მელანო კობახიძე

ნაწილი I
ნათია როსტიაშვილი – „სხვა სკოლა“
„გულზე რაღაცამ მომიჭირა. საწოლზე დავჯექი და ვხედავ, ლეპტოპის გვერდით ჭიქა დგას. ჯიმმის დედაჩემისთვის მოწყვეტილი ფოთოლი წყლიან ჭიქაში ჩაუდია. ვუყურებ ამ ჭიქას და ფოთოლს თვალმოუცილებლად. ვუყურებ და თითქოს ბეწვზე მომისწრო. თითქოს მაშინ, როცა აღარაფრის იმედი აღარაა და წყალს გადასაჩეხად მიყავხარ, უცებ ვიღაცამ ერთფოთლიანი ტოტი გამოგიწოდა. ხელს კიდებ ამ ტოტს და თან იცი, რო თავის შესამაგრებლად ძალიან სუსტია, თან იმასაც გრძნობ, რო გიძლებს. ჯერჯერობით გიძლებს და არსადაც არ გადაიჩეხები.“
„- ლეო, კლასმა ჯოი ინახულეთ? – სოფი მეკითხება.
– აქ სოფელი არაა, – ცალყბად ვპასუხობ, – თავდაცვამ გვითხრა, რო ნეგატიური ამბებისგანაც ისე უნდა დავიცვათ თავი, როგორც ჩვენი გააფთრებული კონკურენტებისგან.
– ანუ? – სოფი გაოცდა და ისეთი საყვარელი იყო თავის ზემოთ აქაჩული წარბებით, რო ეგრევე შევურიგდი.
– ანუ ჯოის ამბავი თავიდან უნდა ამოვიგდოთ და წინ ვიაროთ. წარმატებისკენ სავალ გზაზე ბევრი მსგავსი უსიამოვნო ამბავი შეგვხვდება, მაგრამ ამან ვერ უნდა შეგვაფერხოს, იქვე უნდა დავივიწყოთ და ჩვენი მიზნისკენ მიმავალი გზა განვაგრძოთ, – ვუთხარი დაზეპირებულივით.“
სწავლა დაიწყო და ძალიან მომინდა, სკოლაზე გესაუბროთ. ოღონდ, მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ სკოლებზე; იმ სკოლებზე, რომლებიც ძალიან ჰგავს ნამდვილ სკოლებს; იმ სკოლებზე, რომლებიც გვაყალიბებს, გვასწავლის, გვაჯერებს, გვეუბნება, გვიჩვენებს და გვაგრძნობინებს. მაგრამ მთავარი ისაა, როგორ გვაყალიბებს, რას გვასწავლის, რაში გვაჯერებს, რას გვეუბნება, გვიჩვენებს და გვაგრძნობინებს.
თავს არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, რომ ამ სასწავლო დაწესებულებას უზარმაზარი წვლილი შეაქვს ახალი თაობების ჩამოყალიბების პროცესში. მე მხოლოდ უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს გაგახსენებთ: „სკოლის პედაგოგებს აქვთ ძალაუფლება, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“.
2022 წელს გამომცემლობა ინტელექტმა „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ სერიით თანამედროვე ქართველი მწერლის, ნათია როსტიაშვილის საყმაწვილო წიგნი გამოსცა. „სხვა სკოლა“ სკოლაზეა – აი, ასე მარტივად. მაგრამ როგორ სკოლაზე? საოცნებოზე თუ პირიქით? რა ხდება სხვა სკოლაში ისეთი, რაც დანარჩენ სკოლებში არ გვინახავს?
„უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს, ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი – ნიკო, არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს.
ის, რაც ერთი შეხედვით სრულყოფილია, სისუფთავისგან წკრიალებს, მშვენიერებით მასზე აღმატებული არაფერია, შეიძლება მხოლოდ ფასადი იყოს, რომელიც თვალს გვჭრის და ჩვენდა სამწუხაროდ, გვატყუებს. ყოველთვის რთულია, ლამაზად შეფუთულ ნივთზე თქვა უარი, თვალი არ მიიზიდოს ზედაპირზე გამოტანილმა მშვენიერებამ, მაგრამ ახლა დავფიქრდეთ, შეიძლება, რომ ასეთ ლამაზად შემკულ ყუთში ყოველთვის ისეთივე თვალწარმტაცი საგანი იდოს? არა, რა თქმა უნდა, არა!
ნათია როსტიაშვილის წიგნის გმირი, ლეო, თვალწარმტაც სკოლაში მიდის; მშობლებთან ერთად ეზოში მოხვდება თუ არა, ერთი ახალგაზრდა გოგონა დიდი სიყვარულით, ღიმილიანი სახით ეგებება, მაგრამ როგორც კი მშობლები სკოლა-პანსიონში მარტო დატოვებენ და სახლში დაბრუნდებიან, ხოლო სკოლა კი ლეოს უკვე თავის მოსწავლედ დაიგულებს, ლეო ამ გოგოს ღიმილს ვეღარ ეღირსება. ნუთუ, ეს ყველაფერი თამაში იყო? ხელოვნური კეთილგანწყობა?
და ყველაფერი წინაა. წინაა ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი. თითქოს ყველაფერი შესანიშნავადაა, თითქოს მშობლებმა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
გაკვეთილებამდე ლეოს დირექტორთან გასაუბრება ელოდება, რომელიც ლეოს და მის მშობლებს მიმართავს: „გილოცავთ ამხელა ცხოვრებისეულ ნახტომს“. რა უნდა იყოს ეს ნახტომი? დიახ, დიახ, სოფლის სკოლიდან ყველაზე, სუუულ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში გადმოსვლის შანსის გაჩენა, შესაბამისად, ის არც თუ ისე მცირე გადასახადი, რომელიც ამ სკოლაში უნდა გადაიხადონ, სწავლების ხარისხს სრულად შეესაბამება. და აი, დირექტორი ლეოს მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან მიზანზე უმახვილებს ყურადღებას: „გახდეს წარმატებული – ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია!“.
შესაბამისად, თავდაცვის გაკვეთილი ბიჭს სხვისი გასრესვის (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) აუცილებლობაზე ესაუბრება, თანასწორობის გაკვეთილი ეუბნება, რომ თანასწორი მხოლოდ ღარიბი და ღარიბი უნდა იყოს, ან მდიდარი და მდიდარი, სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის კენწეროების დაპყრობისკენ უნდა გვქონდეს მიმართული ჩვენი გონება, რათა სუუულ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს არ ჩამოვრჩეთ.
წიგნის უკანასკნელ გვერდებზე კიდევ ერთხელ ჟღერდება სხვა სკოლის მთავარი მისია თუ მიზანი: როგორ გასაჭირშიც არ უნდა ჩავარდეს შენ გვერდით მყოფი, თანაკლასელი იქნება ის, თუ მეგობარი, შენ არ გაქვს უფლება მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდე და მის მოსანახულებლად თუნდაც ერთი საათი დახარჯო.
საინტერესოა, რომ წიგნში მოქმედება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში არ ხდება. მეტიც – არ ვიცით, რა ეროვნების არიან ამ წიგნის გმირები. იქნებ იმიტომ, რომ მწერალი გლობალურ პრობლემაზე გვესაუბრება; ამავე დროს, ვიაზრებთ, რომ ეს პრობლემები არც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვისაა უცხო.
ვინმე იფიქრებს, სად ხდება ასე, რომელ სკოლაში მოგისმენიათ, რომ მასწავლებელს მოსწავლეები ჭიებით სავსე ოთახში მიჰყავდეს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ამ ორგანიზმების გასრესა დაავალოსო. ის ადამიანი მართალიც იქნება და ჩვენ მას ვერ შევეწინააღმდეგებით. მაგრამ მხატვრული ლიტერატურა სწორედ იმიტომაა მხატვრული ლიტერატურა, მძაფრად დაგანახოს ის პრობლემები და სირთულეები, რომლებიც სკოლებში ნამდვილად დგას. ამაზე საუბარი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სწავლების ყველა არასწორი მეთოდი, მოსწავლეებთან დაშვებული ყველა სავალალო შეცდომა, ყველა საუბარი, რომელიც მათ სწორ ღირებულებებს აშორებს, ყველა ქცევა, რომელიც მოსწავლეებს აფიქრებინებს, რომ დიდების სამყაროში მხოლოდ მლიქვნელობით, შეტევით, სიხისტით, მედროვეობით ან ძალადობით შეგიძლია ადგილი დაიმკვიდრო, ჭიის გასრესის ტოლფასია.
მოსწავლეების თვალები, შინაგან სამყაროსთან ერთად, ყველაფერს აირეკლავენ; რასაც ვასწავლით და ჩავუნერგავთ, სწორედ მათ დაგახვედრებს ცხოვრების გზაზე.
სკოლა გულის კანკალით გასავლელი გზაა; მასწავლებლობა მუდამ საფრთხე და სიფრთხილეა.
ეს ძალიან კარგად ესმის სოფის, ლეოს ძველ მასწავლებელს, რომელიც მას სოფლის სკოლაში ასწავლიდა. სოფისგან ისწავლა ლეომ ის ყველაფერი, რაც არც თავდაცვის, არც ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის, არც თანასწორობის გაკვეთილზე არ დაეხმარა. სოფიმ ასწავლა, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთის თანასწორია, მიუხედავად კანის ფერისა, რელიგიისა, სქესისა, წარმომავლობისა თუ სამუშაო ადგილისა. მაგრამ ლეოს ეუბნებიან, რომ ცხოვრება ასეთი არაა. მაგრამ, იქნებ, ცხოვრება სწორედ იმიტომ არაა ასეთი, რომ ჩვენ მის ასეთად გარდასაქმნელად არაფერი მოგვიმოქმედებია?
თუ ასეთ პანსიონშიც კი ცხოვრობს უზომოდ კეთილი ბიჭი, სახელად ჯიმმი, და თუ ჯიმმი ლეოს დედის კუთვნილ ყვავილის ფოთოლს ჭიქაში ფაქიზად დებს, რათა მან გაიხაროს, მაშინ არ ყოფილა ფუჭი სოფი მასწავლებლის საუბრები და არც ლეოს წარმოდგენები ცხოვრებაზე ყოფილა დაცინვის ღირსი, რადგან ჯიმმის ამ ერთმა, ერთი შეხედვით ძალიან პატარა ქმედებამ ლეოს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა; ის მიხვდა, რომ მათ გამო, ვინც ამ სკოლაში დახვდა, ცხოვრებისეული ღირებულებები არ უნდა შეეცვალა.
სინამდვილეში, მხოლოდ შეუპოვარი ადამიანები ცვლიან საზოგადოებებს, გარემოს, ღირებულებებს. მაგალითად, ასტრიდ ლინდგრენმა თავისი დაუღალავი ბრძოლით შეძლო, რომ შვედეთში კანონით აიკრძალა ბავშვების ფიზიკური დასჯა; მაგალითად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა პატარა პაკისტანელმა გოგომ, მალალა იუსუფზაიმ, რომელიც არ დანებდა და საზოგადოებასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულმა მაინც შეცვალა თავისი ბედი და განათლება მიიღო, დაგვაჯერა, რომ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. მთავარია, გვჯეროდეს, რომ ადეკვატური რეაქცია საკუთარი თუ სხვისი ტკივილის ან სიხარულის მიღებაა და ეს სულაც არაა დროის კარგვა, რადგან სიყვარულის, თანადგომის, თანაზიარობისა და სიმამაცის გარეშე წარმატება ვერასდროს გამოიღებს კარგ ნაყოფს, ისევე როგორც მხოლოდ სხვა ადამიანებზე ფიქრი და საკუთარი თავის დაუფასებლობა ვერასდროს გვაქცევს ბედნიერ ადამიანად.
„ჩვენთან მთავარი ბავშვია“ – ბოლო დროს რეალობაშიც ხშირად მესმის ეს სიტყვები, რომლებსაც მქუხარედ ამოიძახებს ხოლმე ლეოს ახალი სკოლის დირექტორი. სინამდვილეში, გვიფიქრია, როგორი შეიძლება იყოს გარემო, სადაც მთავარი ღირებულება მომავალი თაობაა? აი, ასეთ მნიშვნელოვან თემებზე გვაფიქრებს ავტორი. „სხვა სკოლა“ მშობლებისთვისაც შესანიშნავი შემეცნებითი წიგნი შეიძლება აღმოჩნდეს. გარემოში, სადაც მშობლები შვილებს ხშირად პროფესიასაც ურჩევენ და ამავე დროს, საქმიანობის პრესტიჟულობა მათთვის გადამწყვეტია ხოლმე, ასეთი წიგნები ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. მშობლობა ხომ მოცემულობა არაა, მას მუდმივად სჭირდება ახალი ცოდნის მიღება, ძველი მეთოდების გადასინჯვა თუ დახვეწა.
„სხვა სკოლა“ მასწავლებლებმა, სკოლის დირექტორებმა უნდა დაიმეგობრონ. ეს წიგნი არ ეჩხუბება მათ, მხოლოდ ეკითხება, როგორ სჯობს ბავშვების უკეთესი მომავლისთვის? ეს ერთგვარი წიგნი-გზამკვლევი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობასაც გააადვილებს. რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საგანს ასწავლით, რადგან მთავარი ის კი არაა, რას ასწავლით, არამედ ის, თავად როგორი მასწავლებელი ხართ ან როგორი შეიძლება გახდეთ.
საბავშვო და საყმაწვილო წიგნები ხომ იმისთვისაა, განვლილი გზისთვის თვალი შეგვავლებინოს, მნიშვნელოვანი, მაგრამ დავიწყებული ღირებულებები თავიდან გაგვახსენოს, ბავშვობასთან და ბავშვებთან დაგვამეგობროს.
სკოლა დაიწყო. დაწყებულია კიდევ ერთი სასწავლო წლის ათვლა. ამ წელს შეგიძლიათ, ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს მოსწავლეებს წარმატებას უსურვებთ, იქვე განუმარტოთ, რომ წარმატება ყოველთვის უმაღლესი ქულა, იდეალურად შესრულებული დავალება ან დიდი კომპანიის მმართველად დანიშვნა არაა. ისიც წარმატებაა, როდესაც თანაგრძნობის უნარით ხარ დაჯილდოებული, როდესაც შეგიძლია, შენი მეგობრის კარგად ყოფნისთვის რაღაც მოიმოქმედო, როდესაც იცი, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და მას სასიცოცხლოდ სჭირდება ადამიანური ურთიერთობები, რომლებსაც საფუძვლად უანგარობა, მზრუნველობა, ჰუმანიზმი და ტოლერანტობა უნდა დაედოს.
ახლა, როდესაც ამ წერილს ვასრულებ და ახლა, როდესაც სასწავლო წელი დაიწყო, მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება: კიდევ ერთხელ წაიკითხეთ წერილის დასაწყისში წიგნიდან ამოწერილი ორი, შინაარსობრივად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ციტატა და საკუთარ თავს დაუსვით ასეთი შეკითხვა: რომელი მონაკვეთის წაკითხვისას დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა და რომელმა მაგრძნობინა უხერხულობა და სევდა?
ვიცი, რომ ამაზე პასუხი თქვენს სასწავლო წელს ახლებური ემოციებით აავსებს.
მე კი წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ! ძალიან წარმატებულს! ოღონდ, სხვანაირად წარმატებულს!