სკოლებში კოვიდინფიცირების რისკი ისევ დაბალ მაჩვენებელზეა

123

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში, ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, კოვიდ-19-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.

ხაზგასასმელია, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მთელ ქვეყანაში სწავლა განახლდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა, მასწავლებელთა და, ზოგადად, სკოლების წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელს ყოველკვირეულად იკვლევს. სამინისტროს მიზანია, საზოგადოებას და, პირველ რიგში, მოსწავლეთა მშობლებს, უტყუარი მონაცემი ჰქონდეთ იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა სკოლებში კოვიდსტატისტიკის კუთხით. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ციფრებს შორის მერყეობა, დაახლოებით, 1%-ია, რაც სკოლებში ჰიგიენის მაღალ დონეზე დაცვას უტყუარად ადასტურებს.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2%-მა აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა.

ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით, 63 პედაგოგი იმყოფება.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

დატოვეთ კომენტარი