27 ივლისი, შაბათი, 2024

სინთეზური ესე – კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარების საშუალება

spot_img

ნატალი ედიგაროვი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

სინთეზური თხზულება არის აკადემიური წერის ერთ-ერთი სახეობა. აღნიშნულ ნაშრომში ავტორი გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით. ის თავისი არსით ჰგავს არგუმენტირებულ ესეს, თუმცა საკუთარი თვალსაზრისის არგუმენტად ან კონტრარგუმენტად იშველიებს კონკრეტულ წყაროს, აანალიზებს, აკრიტიკებს მათ და გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები. საბოოლოდ კი, სხვადასხვა ინფორმაციის მიმოხილვის ფონზე, აყალიბებს პირად თვალსაზრისს.

სინთეზურ ესეს, როგორც ჟანრს, საფუძველი ჩაეყარა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ტერმინი „სინთეზი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან „synthesis“, რომელიც ნიშნავს შეერთებას, გაერთიანებას. აკადემიურ მწერლობაში სინთეზი გულისხმობს სხვადასხვა წყაროების გაერთიანების პროცესს, კონკრეტულ თემაზე ახალი იდეის ან პერსპექტივის ჩამოსაყალიბებლად.

კვლევები ადასტურებს, რომ კრიტიკული და ანალიტიკური უნარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, სინთეზური თხზულება კი საუკეთესო საშუალებაა აღნიშნული უნარების გასავითარებლად. ამგვარი ნაშრომი მოითხოვს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზს, შეფასებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას.

სინთეზურ თხზულებაზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება. ის საშუალებას იძლევა, რომ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით მათ შეისწავლონ სხვადასხვა წყარო, გაიფართოვონ თვალსაწიერი და შეძლონ სხვადასხვა, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო, ინფორმაციის დამუშავება, მათ შორის კავშირებისა და განსხვავებების აღმოჩენა, ინფორმაციის შეფასება და პირადი თვალსაზრისის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ წყაროში მოცემულ ინფორმაციას კრიტიკულად განიხილავდეს ავტორი, არგუმენტირებულად ეთანხმებოდეს ან უარყოფდეს მას.

სინთეზურ ესეზე მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს, განივითარონ კვლევითი უნარები. აღნიშნული ნაშრომის შესასრულებლად მათ უნდა მოიძიონ ინფორმაცია, ჩაატარონ გამოკითხვა, გააანალიზონ შედეგები. აღნიშნული პროცესის მეშვეობით, მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ ამოიცნონ სანდო წყარო და როგორ გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია. დღეს, როდესაც სხვადასხვა არხებით ჭარბად მოგვეწოდება მცდარი ინფორმაცია, აუცილებელია, ინდივიდს შეეძლოს ინფორაციის სანდოობის შემოწმება.

სინთეზური თხზულება, როგორც ჯგუფური დავალება, გამოვიყენე მე-10 კლასში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ განსახილველად. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს გავაცანი მისი ჟანრული მახასიათებლები, სტრუქტურა და წერის სტრატეგიები. პოემის ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კლასი დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს დასამუშავებლად მივეცი ტექსტიდან სხვადასხვა აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

♦ სიყვარული „ვეფხისტყაოსანში“;

♦ გულანშაროს სამყარო;

♦ „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება;

♦ რუსთველის ზნეობრივ-ეთიკური კოდექსი;

♦ საჩოთირო ეპიზოდები „ვეფხისტყაოსნიდან“.

აღნიშნული დავალების მოსამზადებლად მოსწავლეებს მივუთითე რამდენიმე წყარო და ვთხოვე, თავადაც მოეძიებინათ საკითხთან მიმართებით გამოთქმული მოსაზრებები, წერილები.

მათ წარმატებით გაართვეს თავი დავალებას, კრიტიკულად მიმოიხილეს წყაროებში წარმოდგენილი ინფორმაცია და, საკუთარ ნააზრევთან შეწყმით, ჩამოაყალიბეს განსახილველი თემა. აღსანიშნავია მოსწავლეების მონდომება და ინტერესი დავალების მიმართ. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა წყაროებზე მუშაობა. ერთი მხრივ, გაიფართოვეს თვალსაწიერი, მეორე მხრივ კი განივითარეს კრიტიკული, კვლევითი, ანალიტიკური უნარები, კიდევ ერთხელ გაიხსენეს წერის სტრატეგიები და გამოიყენეს პრაქტიკაში.

დასასრულს, შემიძლია ვთქვა, რომ სინთეზური თხზულება შესანიშნავი გზაა მოსწავლეებისთვის, რათა განივითარონ კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნებისა და არგუმენტირებლი მსჯელობის უნარები, მიიღონ მეტი ინფორმაცია და ჩაუღრმავდნენ საკითხებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://eliteessaywriters.com/blog/synthesis-essay/

https://essaypro.com/blog/synthesis-essay

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები