24 ნოემბერი, კვირა, 2024

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება

spot_img
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება.
დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: https://directors.mes.gov.ge
აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.
2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge
26 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:
1. სკოლის დირექტორის სტანდარტი;
2. განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები;
3. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება;
4. სასკოლო კურიკულუმის შემუშავება;
5. სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი;
6. სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;
7. ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
8. ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;
9. მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა;
10. საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია;
11. მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები;
12. სასკოლო კულტურის ფორმირება.
სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge.
ამასთან, ხშირად დასმული კითხვების ანალიზის საფუძველზე, 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებული მხარეები მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა.
ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.
♦ ♦ ♦
დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ვებგვერდზე-    https://directors.mes.gov.ge/
 სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში
დირექტორობის მსურველთა კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში.
პირებს, რომლებიც ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, შესაძლებლობა მიეცემათ, გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები