ნინო დოლენჯაშვილი
გოგიტა კიკნაძის სახ. თბილისის №182 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
სწავლა-სწავლების პროცესი და თანამედროვე მიდგომები, ცხადია, მასწავლებელს ავალდებულებს, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, გადახედოს გამოცდილ მეთოდებს, დაახარისხოს და გამოიყენოს ისე, რომ მკვეთრად გააუმჯობესოს მოსწავლეთა შედეგები. ჩვენ, მასწავლებლები, მარადიულად ვეძიებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკას, ურთიერთთანამშრომლობითა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ვნერგავთ სიახლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში. ძველი ქართული მწერლობის სწავლებისას ძალიან დიდ პრობლემას ქმნის არქაული მეტყველება, ამიტომ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ იმ საკითხზე, რამდენად უჭირთ მოსწავლეებს კონკრეტული საკითხის ფართოდ გაშლა.
მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, როგორ ავხსნიდი ერთ-ერთ გამორჩეულ საკითხს – „სიკეთისა და ბოროტების“ თანაარსებობა „ვეფხისტყაოსანში“. პოემა, რომელიც ნამდვილად არის ფასეულობათა ტრაქტატი, იმავდროულად, ამოუწურავი საბადოა ისეთი აქტუალური თემებისა, როგორიცაა: ქალისა და კაცის თანასწორობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სამართლის უზენაესობა, რაც, ბუნებრივია, დააინტერესებს მოსწავლეს მაშინ, თუ მასწავლებელი საინტერესოდ მიაწვდის. სიკეთისა და ბოროტების თანაარსებობა სამყაროს დუალურ საწყისს უკავშირდება – ცხადია, სინათლე ვერ იარსებებს სიბნელის გარეშე, ისე როგორც ბოროტება – სიკეთის და მაინც, ბოროტებაც ხომ სიკეთის ნაკლებობაა. რეალურად, სამყაროს წესრიგი ვერ იარსებებდა, ორ საწყისთა შორის არჩევნის გაკეთება რომ არ უწევდეს ადამიანს. თვითონ ადამიანიც ხომ ორი საწყისის ერთობაა: სულისა და ხორცის. შესაბამისად, მოსწავლეებს აქვთ ცოდნა ქართული სასულიერო მწერლობისა, მათ უკვე შეისწავლეს მარტვილთა ცხოვრების წესი, მათ მიერ არჩეული სვლა სულიერი იდეალებისკენ, შესაბამისად, შევახსენებ შუშანიკის არჩევანს, როგორც თავისუფალი ადამიანის, რომელიც ღიად აცხადებს პავლე მოციქულის სიტყვებს: „არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყნენ“. არჩევანის თავისუფლების განმარტება მოსწავლეებს დაეხმარება განსაზღვრონ, რამდენად აუცილებელია სხვადასხვა ცნებათა თუ მოვლენათა თანაარსებობა, მათ შორის ბრძოლა და ადამიანის გონის დაკვირვებით ჭეშმარიტების ამოცნობა. ფაქტობრივად, მთელი პოემა მიეძღვნა თინათინის იმ მოსაზრებას, რომელიც ფსევდო-დიონისე არეოპაგელის მოძღვრებას ემყარება – სიკეთე მარადიული არსია. როსტევანისა და თინათინის შეხვედრის ეპიზოდში შეუძლებელია, არ ვახსენოთ თაობათა განსხვავებული შეხედულება, ნების სიმტკიცე, ცხოვრებისადმი განსვავებული დამოკიდებულება. მეფე, რომელიც მაქსიმუმს აღწევს სახელმწიფოს მართვის საკითხში, პირველივე დაბრკოლებაზე, როგორ ავლენს სისუსტეს, მეტიც, უფალსაც კი უპირისპირდება: „უცილოდ ღმერთსა მოვძულდი აქამდის მე მხიარული“. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „მორჭმულ“ მეფეს დახმარება სჭირდება. აქედან გამომდინარე, გამარტივდება მოსწავლეებისათვის სიტყვა „თანაზიარობის“ მნიშვნელობის განმარტება, რაც, თავისი არსით, სიკეთის გამოხატულება, მისი არსის დუალური აღქმაა, რომ ის ვერ იარსებებს ორი სუბიექტის გარეშე. ცხადია, სიკეთის წარმომავლობაც საკრალური რომ არ ყოფილიყო, მიწაზე მისი ადგილი არ იქნებოდა. საინტერესოა, რას ეტყვის „მუფარახად“ წოდებული თინათინი მამას, რომელმაც უკვე გააცხადა თანაზიარობის აუცილებლობა: „ხანი გამოხდა, იკითხა: ნეტარ, რასა იქმს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო“. ცხადია, ყველას სჭირდება „მაჯასისა შემტყვებარი“, განსაკუთრებით ძლიერთ, რადგან მათ უფრო უჭირთ ხელმოცარვა. თინათინი განასახიერებს მკურნალს, რომლისგან დიდი სიკეთე უნდა დაიბადოს, გამოცდილი მმართველი უდიდეს ჭეშმარიტებას უნდა აზიაროს, მეტიც, კაცთა ბუნება გააკრიტიკოს, რადგან ბედისადმი საყვედური ამ მოდგმის გამორჩეული თვისებაა: „ჰე, მეფეო, რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?“ ამ სტრიქონზე განსაკუთრებულად უნდა გაკეთდეს აქცენტი, რადგან ღმერთი და ბედისწერა ერთმანეთს მოიცავს. ღმერთის გარეშე ვერ იარსებებს ბედისწერა. ავათანდილი ამბობს: „განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი, მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი“. ამ მაგალითებით გამარტივდება ბედისწერისა და ღმერთის დაკავშირება. ამ საკითხის ახსნისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზგასმა ანტიკურ ფილოსოფიასა და ძველბერძნულ წარმოდგენებზე სამყაროზე. ანტიკურ საზოგადოებაში, სადაც მრავალღმერთიანობა აღიარებულია, ღმერთი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ყოვლისშემძლე და მპყრობელი, ამიტომაც კონტრასტული სურათის შესაქმნელად, გამოიკვეთებოდა განსხვავება ქრისტიანულ რელიგიასა და ანტიკურ მითოლოგიას შორის, სადაც ერთ შემთხვევაში ღმერთია „უფალი უფლებათა“, მეორე შემთხვევაში კი ბედისწერა განაგებს ყველასა და ყველაფერს. „ვეფხისტყაოსანში“ ღმერთის, აბსოლუტურობის გარდა, მისი ნების გარდაუვალობაცაა გაცხადებული. ღვთისმოშიში პერსონაჟები მისი რწმენის გარეშე არ მოქმედებენ. პირველი, ვინც უფლის კეთილ საწყისს გააცხადებს, თინათინია: „ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს“. ეს რწმენა მკვიდრდება პოემაში, რომ სიკეთე ღვთისგან მომდინარეობს, რომ ღმერთი „ყოველთათვის ტკბილი მხედია“ და სიკეთე მარადიული სუბსტანციაა ბოროტებასთან თანაარსებობითა და ბრძოლით. მეტიც, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საკითხზე, რამდენად შეიძლება იქცეს ბოროტება სიკეთის წინაპირობად? მოსწავლეებს უნდა შევახსენოთ ბოროტი ძალის არსებობა ვისთან არის დაკავშირებული პოემაში. „ქურდნი ვნახე, რომე შენთვის სიტყვა რამე გაემკვახა“, რომელშიც მოიაზრებიან ხატაელი ძმები და ასევე მეკობრეებიც უნდა ვახსენოთ, რადგან ორივე შემთხვევაში ამ ძალასთან არის დაკავშირებული სასიკეთო გარდატეხა ავთანდილის ცხოვრებაში. რა რწმენა ყალიბდება პერსონაჟებში გამოცდილების შედეგად? ავთანდილი ასე აფასებს ბოროტებას: „უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია“. საბოლოო აზროვნებისა და რწმენის ჩამოყალიბებამდე, შედეგია აუცილებელი, სხვანაირად ძირეული გარდატეხა ვერ მოხდება. საბოლოო რეზულტატი სიკეთისა და ბოროტების თანაარსებობით დგება. ჭაშნაგირის სიკვდილი ხსნის გზას ბოროტების საბოლოო დამხობისკენ. ავთანდილის არაგულწრფელი ურთიერთობით იბადება, ფატმანის სახით, ბნელში ნათელი და, შესაბამისად, ამ ორი პერსონაჟის მიგნებული ჭეშმარიტების საძირკველიც ხომ ბოროტება იყო, რათა იდეალური სამყაროსა და „ბინდისგვარი სოფლის“ მკვიდრთ საერთო სიმართლე გამოემზეურებინათ მას შემდეგ, რაც მთვარე გველისგან თავისუფლდება. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია,“ – ამბობს ავთანდილი და ამ სიტყვებს ეუბნება ყველაზე დიდი სიკეთის მთესველ ასმათს. ავთანდილის ეს მიგნება მაინც გამოცდილ ცოდნას ემყარება, რომელსაც პოემაში გადამოწმება დასჭირდა, რაც ვფიქრობ, მიზანმიმართული მოქმედებაც იყო, ბნელი სამყაროს მკვიდრისთვის ეს ჭეშმარიტება დაემტკიცებინა, რადგან ფატმანისთვის ეს ცოდნა ნესტანის გათავისუფლების შემდეგ ყალიბდება, სიხარულით გააცხადოს: „ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი“.
ასე რომ, ასეთი ნაწარმოებების შესწავლისას მასწავლებლებმა, კონკრეტული თავების შესწავლისა და დამუშავების შემდეგ, კონკრეტული თემები მთლიანობაში უნდა განიხილონ, რათა აღარ იყოს ის პრობლემა, რომელზეც ხშირად ვაკეთებთ აქცენტს, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ ლოგიკური კავშირების დამყარება ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს შორის, ლიტერატურული პარალელების გავლება. ასეთი მიდგომა გააუმჯობესებს მოსწავლეთა შედეგებს, დახვეწენ მსჯელობას და შეძლებენ ამა თუ იმ საკითხის სიღრმისეულ გააზრებას.