10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სექტემბრიდან კერძო ბაღებში გადასახადი 10-15 პროცენტით იზრდება

spot_img

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის, 16 ათას გამოყოფილ ადგილზე, ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს 10 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები.

რაც შეეხება კერძო ბაღებს, რეგისტრაცია დაწყებულია და, ქვეყნის მასშტაბით, 13 500 ადგილია განკუთვნილი.  მოიმატა თუ არა მომხმარებელთა რაოდენობამ კერძო საბავშვო სააღმზრდელო დაწესებულებებში და როგორია, ამ მიმართულებით, პანდემიის ეკონომიკური მაჩვენებლები – ამ თემაზე 24 მაისს კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა, პავლე ქალიაშვილმა TV პირველის ეთერში ისაურა.

„ერთი წელია უკვე სრულად ფუნქციონირებს კერძო საბავშვო ბაღები, რამდენიმე დახურული ბაღიც აღდგა და სხვა ახალი ბიზნეს ოპერატორები შეემატა. რაც შეეხება კოვიდს, რასაკვირველია, დიდი გავლენა ჰქონდა პანდემიას ბაღებზე.  მოგეხსენებათ, რომ 2019 წლიდან 2020 წლის ბოლომდე დახურული იყო საბავშვო ბაღები, რის გამოც  მძიმე ფინანსური კრიზისი განვიცადეთ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ სტაბილური მდგომარეობაა, მზარდია დინამიკა და როგორც გითხარით, შეინიშნება ახალი ბიზნეს ოპერატორების გამოჩენა ბაზარზე. ბავშვთა რაოდენობა განსაზღვრულია საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და აქაც მატება აღინიშნება, 2020 წელთან შედარებით.  კერძო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და, დაახლოებით, 13 500 ადგილია გამოყოფილი, რომელსაც სრულად ავითვისებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.“

არის თუ არა მოსალოდნელი ფასის მატება კერძო საბავშვო ბაგა-ბაღებში? პავლე ქალიაშვილი ამბობს, რომ ფასების მატება გარდაუვალია: „2021 წლის დასაწყისში გვქონდა ფასის მატება, დაახლოებით, 15 პროცენტით, მას შემდეგ  ცვლილება აღარ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირდა – პროდუქტთან მიმართებაში ფასების კატასტროფული მატება გვაქვს. სექტემბრიდან, ახალი სეზონიდან, აუცილებლად გაიზრდება ფასი, დაახლოებით, 10-15 პროცენტით. ახლა რაღაცნაირად ხელოვნურად ვინარჩუნებდით აღნიშნულ ფასს, მაგრამ ახალი სასწავლო წლიდან გადასახადი მოიმატებს.“

დღევანდელი მონაცემებით, კერძო ბაღის საშუალო გადასახადი  ხუთასი ლარია. გამოიწვევს თუ არა გადასახადის ზრდა აღსაზრდელთა შემცირებას? რა მოლოდინი აქვს  კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელს? მისი აზრით, მომხმარებლის შემცირებას არ ელოდებიან, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ სერვისს, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობენ. მეტიც, ამბობს, რომ პანდემიის პირობებშიც კი გაზრდილია მოთხოვნა კერძო სექტორზე, ამიტომ, მისივე ვარაუდით, გამოყოფილი 13 500 ადგილიდან, შეიძლება, მოთხოვნა 17-18 ათასზეც ავიდეს. „რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა აუცილებლად შეივსება და იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ ამაზე გავლენას ვერც გადასახადის მინიმალური მაჩვენებლით ზრდა ვერ მოახდენს. იმდენად დიდი სერვისი გვაქვს, რომ 10-15 პროცენტი არაფერს ცვლის. თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილებაც გამოუვალი სიტუაციის გამო მივიღეთ, ფიზიკურად აღარ შეგვიძლია ასე გაძვირებული პროდუქტის შეძენა. იმდენი გაუთვალისწინებელი ხარჯი გვაქვს, რომ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ.“

მისივე თქმით, აღსაზრდელების რაოდენობის მატებას ისიც განაპირობებს, რომ საჯარო ბაღებისგან განსხვავებით, კერძო სექტორი სრული დატვირთვით მუშაობს 1-დან 2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებთან. „ბაგის ჯგუფებზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ დღესაც არც ერთ ბაღში  არც ერთი ადგილი არ არის ამ ასაკის ჯგუფში. საჯარო ბაღებს ბაგის ჯგუფები არ აქვს და შესაბამისად, ეს ტვირთი მთლიანად კერძო ბაღს დააწვა.“  

მთავარ პრობლემაზე საუბრისას, კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობის ადამინისტრაციასთან კომუნიკაციას ასახელებს და ამბობს, როგორც ყოველთვის, ეს დღესაც სერიოზულ პრობლემად რჩება.  „ყველა გზით ვცდილობთ, მოვახერხოთ ურთიერთობა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, დღესაც გვიჭირს. ხელისუფლებასთან, ძირითადად, წერილობითი კომუნიკაცია გვაქვს –  კონკრეტული პრობლემით რომ მივმართავთ მთავრობას, როცა პასუხს გვიბრუნებენ, ის პრობლემა უკვე  მოგვარებული გვაქვს ხოლმე საკუთარი ძალებით. შესაბამისად, აზრიც აღარ აქვს პასუხის დაბრუნებას.“

მთავარ საკითხად კი, რომელზეც მთარობასთან კომუნიკაცია სურს, ახალი კანონპროექტია, რომელიც კერძო და საჯარო ბაღების რეგისტრაციის ერთ პორტალზე განთავსებას ითვალისიწინებს: „ბევრი შეკითხვა აქვს კერძო სექტორს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ვიცი, კანონპროექტი დამუშავების პროცესშია და იმედია, ჩვენთვისაც მალე გახდება ცნობილი დეტალების შესახებ.“

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები