ქეთევან მეგრელიშვილი – სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რას მოითხოვს სკოლის დირექტორისგან – სახელმწიფო, საზოგადოება…
დღეს, ჩვენს ქვეყანაში, განათლების სისტემის გაუმჯობესების ინიციატორი სახელმწიფოა, სკოლის დირექტორი კი არის ლიდერი, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. იგი ცდილობს შექმნას სკოლაში ხელსაყრელი პირობები ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად: თითოეული მოსწავლე ჩამოაყალიბოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებად; მოზარდებს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები განუვითაროს, მისცეს საჭირო ცოდნა, ჩამოუყალიბოს სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
ვფიქრობ, იგივეა საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთაც და მოლოდინიც, რადგან საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესში საზოგადოება ნაკლებად აქტიურია ან იმდენად მცირე ნაწილია ჩართული, რომ არ შესწევს ძალა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისათვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის ლიდერის – პასუხისმგებლობებიდან
სკოლაში შევქმნა პოზიტიური სასწავლო გარემო, სადაც სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი თავს იგრძნობს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხოდ, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება. ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში თავად ვიყო ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობის, კეთილგანწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის მაგალითი. გამოვიჩინო თანაბარი ყურადღება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ მათი განსხვავებულობის მიუხედავად.
სკოლის მართვის მოდელი/პრაქტიკა
სკოლის მართვის ჩემეული მოდელი, ვფიქრობ, არ არის გამორჩეული და სტანდარტულად ითვალისწინებს სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ანგარიშვალდებულებების მიმართულებებით დირექტორის საქმიანობას. ძირითად მიღწევად კი ვთვლი სკოლაში პოზიტიური სასკოლო კულტურის დამკვიდრებას. ვცდილობ, ეს კულტურა სკოლის ტრადიციად ვაქციო. მინდა მდგრადად გვქონდეს სკოლაში თანამშრომლობითი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობები, გარემო, სადაც გაზიარებული პასუხისმგებლობით ყველა ხალისით და პროდუქტიულად აკეთებს თავის საქმეს.
ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი და დასახვეწია მონიტორინგის, შეფასებისა და შესაბამისი უკუკავშირის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სკოლის განვითარების პოტენციალის შეფასებას, შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების სწორად დაგეგმვა-განხორციელებას და შესაბამისად, სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს. ასევე, მიუხედავად არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისა (მიმდინარე მცირე სარემონტო სამუშაოები, ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი, ადაპტირებული შიდა სანიტარიული კვანძის მოწყობა), ბევრი სამუშაო გველის წინ თანამედროვე სტანდარტის ფიზიკური გარემოს უზრუნველსაყოფად. ვგულისხმობ საბუნებისმეტყველო მეცნიერების ლაბორატორიისა და კომპიუტერის ლაბორატორიის ახალი კომპიუტერებით აღჭურვას, ახალ მერხებს, განახლებულ სპორტულ დარბაზებსა და მოედნებს თუ სკოლის სრულ რეაბილიტაციას.
სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თანამშრომლობა
თუ ჩვენი სასკოლო ცხოვრებიდან დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თანამშრომლობის ისტორიას გადავხედავთ, ამ სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სკოლის დირექტორი. შეხვედრები, ძირითადად, ინიცირებულია სკოლის მხრიდან და შემოიფარგლება კანონმდებლობით გაწერილი ძირითადი ვალდებულებების და ფუნქციების შესრულებით.
ზრდის თუ არა დღევანდელი სკოლა აქტიურ – მოქალაქეებს
ზრდის, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა თითოეულმა სკოლამ თითოეული მოსწავლე შეაიარაღოს იმ საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომელიც მას ჩამოაყალიბებს მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებულ აქტიურ მოქალაქედ. ჩვენი სკოლის მისიაა, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობით, თითოეულ მოზარდში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება უზრუნველვყოთ.
რა ხელშეწყობა სჭირდება დღეს სკოლის – დირექტორს, რომ გაზარდოს კომპეტენციები
ვფიქრობ, დაპაუზება, დირექტორის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით, პანდემიით გამოწვეული კიდევ ერთი ნეგატიური შედეგია. იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში, ეს პროცესი სისტემატიზირდება, რადგან გარკვეული საფუძვლები არსებობს. ათეულ წელზე მეტია, რაც შეიქმნა სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი. 2020 წელს დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი, სადაც გაწერილია დირექტორის ვალდებულებები და ფუნქციები 4 ძირითადი მიმართულებით: საგანმანათლებლო ლიდერობა, სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება, თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება; თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა.
თვითგანვითარების სურვილის მქონე დირექტორებს შესაძლებლობა გვაქვს, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, ლიდერობის მიმართულებით დავესწროთ სამუშაო შეხვედრებს. დავსვათ ჩვენი სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე შეკითხვები და მივიღოთ ადეკვატური პასუხები, გავიზიაროთ სხვა სკოლების გამოცდილება. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში მონაწილე სკოლის დირექტორები ვიღებთ გამოცდილებას, უშუალოდ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების საფუძველზე, როგორ ვაქციოთ სწავლა-სწავლების პროცესი თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებულ პროცესად. ეფექტიანი იყო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში, 2016-2018 წლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები: ტრენინგმოდულები, „ლიდერობის აკადემია“, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, რომელიც პირადად მე მნიშვნელოვნად დამეხმარა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და კომპეტენციების ზრდაში.
თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დირექტორთა პროფესიული განვითარების, ეფექტურობის გაზრდის, მდგრადობისა და ხანგრძლივობის უზრუნველყოფის მიზნით, სასურველია ადგილზე მოხდეს, ყველა მიმართულებით, დირექტორების საქმიანობაზე დაკვირვება, შესწავლა და პროფესიული პარტნიორობა (ქოუჩინგი).
საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი ზოგად განათლებაში
რესურსცენტრი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. მისი მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, თავისი მაღალკვალიფიციური გუნდით, აქტიურად თანამშრომლობს ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო თუ კერძო სკოლასთან. ვიღებთ შესაბამის მხარდაჭერასა და კონსულტაციებს სკოლის საქმიანობის ყველა მიმართულებით. მყისიერია მათი რეაგირება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ინფორმირებულობის კუთხით, თანამშრომლობა განხორციელების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებასა და იურიდიული თუ მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევაზე.
მაგალითად მოვიყვან ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დააორგანიზა სკოლის დირექტორებისა და საგნობრივი ექსპერტების ერთობლივი შეხვედრა, სადაც დეტალურად იქნა განხილული, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, 2022 წლის აპრილსა და ივნისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი და სკოლებთან თანამშრომლობით განსახორციელებელი აქტივობები: სადიაგნოსტიკო შეფასება; პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლა; სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება რაიონულ და ეროვნულ დონეზე; სასკოლო სასწავლო გეგმების დანართების მზადება 2022-23 სასწავლო წლისთვის; მოსამზადებელი სამუშაოები საშუალო საფეხურზე, მეათე კლასში, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის დასაწყებად.
აღნიშნული მიმართულებებით ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო სამუშაო პროცესებს, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორებისა და საგნობრივი ქოუჩების დახმარებით, წარუძღვებიან საგანმანათლებლო რესურსცენტრები.