ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, სექტემბრიდან სწავლების შერეული მოდელის ამოქმედება განიხილება, რაც გლობალურად აღიარებულია და ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებასაც და საკლასო სწავლებას. მისივე განმარტებით, ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება ამბობს, აცხადებს, რომ ამ მოდელის დეტალებზე უმჯობესია განათლების სამინისტროსგან მივიღოთ პასუხები, თუმცა, მისი აზრით: „ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინკლასები. არის გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლის განვითარება ონლაინსწავლებით შესაძლებელი არ არის. ამას სჭირდება უშუალოდ საკლასო ან პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია, ონლაინმექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული“. მისივე თქმით, სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები ამ დღეებში დასრულდება და გამოქვეყნდება.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ეპიდსიტუაცია ჯერ აბსოლუტურად კონტროლირებადია: „ვირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული. არის ერთეული შემთხვევები, რომელზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს და კვლევის შედეგებს ველოდებით, სადაც წყარო ცალსახად იმპორტირებული არ არის.
რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სამზადისს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ მოსალოდნელ რისკებზე სწავლის დაწყებისთვის. თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს“.