მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემების რეფორმირების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება მისი დემოკრატიზაცია და დეცენტრალიზაციაა. სკოლების დემოკრატიზაციის პროცესში, მნიშვნელოვანი როლი სკოლის თვითმმართველობის გაძლიერებას ეკისრება, რაც გულისხმობს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, თემისა და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის აქტიურ ჩართვას სკოლის ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ასევე, მართვის პროცესში მათთვის გარკვეული უფლებების მინიჭებას. მოსწავლეთა ჩართვა თვითმმართველობის პროცესებში ხელს უწყობს მოზარდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტია. მოსწავლეთა თვითმმართველობამ შესაძლოა, გარკვეულ ჭრილში ნათელი გახადოს სკოლებში დღემდე არსებული პრობლემები და დაგვანახოს მათი აღმოფხვრის გზები. თუმცა, დღეისათვის, სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოების ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოქმედი კანონმდებლობა მოსწავლეებს თვითმმართველობის ფორმით აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ სკოლის ცხოვრების ისეთი საკითხების მართვაში, როგორიცაა სკოლის ბიუჯეტისა და შინაგანაწესის დამტკიცება, სასკოლო სასწავლო გეგმის შეთანხმება, დისციპლინური საკითხების მართვა და სხვა. მათ აქვთ უფლება, მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში, იმუშაონ ნებისმიერ საკითხზე, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნან კლუბები, გაერთიანებები, განახორციელონ პროექტები, მოაწყონ აქციები, სემინარები, გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება.
ზოგადად, საქართველოს სკოლებში, მოსწავლეთა უმეტესობა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის პროექტისა თუ ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. თუმცა საინტერესოა კონკრეტული სკოლების მაგალითზე, რამდენად სწორად მიეწოდებათ მოსწავლეებს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ნიშნავს „სკოლის მართვაში მონაწილეობა“. საინტერესოა რა უშლის ხელს სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის ქმედუნარიანობას, რამდენად იცნობენ მოსწავლეები თვითმმართველობის ფუნქციებსა და მოვალეობებს, რამდენად მაღალია ცნობიერება იმის შესახებ თუ რისთვისაა სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა და საერთოდ, რამდენად ფუნქციონირებს სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობები? ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები, წარდგენილი პროექტის — „ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი სკოლისთვის“ — ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პირები გვესაუბრებიან, რომლებმაც რეგიონულ ფორუმზე წარადგინეს პროექტი, როგორ გაააქტიურონ სასკოლო თვითმმართველობები მუნიციპალიტეტში.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ლევან ყაულაშვილი საუბრობს რატომ დაინტერესდა სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობით და რამდენად მაღალია ცნობიერება სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლება-მოვალეობების შესახებ: „სკოლა ის გარემოა, სადაც ახალგაზრდა ყალიბდება და არა მხოლოდ ცოდნას, არამედ აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქის თვისებებს იძენს. მხოლოდ სასკოლო შეხვედრები, გაკვეთილები და თუნდაც ექსკურსიები საკმარისი არაა, საჭიროა თვითმმართველი ორგანო, სადაც გაჟღერებული იქნება მმართველივე ორგანოს წევრების პრობლემები, საჭიროებები. თვითმმართველობა ხელს შეუწყობს არჩევნების კულტურის ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში (თქვენთვის ცნობილია რეალურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა), სამოქალაქო ცნობიერების გაზრდასა და მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებას.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციაა, დაიცვას მოსწავლეთა ინტერესები და მათი უფლებები, საჭიროების შემთხვევაში უშუამდგომლოს მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან, წარადგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას. სკოლის თვითმმართველობა უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ზოგიერთ შემთხვევებში თვითმმართველობები მხოლოდ საიმიჯოდ შექმნილი ორგანოებია, რომლის შექმნა თავშივე კრახისთვისაა განწირული, რადგან არასწორად არჩეული პრეზიდენტი და წევრი, არასწორად ერთვება სასკოლი ცხოვრებაში“.
სტუდენტი ამბობს, რომ ჩვენში აღიარებული ნორმაა, რაც არ გამოგვდის სხვას დავაბრალოთ, აქაც შეგვიძლია მასწავლებლები, სკოლა დავადანაშაულოთ. „მათი წვლილი, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ პასუხისმგებლობის საკითხი მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და ოჯახზე თანაბრად ნაწილდება. სკოლამ უნდა შეძლოს, რომ ინფორმაციის მიმღები კლასი არა მარტო მსმენელად დარჩეს, არამედ ჰქონდეს მზაობა აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში და, წინააღმდეგობის შემთხვევაში, პროტესტი გამოთქვას, მარტივად: სკოლა უნდა ეცადოს და ჩვეულებრივი კლასი გახადოს სამოქალაქო, აქტიური საზოგადოება, რომელიც, დამერწმუნეთ, აუცილებლად დაინტერესდება არა მხოლოდ მის სკოლაში, არამედ თემში, რაიონში, რეგიონში, სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებით და მომავალში ჩვენ მივიღებთ აქტიურ, პასუხისმგებლიან, ინფორმირებულ მოქალაქეს. ფაქტია, საჯარო სკოლების ცხოვრება მხოლოდ სასკოლო საათებით, დასვენებებითა და ექსკურსიებით შემოიფარგლება, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს: არის კი ამ სკოლებში თვითმმართულობები? კვლევა გვიჩვენებს, რომ, დიახ. მაშინ ჩნდება მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი შეკითხვა: თუკი არსებობენ თვითმმართველობები, რა არის მათი მუშაობის შედეგი, რატომ არ არიან სკოლის მოსწავლეები ინფორმირებული, როდის ჩატარდა არჩევნები, ვინ მონაწილეობდა, მათი საფეხურიდან ვინ არის წარმოდგენილი და ა.შ.“
ლევან ყაულაშვილი მიიჩნევს, რომ პროექტის იდეა არა მხოლოდ თვითმმართველობისთვის მნიშვნელობის დაბრუნებაა, არამედ სხვადასხვა სკოლების თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს რაიონში სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას, მოსწავლეების დაინტერესებასა და მოიტანს შედეგს, როდესაც მოსწავლე არის არა შემსრულებელი, არამედ ინიციატორი.
და მაინც, რატომ ვერ თუ არ უზრუნველყოფს სკოლა მოსწავლეთა თვითმმართველობის როლისა და სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოსწავლეებისთვის? „თეორიულად, ის რასაც აქტიური სკოლის მოდელი ჰქვია, ხორციელდება სასკოლო ცხოვრებაში. არსებობს საგანი სამოქალაქო განათლება, არსებობენ აქტიური მოსწავლეები, მასწავლებლები, მაგრამ ფაქტია, ეს არ არის საკმარისი, რომ გვყავდეს პრაქტიკაზე დაფუძნებული ქმედუნარიანი სასკოლო თვითმმართველობა. ისეც არ მინდა გამოვიდეს, რომ საერთოდ ყველა სკოლა ასეა, პირიქით, ასეთი სკოლები ცოტაა, მაგრამ ჩვენი სურვილი სწორედ მათი გააქტიურება და წინა პლანზე წამოწევაა.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია პროექტში ჩართული მხარეების აღნიშვნა. იდეა წარვადგინეთ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში და „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ფორუმზე. პროექტი განხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ჩართულია ქარელის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლა, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მე, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, რომელიც დადებით და კარგ გამოცდილებას ვუზიარებ მონაწილეებს,“ — ამბობს ლევან ყაულაშვილი.
ბებნისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანი სიმონიშვილი გვიყვება, რომ სკოლაში თვითმმართველობა არსებობდა, თუმცა მოსწავლეთა დიდ ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების ფარგლებში კი, მაქსიმალურად შეეცდებიან, მიაწოდონ ინფორმაცია თვითმმართველობის შესახებ სკოლის თითოეულ მოსწავლეს. „თვითმმართველობის ორგანოში დიდი ხანი არა, მაგრამ აქტიურად ვარ ჩართული და სკოლის პედაგოგებთან, დირექციასთან, რესურსცენტრსა და მოსწავლეებთან ერთად ვიბრძვი იმისათვის, რომ ჩემს სკოლაში აქტიურად იმუშაოს მოსწავლეთა თვითმმართველობამ. რაც შეეხება სასკოლო თვითმმართველობის მნიშვნელობას, ამის შესახებ ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგი. ვფიქრობ, თვითმმართველობას დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლებში, რადგან სკოლა ის ადგილია, სადაც ხდება პიროვნების ჩამოყალიბება, თვითმმართველობა კი სასკოლო დემოკრატიის ყველაზე ნათელი წერტილია. სწორედ ამის მეშვეობით მოსწავლე მცირე ასაკიდან გრძნობს, ხედავს და ესმის დემოკრატიის მნიშვნელობა, რაც ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე იძლევა საფუძველს, რომ გახდეს სრულფასოვანი მოქალაქე, რომელსაც ღრმად აქვს გააზრებული საკუთარი უფლებები და მოვალეობები, ასევე იცოდეს რას ნიშნავს იყო თავისუფალი მოქალაქე და შენს მცირედ სურვილსაც კი ჰქონდეს მნიშვნელობა.“
საჭიროა მეტი ძალისხმევა დაიხარჯოს საერთო თვითშეგნების ამაღლებაზე, მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა და სკოლის თემისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რას გულისხმობს რეალურად დემოკრატიული სკოლა. ასევე მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც მიუთითებს სკოლის დემოკრატიული მართვის დადებით შედეგებზე. იმისთვის, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღოს სკოლაში მიმდინარე პროცესებში, უნდა იცოდეს საკუთარი უფლება-მოვალეობები. მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში მას დაეხმარება, გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები, საჭიროებები, როლი, სარგებელი და პასუხისმგებლობა სკოლის და შემდგომში ქვეყნის წინაშე.