2014 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 100 საპილოტე სკოლას შორის, სკოლის ექიმის შტატი საჩხერის №2 საჯარო სკოლაშიც დაუშვეს. ჯანდაცვის სამინისტროში გასაუბრების შემდეგ, ზოგადი პროფილის ექიმი-პედიატრი თეა ცუხიშვილი სკოლის ექიმად დაინიშნა.
საჩხერის №2 საჯარო სკოლაში, სადაც 720 მოსწავლე სწავლობს, მერვე წელია, თეა ექიმი დილით ადრე, საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე, მიდის. პირველ რიგში, სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს – არის თუ არა სველ წერტილებში წყალი, საპონი, ქაღალდი, რამდენად ეფექტურად მუშაობს სკოლაში დამონტაჟებული სანიტაიზერები, სათანადოდაა თუ არა დერეფნები და საკლასო ოთახები განათებული და მრავალი სხვა. „პანდემიის დროს დატვირთული გრაფიკი მქონდა, დილით ადრე მივდიოდი, ვაზავებდი ხსნარებს, ვმონაწილეობდი თერმოსკრინინგში, მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი პაციენტებს, ვამოწმებდი პირბადის ტარებას, ვუკავშირდებოდი კოვიდინფიცირებულ მოსწავლეებს, აგიტაციას ვუწევდი თანამშრომლებში ვაქცინაციას, ყოველკვირეულად ვატარებდი ტესტირებას. საბედნიეროდ, ახლა ბევრი რეგულაცია მოიხსნა, თუმცა სასკოლო საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე მეთვალყურეობა ჩემი მთავარი მოვალეობაა“.
თეა ექიმი სკოლის დღის რეჟიმის შედგენაშიც მონაწილეობს, საკლასო ოთახში მოსწავლეების გადანაწილებას ასაკისა და რაოდენობის შესაბამისად ახდენს. მისი მოვალეობაა, მასთან მისულ მოსწავლეს თუ მასწავლებელს გაუწიოს პირველადი დახმარება, შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედებებისთვის. სკოლის ექიმი რამდენიმე სახეობის ჟურნალს აწარმოებს, სადაც აღირიცხება სამედიცინო შემთხვევები, გაწეული სამედიცინო დახმარება, გაცემული მედიკამენტები, ასევე, აღირიცხება ვადაგასული მედიკამენტები და ა.შ.
„ეტაპობრივად ვატარებ სამედიცინო შემოწმებას – სკოლიოზის, ბრტყელტერფიანობის, მხედველობის და მეტყველების დარღვევების გამოვლენის, პედიკულოზის პრევენციის მიზნით. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი ხშირად მაკითხავდა თავის ტკივილით, დაკვირვებებისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ, დავუკავშირდი მშობელს, ოფთალმოლოგთან ვიზიტი ვურჩიე და მართლაც, მხედველობის პრობლემის გამო. ბავშვს დასჭირდა სათვალის ტარება. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჩემ მიერ აღმოჩენილი დარღვევების შემდეგ უფრო ღრმა კვლევები დაინიშნა. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ვეცნობი პირველკლასელთა ჯანმრთელობის ცნობებს, ვესწრები პირველ მშობელთა კრებას, ვეცნობი მშობლებს და ვთხოვ, თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს, აუცილებლად მაცნობონ. ინფორმაცია, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია და აქამდე, არანაირი გაუგებრობა არ გვქონია, ერთმანეთთან ნდობა და პატივისცემა გვაკავშირებს“.
როგორც ცნობილია, სკოლებში პილოტირებას გადის ე.წ. „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვალიფიციური და გადამზადებული სკოლის ექიმები აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, თანასწორობის, კიბერბულინგისა და უფლება-მოვალეობების შესახებ. „ექიმის საათის“ ფარგლებში, მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.
სულ მალე „ექიმის საათი“ საჩხერის მეორე საჯარო სკოლაშიც დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა, როგორც თეა ექიმმა გვითხრა, რვა წლის განმავლობაში, ის ყოველთვის ატარებდა მინი-ლექციებს მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მავნე ჩვევებზე, პირადი ჰიგიენის საკითხებზე.
„აღსანიშნავია, რომ მერვე კლასის მოსწავლეებს, როდესაც ისინი საგაკვეთილო მასალად რეპროდუქციულ სისტემას გადიან, ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად ვუტარებ გაკვეთილს და ვესაუბრები ამ საკითხის ირგვლივ. მაღალი კლასის მოსწავლეებთან მაქვს ლექციები ნაადრევი ქორწინების რისკებზე, თამბაქოს, ალკოჰოლის მავნებლობაზე. ამასთანავე, ჩვენი სკოლა ჩართულია მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში. გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი პროფესიულ კოლეჯთან და მოწვეულ მასწავლებელთან ერთად ვუძღვები „პრაქტიკოსი ექთნის“ კურსს, სადაც პოპულარიზაციას ვუწევთ ექთნის პროფესიას და მოსწავლეებს ვასწავლით პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს“.
საჩხერის საჯარო სკოლას სასმელი წყალი ცენტრალიზებულად მიეწოდება, რაც კარგად კონტროლდება შესაბამისი სტრუქტურების მიერ, პერიოდულად იღებენ სინჯებს. ამჟამად სკოლაში სასკოლო ბუფეტი არ ფუნქციონირებს, ბავშვების კვებას მშობლები უზრუნველყოფენ. თეა ექიმი მშობლებსაც და მოსწავლეებსაც ურჩევს, სკოლაში ატარონ ხილი, ბოსტნეული, სახლში დამზადებული ფუნთუშეული. მთავარ პრობლემად ექიმი მოსწავლეების არაჯანსაღ კვებას და კომპიუტერთან მიჯაჭვულობას მიიჩნევს. „პირველი, რასაც ჩემთან შემოსულ მოსწავლეს ვეკითხები, ესაა – ისაუზმა თუ არა და გვიანობამდე ხომ არ იყო ინტერნეტში. ძალიან ხშირად დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და არ უარყოფენ იმასაც, რომ დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან. ამასთან დაკავშირებით, თითოეულ მოსწავლეს, გარკვეულ რჩევებსა და რეკომენდაციებს ვუზიარებ“.
თეა ექიმი დიდ ყურადღებას აქცევს მოსწავლეთა იმუნიზაციას. აქტიურად თანამშრომლობს რაიონულ იმუნიზაციის კაბინეტთან, გოგონებს პაპილომა ვირუსის აცრისკენ მოუწოდებს და დაავადების შესახებ ესაუბრება. რეკომენდაციას უწევს გრიპის საწინააღმდეგო აცრებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებში. ექიმის მიერ სწორად მიწოდებული ინფორმაციის წყალობით, ყველა მოსწავლეს თითოეული ასაკობრივი ჯგუფის აცრები ჩატარებული აქვს.
სკოლის სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილია სტანდარტების შესაბამისად, მუდმივად ახლდება მედიკამენტები. „მარტო ვერაფერს შევძლებდი, მხარში მიდგას სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი. დღის ბოლოს, კლასის დამრიგებლები წერენ მოხსენებით ბარათებს, სადაც მიუთითებენ მოსწავლეთა გაცდენის მიზეზებს. მოსწავლეების გაცდენებს ჯანმრთელობის პრობლემებით ცალკე რვეულში ვინიშნავ, ვუკავშირდები მშობელს და უფრო ზუსტ ინფორმაციას ვიღებ. დირექტორიც ყოველდღიურად ფლობს ამ ინფორმაციას“.
თეა ექიმი მუდმივად ახლის ძიებაშია, კვალიფიკაციის ამაღლება მისთვის მნიშვნელოვანია. საკუთარი ძალებით ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას, ტრენინგებზე დასწრებას, რაშიც დიდ დახმარებას უწევს ონლაინ კურსები.
„ის სკოლის ექიმები, ვინც კლინიკაში არ ვმუშაობთ, საკუთარი ძალებით ვცდილობთ დავესწროთ ტრენინგებს და მოვიპოვოთ ახალი ინფორმაციები. ძალიან მეხმარება ონლაინ კურსებიც. 2021 წელს, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის BMJ და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით, სკოლის ექიმებს საშუალება მოგვეცა, წვდომა გვქონოდა უახლეს კლინიკურ მტკიცებულებებზე და უწყვეტი განვითარების რესურსებზე. მიზანი იყო ჩვენს პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა. ვმონაწილეობდი BMJ learning-ის ინფექციური დაავადებების კონკურსში, სადაც ორი აიპადი თამაშდებოდა. გავიარე ინფექციური დაავადებების განსაკუთრებით საშიში პათოგენების კურსი (ეს იყო 5 დონის 25 დაავადება), ჩავაბარე მოდულები და გავხდი კონკურსის გამარჯვებული, საჩუქრად ეფლის აიპადი გადმომეცა. რა თქმა უნდა, მივესალმები თუ ჩვენთვის, სკოლის ექიმებისთვის, ცალკე დაიგეგმება საკვალიფიკაციო ტრენინგები“.
თეა ექიმის ყოველდღიურად დატვირთული და საპასუხისმგებლო სამუშაო დღე სკოლაში მაშინ მთავრდება, როცა სასწავლო პროცესის შემდეგ, სკოლის დამლაგებელი საკლასო ოთახების სველი წესით დასუფთავებას იწყებს. სკოლის ექიმის ტელეფონში უამრავი მშობლის ნომერია. ცდილობს, არც ერთი ავადმყოფი ბავშვი უყურადღებოდ არ დარჩეს. „ბანალურია, მაგრამ სკოლა ჩემი მეორე ოჯახია, სადაც 700 ბავშვი იმედით მელოდება,“ – ამბობს თეა ექიმი.
მაკა ყიფიანი