მე და საზოგადოების“ მაგალითზე, მივიღებთ, დაახლოებით, ასეთ სურათს.
პირველ სვეტში, ხედავთ, რომ მოცემულია სასწავლო თემების დასახელება. ეს არის ის ექვსი სასწავლო თემა, რომელიც სავალდებულოდაა განსაზღვრული საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტით. ახლა ვნახოთ რა წერია ჯერ მეოთხე სვეტში. ხედავთ, რომ მისი სათაურია კონტექსტ მაგალითი. აქ ხედავთ, რომ ჩაიწერა ის კონკრეტული მოთხრობა, „საიდუმლო“, რომელიც ეხებოდა პირადი ინფორმაციის საიდუმლოების დარღვევას. გარდა ამისა, მესამე სვეტში, ხედავთ, რომ წერია საკითხი, რომელსაც ეხება ეს დავალება. მეორე სვეტი კი უკვე ააქტიურებს იმ სამიზნე ცნებებს, ანუ გრძელვადიან მიზნებს, რომლისთვისაც სასწავლო რესურსის გამოყენებაა საჭირო და აქ აქტიურდება ცნება პიროვნება, თავისი ქვეცნებებით და ცნება საზოგადოება, ასევე თავისი ქვეცნებებით. მეხუთე სვეტში წარმოდგენილია მაგალითები შედარებისთვის, ანუ აქ წერია ის მარტივი შესადარებელი მაგალითები, რომლებთან დაპირისპირებაც ძირითადი კონტექსტ მაგალითისა გვაძლევს ცოდნის კონსტრუირების საშუალებას. მაგალითად, თუკი მოსწავლეს შევადარებინებთ პირადი ინფორმაციის საჯაროობის საკითხს ოჯახში ასეთი ინფორმაციის დარღვევასთან, ვთქვათ, როდესაც მისი პირადი უჯრა ნახა ძმამ ან მშობელმა, ან ფეისბუქის გვერდის გატეხვასთან, სადაც წაკითხული იქნა ის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი, ამ შემთხვევაში, მოთხრობა „საიდუმლოს“ შინაარსს ის უკეთ გაიგებს. მეორე მხრივ, თუკი ამ მასალას ასევე შევადარებინებთ ბულინგის შემთხვევას და მივანიშნებთ, რომ ბულინგიც ისეთივე ძალადობაა, როგორც პირადი ინფორმაციის გათქმა, ამ შემთხვევაში, ძალადობის ცნება მისთვის უფრო გასაგები და მიუღებელი გახდება და ეს თავის წვლილს შეიტანს პიროვნების ჩამოყალიბებაში.
და ბოლო სვეტი, იქ უბრალოდ იწერება, რომელი სასწავლო რესურსი იქნა გამოყენებული ძირითად კონტექსტ მაგალითად. ეს ცხრილი, რეალურად, არის ჩარჩო, ნაწილი სასკოლო სასწავლო გეგმის, ანუ ჩვენი ამოცანაა, რომ ასე დავგეგმოთ მთელი სასწავლო პროცესი და შემდეგ, კათედრული მუშაობის რეჟიმში, ვიზრუნოთ აქ ჩამოყალიბებული კომპლექსური დავალებების შუალედური სასწავლო მიზნების განხორციელებაზე.
დასკვნის სახით, კიდევ ერთ გარემოებაზე შევაჩეროთ ყურადღება: როდესაც სკოლა იწყებს სასკოლო სასწავლო გეგმაზე მუშაობას, პირველ ეტაპზე, აუცილებელი არ არის, რომ მას თავიდან ბოლომდე ჰქონდეს შევსებული ეს ჩარჩო და ამის გამო, სულაც არ არის საჭირო, რომ სტრესში ჩავვარდეთ მასწავლებლები და დროზე ადრე ვიზრუნოთ ცხრილის შევსებაზე. რეალურად, ჩვენ გვაქვს წელიწად-ნახევარი, ორი წელიწადი, განათლების რეფორმის ფარგლებში, იმისათვის, რომ კარგად შევარჩიოთ კონტექსტ მაგალითები, მოვიძიოთ და შევქმნათ კარგი რესურსები და კომპლექსური დავალების პირობები და, ასე ვთქვათ, ყოველგვარი ღელვისა და ძალდატანების გარეშე, შევქმნათ პროცესი, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სვლა ერთი კომპლექსური დავალებიდან მეორემდე, მეორედან მესამემდე, მესამედან მეოთხემდე… მეხუთედან მეექვსემდე… სასკოლო სასწავლო გეგმა, რა თქმა უნდა, დაგეგმვისას, მარტო საგნის შუალედური მიზნების აღწერას არ გულისხმობს, იგულისხმება ყველა ის სასკოლო პროექტიც, რომელიც განხორციელდა, ვთქვათ, დაწყებით საფეხურზე. აქვე იგულისხმება ის სადამრიგებლო საათიც, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებელი რაღაც შინაარსებს ამუშავებს მოსწავლეებთან. ასევე, სხვა არაფორმალური თუ ფორმალური განათლების აქტივობები, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველა იწერება და აქვე იწერება ის ინსტრუმენტებიც, რომლებსაც განმსაზღვრელი თუ განმავითარებელი შეფასებისთვის ვიყენებთ. მაგალითად, ვამბობთ, რომ ვირჩევთ მეორე მოდელს, რომლის ფარგლებშიც შეფასებას ვაწარმოებთ შესაბამისი რუბრიკების საშუალებით. განმავითარებელი შეფასებისთვის კი ვიყენებთ ამა თუ იმ მიდგომას. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება სასწავლო პროცესის დაგეგმვა და კარგად დაგეგმილი პროცესი უკვე მისი წარმატებით განხორციელების საწინდარიცაა.
♦ როგორ ვაგროვებთ და ვაზიარებთ ინფორმაციას მოსწავლეების მიღწევების შესახებ და როგორ ვზრუნავთ სკოლის განვითარებაზე
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რას გულისხმობს განმავითარებელი შეფასება. სამწუხაროდ, ხშირად, განმავითარებელი შეფასების საკმაოდ ცალმხრივი გაგებაა დამკვიდრებული, გაიგივებულია მხოლოდ მოსწავლის მიღწევების აღწერასთან, არადა ეს საკმაოდ კომპლექსური ცნებაა, რომელიც წარმოადგენს სკოლის განვითარების საფუძველს. ყურადღება მივაქციოთ იმ ოთხ აუცილებელ კომპონენტს, რომელსაც გულისხმობს განმავითარებელი შეფასება.
პირველი, რა თქმა უნდა, მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირებაა, ანუ მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, ყოველდღიურ სასწავლო პროცესში, ზოგჯერ უფრო მეტი აქცენტით, ზოგჯერ ნაკლებად, თუ რა მიღწევები აქვს მოსწავლეს კონკრეტულ სამიზნე ცნებებთან მიმართებით, ანუ სასწავლო შედეგებთან მიმართებით. ასეთი ტიპის დიაგნოსტირებას მასწავლებელი ყველა გაკვეთილზე უნდა აკეთებდეს.
მეორე ფაქტორი – ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარი. პედაგოგი ჯერ აზუსტებს რაზე ესაუბრება მოსწავლეს, შემდეგ აქებს მას და მის წარმატებას უსვამს ხაზს, ხოლო ამის შემდეგ კი აძლევს რჩევას, მიღწევების გასაუმჯობესებლად. ეს ფაქტორიც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
აი, მესამე ნაწილი ხშირად უგულვებელყოფილია ხოლმე და ესეც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მოსწავლე თავად უნდა მონაწილეობდეს საკუთარი მიღწევების მონიტორინგში, ანუ სასწავლო პროცესში მას შეიძლება დავუსვათ შეკითხვა, შენ როგორ ფიქრობ, ასეა თუ არა, შენ თვითონ როგორ შეაფასებდი საკუთარ თავს – რა გამოგივიდა უკეთ, ვიდრე წინა შემთხვევაში. გრძელვადიან მიზნებთან მიმართებით, ასეთი საუბარი, რა თქმა უნდა, ორმაგად პროდუქტიულს ხდის განმავითარებელი შეფასების მომენტს.
დაბოლოს, მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მასწავლებლის მხრიდან, საკუთარი შეფასება. თუკი მოსწავლეს სასწავლო პროცესში რაიმე არ გამოუვიდა, ეს, პირველ რიგში, ჩვენი, მასწავლებლების, პრობლემაა პრაქტიკაში და ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს, რა არის იმის მიზეზი, რომ მოსწავლემ ვერ აჩვენა სათანადო პროგრესი სამიზნე ცნებებთან დაკავშირებით. ასე აღმოვაჩენთ ჩვენს ხარვეზს დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორება ხდება შემდეგ სასწავლო პროცესის ხარისხობრივი გაუმჯობესების საფუძველი.
ჯამში, ამ ოთხი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის განმავითარებელ შეფასებას და სწორედ ეს განმავითარებელი შეფასება ხდება საფუძველი სკოლის განვითარებისთვის. როგორ ხდება ეს, როგორ წარმოვიდგინოთ ის ყოველდღიური პრაქტიკის რეჟიმში?
პირველი, ძალიან ხშირად, როცა განმავითარებელ შეფასებაზე საუბრობენ, ხაზს უსვამენ, რომ ძალიან ბევრი საწერი აქვთ. არადა, საკუთრივ განმავითარებელი შეფასება სულაც არ საჭიროებს არაფრის დაწერას, არც სამინისტრო განსაზღვრავს რაიმეს წერის ვალდებულებას. წერის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა სკოლის საზოგადოების წევრებს – მშობლებს, სხვა მასწავლებლებს, დირექციას – გავუზიაროთ ინფორმაცია მოსწავლის მიღწევების შესახებ. რეალურად, სკოლის განვითარებისთვის ძალიან არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ შეარჩიოს მოსწავლეთა მიღწევების ერთმანეთთან გაზიარებისა და გაანალიზების ოპტიმალური ხერხები. ერთ-ერთი აპრობირებული ხერხია თემატური მატრიცა, რომელსაც კარგად იცნობენ ადამიანები, ვინც ჩართული არიან ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. თემატურ მატრიცაზე საუბრისას, ჩვენ უნდა განვასხვავოთ მისი მარტივი ფორმა, რომელსაც სკოლა იყენებს კურიკულუმის განვითარების პროცესში და მისი შედარებით რთული, ვრცელი ფორმა, რომელიც, მატრიცასთან ერთად, სამინისტროს გაიდლაინსაც წარმოადგენს კონკრეტული კომპლექსური დავალების განსახორციელებლად.
მარტივი ფორმის შემთხვევაში, ჩანს მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსური დავალების პირობა და მისი დამუშავების ეტაპებია გამოყოფილი, სადაც პირველი ეტაპი ეხება დავალების ფორმის გარჩევას, მეორე – თვითონ კონტექსტ მაგალითის გარჩევას და მესამე, პარალელური ეტაპი – იმ კრიტერიუმების, რომლებიც გამოკვეთილია კომპლექსური დავალების ფარგლებში. პირველ ეტაპზე, მასწავლებელი არაფერს არ წერს. როდის ხდება რეალურად ჩანიშვნა? როდესაც, მაგალითად, ჩვენ, რამდენიმე მასწავლებელმა, კათედრული მუშაობისას, გადავწყვიტეთ კომპლექსური დავალების განხორციელება, 5-7 გაკვეთილის განმავლობაში, აუცილებლად დაგვიგროვდება მასალა, გვექნება კარგი შეკითხვები, რომლებიც დავსვით, მოსწავლეების აქტივობები, შედარებისთვის – მაგალითები, რესურსები, რაც გამოვიყენეთ… – აი, სწორედ ეს შეგვიძლია ჩავინიშნოთ შემდეგ შესაბამის ადგილას, რათა მომავალ წელს, იმავე კომპლექსური დავალების განხორციელებას კათედრის სხვა წევრი ან თავად ჩვენ როცა შევეცდებით, უფრო ადვილი იყოს.
თემატური მატრიცის განვითარება სასწავლო პროცესის ხარისხობრივ გაუმჯობესებას ემსახურება სწორედ ამ კუთხით. თუკი მატრიცაში ასახული ინფორმაცია განმავითარებელი შეფასების გათვალისწინებითაა აგებული, ანუ გაანალიზებული გვაქვს ბავშვის მიღწევები და ჩვენი რეფლექსია, საკუთარ პრაქტიკასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, თვისობრივად უფრო კარგი ინფორმაცია აღმოჩნდება თემატურ მატრიცაში. თუმცა, ამ ინფორმაციის ვარგისობა თუ უვარგისობა მაინც მეორეხარისხოვანია, პირველ ეტაპზე, მთავარია, სკოლაში დამკვიდრდეს კულტურა იმ კარგი მიღწევების ჩანიშვნის, რასაც უდავოდ ყველა სკოლა წარმოქმნის სასწავლო პროცესში.
მეორე, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, განმავითარებელი შეფასებაა. ზევით განვიხილეთ ეს რუბრიკა და ვახსენეთ მეოთხე სვეტი, რომელიც მოსწავლის მიღწევების დონეებს აღწერს. ეს სვეტი თავიდანვე არ ივსება, რა თქმა უნდა, ის შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეთა კონკრეტული მიღწევების, აქტივობების ჩასანიშნად, რითაც უფრო გასაგებს გავხდით რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს სხვა მოსწავლეების მიმართ, სხვა კლასში. ისევე, როგორც თემატური მატრიცის, განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენებაც დროის საკითხია. რაც დრო გავა, რა თქმა უნდა, მეტად შეივსება ორივე და უფრო ვალიდური და ხარისხიანი ინფორმაცია აღმოჩნდება იქ.
როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, კათედრას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, ანუ კათედრული მუშაობის შედეგად იგეგმება სასწავლო პროცესი და სწორედ კათედრა გამოკვეთს იმ მონაცემებსაც და მათი დამუშავების პრინციპებსაც.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხოთ – რეალურად, რაც ჩვენ აღვწერეთ, ეს ყველაფერი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, შეიძლება ყოველივე ამის უფრო ფოკუსირებულად განხორციელება. მაგალითად, შეიძლება და აუცილებელიცაა, სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, ფოკუსირებულად დაიგეგმოს მოსწავლეების მიღწევების დიაგნოსტირება, ვთქვათ, როგორ ვიგებთ რამდენად გადის შედეგზე მოსწავლე, ერთი კონკრეტული მოსწავლე ან ერთი კლასი კი არა, ყველა მოსწავლე, ვინც დაწყებით საფეხურზეა. ამისთვის ცალკე ინსტრუმენტები არსებობს, რომლებზე საუბარიც დღეს ვერაფრით ვერ მოთავსდება ჩვენს ფორმატში. შეიძლება ცალკე უფრო ფოკუსირებული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის შესწავლისთვის, რომლის განხილვასაც ასევე ცოტა მეტი დრო სჭირდება და ვერც ეს ჩაეტევა დღევანდელი საუბრის ფორმატში. უფრო ფოკუსირებული ელემენტები შეიძლება იყოს სკოლის ინსტიტუციური განვითარების შესასწავლადაც, რაც ასევე ცალკე საუბრის თემაა და აუცილებლად შევეხებით სხვა დროს.
დასკვნის სახით, მოდი, შევთანხმდეთ ამ სიტყვის მნიშვნელობაზეც – რას ნიშნავს სასკოლო კურიკულუმის განვითარება? რეალურად, ეს არის გაუმჯობესება, ანუ, თუკი ჩვენ დავგეგმეთ 9 კომპლექსური დავალება საგანში „მე და საზოგადოება“ და შემდეგ, როგორც ზემოთ აღვწერეთ, იმ რეჟიმში გვქონდა კომუნიკაცია პარალელური კლასების მასწავლებლებს – რა გამოგვდის ან რა არ გამოგვდის; რა დავიმახსოვროთ შემდეგი წლისთვის ან არ დავიმახსოვროთ; რომელი კომპლექსური უფრო ვარგისია, რომელი – ნაკლებად; რამ უფრო იმუშავა, რამ არა – ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ წელიწადს ბევრად უფრო დახვეწილი რესურსი გვექნება, შემდეგ წელიწადს – კიდევ უფრო მეტად, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ხარისხის განვითარების ციკლი, რომელიც პროცესის დაგეგმვას, წარმართვას, მერე შეფასებას და ხარისხის გზადაგზა გაუმჯობესებას გულისხმობს, სასკოლო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდება. სწორედ ეს არის ავტორიზაციის სტანდარტები და განათლების რეფორმის მთავარი მიზანი, რომ ხარისხის გაუმჯობესების ეს პრინციპი იყოს განუხრელი და ყველა სკოლა განუხრელად მიდიოდეს დასახული მიზნისკენ.