26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

სენსორული ოთახი სსსმ მოსწავლეებისთვის

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის №200 საჯარო სკოლაში, სენსორული ოთახი მოეწყო, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეგრძნებების სტიმულაციის მეშვეობით სწავლის პროცესში დაეხმარება.

მულტისენსორული სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და World Vision საქართველოს დირექტორმა, ეკატერინე გურგენაძემ გახსნეს.

 

სენსორული ოთახის მოწყობასთან ერთად, World Vision საქართველოს თბილისის ურბანული პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლების გადამზადების პროექტიც განხორციელდა, რომელიც მე-200 სკოლის 20 მასწავლებლისთვის 40-საათიანი სასწავლო კურსის ჩატარებას მოიცავდა. კურსი „სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში“ გულისხმობდა მასწავლებელთა გადამზადებას, მულტისენსორულ ოთახში არსებული რესურსების გამოყენებით, მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე დგებუაძემ გადამზადებულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა, მათ კურსის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა და მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ეკატერინე დგებუაძემ, ასევე, მადლობა გადაუხადა World Vision საქართველოს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი, ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში არსებული პარტნიორობის ფარგლებში, მრავალი წარმატებული პროგრამა განხორციელდა და მომავალში სამინისტრო, World Vision საქართველოსთან ერთად, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს გეგმავს.

მინისტრის მოადგილემ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობის კუთხით, სკოლებში კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემოსა და მაღალკვალიფიციური კადრების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სენსორული ოთახისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა ემსახურება უმნიშვნელოვანეს მიზანს – მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და World Vision საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოწყობილი მულტისენსორული ოთახი წარმოადგენს მრავალფეროვანი აღჭურვილობის მქონე თერაპიულ სივრცეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ოთახში განთავსებული რესურსები მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს, შეხების, დანახვის, გემოს შეგრძნებისა თუ სხვა სენსორული სტიმულების მეშვეობით დაეუფლონ სხვადასხვა უნარს, უკეთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში და გაიუმჯობესონ ყურადღების კონცენტრაცია. ამასთან, მოზარდებს მიეცემა შესაძლებლობა, მარტივად ისწავლონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რათა შეძლონ დასწავლილი ქმედებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები