ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის კუთხით, ფონდმა „სოხუმმა“, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „Brot für die Welt“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, 2019-2020 წლის დეკემბერ-მარტში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ სკოლების მუშაობის მონიტორინგი განახორციელა.
კვლევამ მოიცვა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის (იმერეთი – ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ხონის, თერჯოლის, სამტრედიის; გურია – ოზურგეთის და ლანჩხუთის; სამეგრელო – სენაკის, წალენჯიხის და ზუგდიდის) 12 საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, განათლებისა და გენდერის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მშობლები და ყოფილი მოსწავლეები, რესპონდენტთა საერთო რაოდენობა – 63. პუბლიკაციაში ასახულია, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელმაც დაადასტურა, რომ, მიუხედავად შესამჩნევი წინსვლისა, სკოლაში ჯერ კიდევ მყარადაა ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები. ამას ავლენს ყველა აქტორი: დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და, რასაკვირველია, თვით მოსწავლეებიც, თუმცა ეს უკანასკნელნი ყველაზე ნაკლებად.
გამოკითხულთა ნაწილი აღიარებს, რომ სტერეოტიპების მატარებელია, თუმცა ვერ თანხმდება პრობლემის მიზეზსა და საკუთარ პასუხისმგებლობაზე მათ გაღრმავებაში. სტერეოტიპების სიმრავლითა და ამის აღიარების სურვილის ნაკლებობით გამოირჩევიან შედარებით უფროსი ასაკის მასწავლებლები. განსხვავებები შეიმჩნევა სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორისაც. სამწუხაროდ, დღემდე მასწავლებლებში გავრცელებული სტერეოტიპები ვლინდება მათ დამოკიდებულებაში, ლექსიკაში, ქცევაში. ასევე პრობლემური საკითხია კაცი მასწავლებლების მკვეთრი ნაკლებობა და ისედაც მცირე რაოდენობის კაცი მასწავლებლების კონცენტრირება ტექნიკურ საგნებში ან სპორტში.
„ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ პედაგოგიკა არის უფრო ქალის პროფესია და თუ იქნება მამაკაცი მასწავლებელი, ძირითადად, ფიზკულტურის ან მათემატიკის მასწავლებლები იქნებოდნენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოსწავლე თანაბრად ხედავდეს როგორც ქალ, ასევე მამაკაც პედაგოგს. ეს მის სწორ ფორმირებას უწყობს ხელს“ (მასწავლებელი, ხონის მუნიციპალიტეტი).
ასევე გამოიკვეთა, რომ სკოლებში სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესისთვის კაცი მასწავლებლების მნიშვნელობის გაცნობიერებაც საკმაოდ სუსტია, რაც გარკვეულწილად აძლიერებს არსებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ქალებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ბავშვების აღზრდაზე მამაკაცებთან შედარებით. სტერეოტიპულია თვით კაცი მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულებაც, რაც გამოვლინდა როგორც სკოლის წარმომადგენლების, ისე მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდანაც. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევვაში კაცი მასწავლებელი მეტ პატივისცემას იწვევს მათში.
ნათელია, რომ გენდერული სტერეოტიპების არსებობა სკოლებში ხშირად პრობლემად არ აღიქმება, არაპრიორიტეტულია, ან არასაკმარისად არის გაცნობიერებული მისი ნეგატიური გავლენა საზოგადოებაში გენდერული უთანასწორობის გაღრმავების კუთხით, რაც აბრკოლებს მასწავლებელთა რეაგირებას ოჯახში და ბავშთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშიც. ასევე ჯერ კიდევ პრობლემურია მასწავლებელთა გათვითცნობიერება გენდერულ საკითხებში. კვლევისას გამოვლინდა ისეთი პედაგოგები, რომლებიც არ ფლობენ შესაბამის ცოდნას, ზუსტად არ იცნობენ რეფერირების პროცედურებს და სკოლის როლს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კვლევის პროცესში აღინიშნა, რომ სკოლებში გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს განათლების სამინიტროს მეტ ჩართულობას და მათი მხრიდან ამ მიმართულებით მკაფიო პოლიტიკის გატარებას – „სკოლის ფუნქციები გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ უფრო მეტად უნდა იყოს დაკონკრეტებული“ (სკოლის დირექტორი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი); „განათლების სისტემის როლი ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა იყოს პირდაპირი დავალება სკოლებისადმი, რომ სკოლის გააქტიურება მოხდეს ამ კუთხით. როცა ოფიციალური დავალება გაქვს, უფრო ხარ მობილიზებული და ასეთი დავალების არარსებობის შემთხვევაში კი სულ სხვა რეალობაა“ (სკოლის დირექტორი, სენაკის მუნიციპალიტეტი).
მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ გარკვეულ სკოლებში არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან სასულიერო პირების შეხვედრების პრაქტიკა. შეხვედრების ინიციატორი ზოგჯერ რესურსცენტრია, ზოგჯერ სკოლა ან თვით სასულიერო პირი. კვლევამ აჩვენა, რომ სამინისტრო არ უზრუნველყოფს სასულიერო პირების მიერ მოსწავლეებთან შეხვედრებისას გამოთქმული იდეების სამინისტროს მიერვე დეკლარირებულ პრინციპებთან შესაბამისობის კონტროლს. მშობლებს, ზოგადად, მიაჩნიათ, რომ სკოლაში რელიგიის გაკვეთილები უნდა იყოს, თუმცა თვისებრივი კვლევის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ მშობელთა ნაწილს საკმაოდ წინააღმდეგობრივი მოლოდინები აქვს რელიგიის სწავლების საკითხის მიმართ. ზოგიერთმა რესპონდენტმა თამამად გამოთქვა უარყოფით დამოკიდებულება გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების განმტკიცების მიმართ – „ძალიან განსხვავებული და არათანამედროვე დამოკიდებულება აქვთ რელიგიის წარმომადგენლებს ამ საკითხებზე, რასაც მე არ ვეთანხმები“ (მშობელი, ხონის მუნიციპალიტეტი); „არ უნდა იყოს ისეთი საუბრები, როდესაც ვიღაცა ვიღაცას უნდა დაემორჩილოს იმიტომ, რომ ის ქალია. ვფიქრობ, რომ ეკლესიის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა არიან მამაოები, რომლებიც ეუბნებიან, რომ მამაკაცები ქალზე მაღლა დგანან და ქალები უნდა ემორჩილებოდნენ – ეს არასწორია“ (მშობელი, სენაკის მუნიციპალიტეტი).
„საკმაოდ სუსტია ასევე, რესურსცენტრების და მანდატურის სამსახურის როლი სკოლებში გენდერული პოლიტიკის გატარების და ძალადობის პრევენციის მიზნით გენდერული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად აუცილებელი მოქმედებების ინიციირების თვალსაზრისით“.
მონიტორინგით გამოკვეთილმა სურათმა ნათლად დაადასტურა სკოლებში გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ მიზნობრივი, პროაქტიული პოლიტიკის დაჩქარებულად გატარების აუცილებლობა, რადგან გაბატონებულ სტერეოტიპულ შეხედულებებს ქალისა და მამაკაცის უნარებისა და როლების შესახებ, უაღრესად მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე, აფერხებს ინდივიდების შესაძლებლობების გამოვლენას, წარმატების მიღწევას და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებასაც. ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, აუცილებელია, სახელმწიფომ აქტიურად იმუშაოს სკოლებში გენდერული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად და პრიორიტეტად დაისახოს სკოლიდანვე ბავშვების, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი აღზრდა თანასწორობაზე დაფუძნებული ღირებულებებით. სახელმწიფომ მასწავლებელებს უფრო კონკრეტული, ნათლად გასაგები ინსტრუქციები უნდა მიაწოდოს და მოსთხოვოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით, ასევე უნდა დაინერგოს შედეგების მონიტორინგის მექანიზმი, რადგან სკოლაზე უკეთესი საშუალება – მოქალაქეების თანასწორობისა და არაძალადობრივი სულისკვეთებით აღზრდისთვის – სახელმწიფოში არ არსებობს.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდებულ მოქმედებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: http://fsokhumi.ge/index.php/ka/archive-ka/publicatia/7189-2020-11-05-16-22-28