ქალაქ ფოთში, აკაკის ქუჩაზე, საუკუნეზე მეტია დგას თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლა, რომლის კედლებში მრავალ თაობას გაუვლია ცოდნის ურთულესი ლაბირინთები, სკოლა, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩვენს ქალაქში ცოდნის ტაძართა მშენებლობის ისტორია, სწავლა-განათლების ლამპრის ანთება.
XIX საუკუნის 60-იანი წლები…
თურქთა საუკუნოვანი ბატონობისაგან განთავისუფლებული ჩვენი ქალაქი იწყებს განახლებასა და აღმშენებლობას. რუსეთის მეფის ბრძანებით, 1858 წლის 18 ნოემბერს, ფოთი გამოცხადდა სანავსადგურო ქალაქად, ხოლო 1863 წელს დაიწყო ნავსადგურის მშენებლობა.
აღორძინების გზაზე დამდგარი ქალაქის სამეურნეო პერსპექტივები მოითხოვდა საჭირო ცოდნის ადამიანებს, რომლებიც ადგილზე უნდა მომზადებულიყვნენ. სწორედ ამიტომ, მოსახლეობისა და ქალაქის მმართველობის მოთხოვნით, 1867 წლის სექტემბრიდან, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ნებართვით, ფოთში გაიხსნა დაწყებითი სასწავლებელი სწავლების ორი წლის კურსით, სწავლება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე.
დროის შესაბამისად იცვლებოდა სწავლების ფორმა და შინაარსი – სამეგრელოს სამაზრო სასწავლებელი, სამკლასიანი, ოთხკლასიანი, ექვსკლასიანი, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, პირველი საბჭოთა შრომის სკოლა, პოლიტექნიკური ათწლედი, სანიმუშო პირველი სკოლა – ასე იწოდებოდა იგი სხვადასხვა დროს. 1944 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლად, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ, 1954 წლიდან შემოღებულ იქნა ქალ-ვაჟთა ერთად სწავლება და იწოდებოდა ფოთის პირველ საშუალო სკოლად.
ტაძარი ქრისტიანული რწმენისა და სიყვარულის შესაკრებელია, ასეა სკოლაც – იგი ცოდნის ტაძარია და ამიტომაც სიყვარულით, სისათუთით აგებდნენ ადამიანები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ქართველი მოქალაქის, ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევა და ინიციატივა – 1898 წლის 21 მაისს ქალაქის თავმა, ქალაქის მმართველობის სხდომაზე, მოითხოვა, რომ სამეგრელოს ექვსკლასიანი სასწავლებლისათვის აშენებულიყო ორსართულიანი ქვის შენობა. ახალი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა დამტკიცდა 1902 წლის 18 ივნისს. სკოლის შენობას საძირკველი ჩაეყარა 1902 წლის 20 ივნისს. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს ესწრებოდნენ: ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი, ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი და სხვა პირები. 1904 წლის ზაფხულში დასრულდა მშენებლობა და, 1904 წლის პირველი სექტემბრიდან, სამეგრელოს ექვსკლასიანმა სასწავლებელმა მუშაობა დაიწყო ახალ შენობაში.
1961 წელს პირველ საშუალო სკოლას გამოეყო მეშვიდე საშუალო სკოლა, ხოლო მოგვიანებით – მე-9 საშუალო სკოლა. მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდის გამო, 1963 წელს აშენდა მეორე კორპუსი.
რამდენი სტუმარი ჰყოლია სკოლას – ქართველი, უცხოელი, ყველა აღუფრთოვანებია შენობის განსხვავებულ არქიტექტურას, რომელიც გამოირჩევა სისადავითა და მონუმენტურობით, ერთდროულად. დღეს იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
პირველი სკოლის ჭერქვეშ ათასობით ახალგაზრდა აღიზარდა და დადგა ცხოვრების სწორ გზაზე. მათ შორის იყვნენ და დღესაც არიან მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, მედიცინის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების რიგითი მუშაკები და შესანიშნავი ხელმძღვანელები.
სხვადასხვა დროს ფოთის პირველ საშუალო სკოლაში (მაშინდელ ექვსკლასიან სასწავლებელში) სწავლა-განათლება მიიღეს ისეთმა გამოჩენილმა მეცნიერებმა, როგორებიც არიან: აკადემიკოსები – ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩიტაია, შალვა ამირანაშვილი, პავლე ინგოროყვა, თეოფანე დავითაია; პოეტი ალიო მირცხულავა, მწერალი როდიონ ქორქია, იონა ვაკელი (მეგრელიძე), პოეტი ჯემალ ჩახავა. ჩვენი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია ბ-ნი გოჩა ლორთქიფანიძე – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე.
1981 წელს სკოლას დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახელი მიენიჭა. მრავალი ღირსეული და სახელოვანი მასწავლებელი აღიზარდა პირველი სკოლის კედლებში, რომლებმაც სათავე დაუდეს სხვადასხვა საგნის სწავლების ტრადიციებს. რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქე, ქალბატონი თინა ჭოჭუა, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, მშობლიურ სკოლაში იწყებს მოღვაწეობას. 1941 წელს, მისი ინიციატივითა და თავდაუზოგავი შრომით, შეიქმნა ქიმიის კაბინეტ-ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია სათანადო ხელსაწყოებითა და თვალსაჩინოებით.
დღეს ეს ლაბორატორია ქალბატონი თინა ჭოჭუას სახელობისაა. ქიმიის სწავლების ტრადიციები გრძელდება. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს თინა ჭოჭუას მოსწავლე – ქ-ნი ნატრული ტაბიძე. იგი 82 წლისაა და კვლავ ენერგიულად უძღვება თავის საქმეს. მისი ინიციატივით, ქიმიის ლაბორატორია სრულად განახლდა 2020 წელს. სამუშაოები განხორციელდა კომპანია „EYGeorgia“-ს დაფინანსებით, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ რუსლან ხოროშვილი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ქ-ნ ნატრული ტაბიძეს, 2021 წელს, მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. იგი დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით.
დღეს 864 მოსწავლის აღზრდა-განათლების საქმეს სკოლის უფროსი და წამყვანი მასწავლებლები ემსახურებიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ზოგადი განათლების რეფორმის პროცესში. „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის წარმატებულმა ნაბიჯებმა ხელი შეუწყო სასკოლო კულტურის განვითარებას, არაფორმალური განათლების გაძლიერებას, რის შედეგად კიდევ უფრო კრეატიული და ნაყოფიერი გახდა სასკოლო ცხოვრება. სკოლაში დანერგილია პროექტებით სწავლება, რამაც მოსწავლეებში კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნების, პრეზენტაციის უნარები განავითარა; სკოლაში ჩამოყალიბებულია სამოქალაქო განათლების კლუბი „დემოსი“, რომელშიც გაერთიანებული არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები (კლუბის მეურვე – სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია გვასალია).
განხორციელებული პროექტების შედეგია, რომ ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელის წევრია. 2022 წლის 7-9 დეკემბერს, ქალაქ სტრასბურგში, გაიმართა ამ ქსელის წევრების შეხვედრა. საქართველოდან შეხვედრაზე მიწვეული იყო 7 სკოლის წარმომადგენელი, მათ შორის გახლდით მეც, როგორც ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი და №3 სკოლის დირექტორი ლელა კემულარია, ერთობლივი პროექტით „ჩვენი ხმა სკოლაში“.
№1 საჯარო სკოლაში შექმნილია დემოკრატიული გარემო დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებისთვის. 2023 წელს სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი.
მოამზადა ნონა ჟვანიამ
რედაქციისგან: 2007-2023 წლებში სკოლას ხელმძღვანელობდა ქ-ნი ნონა ჟვანია, რომელიც ორჯერ ზედიზედ იყო არჩეული სკოლის დირექტორად. ამჯერად იგი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლის დირექტორია, ხოლო №1 საჯარო სკოლის დირექტორად არჩეულია ბაქარ ერაგია.